"რეზონანსი "
# 76
კვირა, 23 მარტი, 2008 წელი

ნარკოტიკები უკურნებელი ავადმყოფებისათვის

მარი ოთარაშვილი

საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვა-ამოქმედებისთვის პროექტის ავტორები იმ ახალი კანონპროექტის ამოქმედებას ელიან, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ლეგალიზებაზე იზრუნებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 1990 წლის განმარტებით, პალიატიური ჰქვია აქტიურ, მრავალპროფილურ მზრუნველობას იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

მისი უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა და ავადმყოფთა სოციალური, ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერა. პალიატიური მზრუნველობის მიზანია ავადმყოფებისა და მათი ოჯახებისთვის ცხოვრების შეძლებისდაგვარად საუკეთესო ხარისხის მიღწევა.

პროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ პაციენტებისთვის პალიატიური მზრუნველობის სრულყოფილად გაწევა საჭიროებს იმ კანონის ამოქმედებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლეგალური ოპიოიდების მსოფლიო სტანდარტებით შემოტანას და გამოყენებას.

საქართველოში ყოველწლიურად აღირიცხება სიმსივნის 8 500-ზე მეტი და აივ ინფექცია-შიდსის 300-მდე ახალი შემთხვევა. ყოველი მათგანი და ზოგიერთი სხვა სენით დაავადებული ადამიანები, რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 25 000-ს შეადგენს, გარკვეულ ეტაპზე საჭიროებენ პალიატიური მზრუნველობის სხვადასხვა ფორმას, სხვადასხვა ინტენსივობით.

ზურაბ ტატანაშვილი (საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვის მედიამხარდაჭერის პროგრამის დირექტორი): ჩვენ ვართ 5 ორგანიზაციის კოალიცია: "ფონდი საქართველოს თანატოლები", ჰუმანისტთა კავშირი, ნარკოპრევენციის ცენტრი, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი, ნარკოლოგიის ინსტიტუტი. სწორედ, ჩვენი გაერთიანება ახორციელებს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით პალიატიური მზრუნველობის მედიამხარდაჭერის პროგრამას.

პროგრამის ძირითადი მიზანია მედიის აქტიური მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს ქვეყანაში პალიატიური მზრუნველობის სერვისების ამოქმედებას, გაუმჯობესებას და გაფართოებას, რათა ადამიანებმა შეძლონ ცხოვრება ტკივილის გარეშე. პროექტი დაიწყო 2008 წლის იანვარში.

"კვირის რეზონანსი": კონკრეტულად რას გულისხმობს პალიატიური მზრუნველობა.

ზ.ტ: პალიატიური მზრუნველობის განმარტებაზე არ გადავალ და პირდაპირ ვიტყი, რომ ეს არის მზრუნელობა ისეთი პაციენტების მიმართ, რომელთა დაავადება აღარ ექვემდებარება მკურნალობას. ძირითადი არსი არის სიმპტომატური მკურნალობა, ანუ მისი ძირითადი ელემენტია ტკივილების გაყუჩება და ფსიქო-სოციალური დახმარება.

"კ.რ.": და რომელ დაავადებებს გულისხმობს.

ზ.ტ: მოიაზრება ყველა ის დაავადება, რომელიც ქრონიკულია და საბოლოო ჯამში უკურნებელია. თუმცა ძირითადად აქცენტი კეთდება ინფექციურ დაავადებებსა და აივ-შიდსზე.

"კ.რ.": რამდენად რეალურია პალიატიური მზრუნველობის არსებობა საქართველოში თუნდაც ფინანსურად.

ზ.ტ: ფინანსურად მართლაც საკმაოდ ძვირი ჯდება, მაგრამ გააჩნია რა დოზით გავაკეთებთ და რამდენად ავა საამისოდ პოლიტიკა სახელმწიფო დონეზე. ამასთან დაკავშირებით ახალ კანონმდებლობაში ცვლილებებიც შედის, რის მიხედვითაც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებისადმი ზოგადი მიდგომა უნდა შეიცვალოს. მე ვთვლი, რომ ამ მხრივ აბსოლუტურად შესაძლებელია სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესება.

"კ.რ.": ანუ პალიატიური მზრუნელობისთვის საჭიროა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ლეგალიზაცია.

ზ.ტ: საუბარია ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე. კარგი იქნება, თუ მათდამი მიდგომა შეიცვლება, რადგან საზღვარგარეთ ასეთი სახის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება აპრობირებული მეთოდია. ჩვენთან, სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ექიმმა არ იცის ამ ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება: მათი დოზების რაოდენობა მოქმედების ხანგრძლივობა, რამდენ ხანში შეიძლება მისი გამოყენება...

ამ მხრივ პრობლემა ბევრია როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე სახელმწიფოში. თუმცა ტენდენციები აშკარა გაუმჯობესებისკენაც შეიმჩნევა. დღე-დღეზე ველოდებით იმ კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც მეტ საშუალებებს მისცემს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებს უფრო უკეთ იმოქმედონ ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების მხრივ.

"კ.რ.": ე.ი. იმისთვის, რომ პალიატიური მზრუნველობა სრულყოფილად გაეწიოთ მოქალაქეებს, პირველ რიგში აუცილებელია ამოქმედდეს კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლეგალურად ნარკოტიკების მსოფლიო სტანდარტებით შემოტანა-გამოყენებას. მაგრამ ჩვენი საზოგადოება რამდენად მზად არის ამისთვის, მით უმეტეს, რომ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ექემებმაც არ იციან ოპიოიდების სწორი გამოყენება.

ზ.ტ: ნებისმიერ სფეროში გარკვეული ცვლილებების შეტანა საკმაოდ მტკინეული და რთულია. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია. კარგი იქნება, თუ ამისთვის კვლევის ორგანიზაციებსა და პროგრამებს შევიმუშავებთ, სადაც ტრენინგებს გაივლიან ის ექიმები, რომლებსაც პალიატიური მზრუნველობის მქონე პაციენტებთან მოუწევთ მუშაობა. ისინი გაივლიან ტრენინგებს და ნარკოტიკულ საშუალებებს პაციენტებისთვის უფრო კვალიფიციურად გამოიყენებენ.

უფრო მეტსაც გეტყვით - ეს წამლები რომ შემოვა, იქნება ისეთი მოთხოვნა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვინც ტრენინგები გაიარა და კვალიფიკაციაც აიმაღლა, იმას ექნება მათი მოხმარების უფლება პაციენტებზე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ოპტიმიზაცია იყო საჭირო და, როგორც უკვე გითხარით, ძალიან მალე ველოდებით ამ კანონის ამოქმედებას.

ასევე ველოდებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ამ თვალსაზრისით. კერძოდ ვგულისხმობ, თუნდაც ამ საშუალებებზე რაღაც გარკვეულ ცოდნას, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დასჭირდეს.

"კ.რ.": როდის მოხდება ეს. როდის გაივლის მედპერსონალი საჭირო ტრენინგებს და როდის შემოვა ნარკოტიკული გამაყუჩებელი საშუალებები.

ზ.ტ: რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ძირითადად დაწყებულია ამაზე სერიოზული მუშაობა. მთავრობაშიც არის გარკვეული ორგანო, რომელიც ამასთან დაკავშირებით მუშაობს.

"კ.რ.": მაშინ, როცა საკმაოდ გაახალგაზრდავდა ნარკომანია, ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპიოიდების თავისუფალი გამოყენება (რასაც ასე ძალიან ელით ახალი კანონმდებლობით) სახიფათო იქნება მომავალი თაობისთვის.

ზ.ტ: მე აქ მენეჯმენტის პრობლემას უფრო ვხედავ, ვიდრე რამე სხვა პრინციპულს. შესაძლოა თქვენ რაც თქვით იმის საშიშროება მართლაც არის, მაგრამ ნარკომანების გამო არ უნდა მოხდეს ისე, რომ პაციენტებმა ნარკოტიკები ტკივილგამაყუჩებლად ვერ გამოიყენონ; იმ პაციენტებმა, რომლებიც სიმსივნით არიან დაავადებულნი და ძალიან მწვავე ტკივილი აწუხებთ.

"კ.რ.": მაგრამ იმის საშიშროებაც ხომ არის, რომ თაობები იღუპებიან.

ზ.ტ: ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ შავ ბაზარზე ნარკოტიკის მხოლოდ 2% იტრიალებს, დანარჩენს სამედიცინო მხარე გადაინაწილებს. ანუ იმდენად მცირე რაოდენობაზეა ლაპარაკი სამედიცინო მიზნებით ნარკოტიკების მოხმარებაზე, რომ... ანუ, ჩვენ სულაც არ გვინდა ნარკომანიის პრობლემა უფრო გავამძაფროთ.

"კ.რ": პალიატიური ზრუნვის პაციენტებისთვის რამე სპეციალური კლინიკა იარსებებს.

ზ.ტ: იქნება მცირე ნაწილი პაციენტებისა, რომლებსაც პალიატიური ზრუნვა გაეწევათ. თუნდაც ბინაზე მისვლის სერვისებია გასავითარებელი. სამწუხაროდ დღეს მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს თუ ჩაუტარდება ამგვარი მკურნალობა, რადგან მეტის საშუალება არ არის.

"კ.რ": რამდენი დაუჯდება პაციენტს ასეთი მზრუნველობის მიღება.

ზ.ტ: იდეალური იქნებოდა, რომ ყველას ჰქონოდა ამის საშუალება. ჯერჯერობით კი ეს რთულია.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com