|
|
"რეზონანსი "
როგორ არჩევდნენ ქართული "ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილეებს
ბევრი ითმინა თუ ცოტა, "ვარსკვლავების აკადემიამ" ქართულ ტელესივრცეშიც შემოაღწია. ჯერ "ჯეო-ბარი", მერე "ბარი-4", ახლა კი "ვარსკვლავების აკადემია" - ამ უკანასკნელსაც (იმედია, უკანასკნელი არ იქნება) სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" წარმოადგენს, პროექტის ავტორი კი ისევ გიორგი ხაბურზანია გახლავთ. პროექტის ჩანაფიქრის მიხედვით, "ვარსკვლავების აკადემია" ის ადგილია, სადაც 12 ახალგაზრდა მომღერალი რთულ, დინამიკურ, საინტერესო და დაბრკოლებებით სავსე გზას გადის, რათა მიაღწიოს წარმატებას მუსიკალურ კარიერაში და იქცეს ნამდვილ ვარსკვლავად. პროექტი იმასაც გეგმავს, რომ "ვარსკვლავების აკადემიაში" ისევე, როგორც ნამდვილ შოუბიზნესში, შეიქმნას წარმატებული საკონცერტო ნომერი, ჰიტი. მან უნდა დაიმსახუროს არა მარტო კრიტიკოსებისა და ჟიურის მოწონება, არამედ ნამდვილი კომერციული წარმატებაც მოიპოვოს. "ვარსკვლავების აკადემიაში" ვერ ნახავთ მიკროფონთან გაშეშებულ, უხერხულად მდგარ მომღერალს, არამედ იხილავთ დასრულებული სახის მუსიკალურ ნომერს, რომელიც შეიცავს, როგორც ვოკალურ, ასევე კომპლექსურ ქორეოგრაფიულ და სხვა კომერციული სანახაობის ელემენტებს", - ასეთია ოფიციალური ინფორმაცია "აკადემიის" შესახებ. ამასთანავე, მაყურებელს შეუძლია მთელი კვირის განმავლობაში ადევნოს თვალი, რა წინააღმდეგობების გადალახვის ხარჯზე ახერხებენ კონკურსანტები კვირის ბოლოს საკონცერტო ნომრის წარმატებულად (ან იქნებ წარუმატებლადაც) წარმოდგენას. 12 კვირის განმავლობაში საუკეთესოთა შორის საუკეთესოები დარჩებიან "აკადემიაში". პროექტს გრანდიოზული ფინალური კონცერტი დაასრულებს, სადაც გამოვლინდება ქართული შოუ-ბიზნესის ახალი დიდი ვარსკვლავი. "ვარსკვლავების აკადემია" ისეთი სანახაობა იქნება, რომელიც გააერთიანებს 2 სატელევიზიო ფორმატს: რეალურ შოუს და საკონცერტო სანახაობას. რეალური შოუს ფორმატში 12 კონკურსანტი იცხოვრებს ბინაში "ვარსკვლავების აკადემიის" ტერიტორიაზე. ისინი რეპეტიციებს გაივლიან იქვე მდებარე სტუდიებში. მაყურებელს შეეძლება თვალი მიადევნოს ახალგაზრდა მომღერლების სცენის მიღმა პროფესიულ თუ პირადულ ცხოვრებას. "მაყურებლი იხილავს რთული და ინტენსიური სარეპეტიციო ცხოვრების ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს. დაინახავს კონკრეტულ პროგრესს, როგორ იხვეწება ესა თუ ის კონკურსანტი და თანდათანობით როგორ იმაღლებს პროფესიულ დონეს", - ასეთი პათოსით იუწყება "აკადემიკოსების" ცხოვრებაზე "რუსთავი 2"-ის ოფიციალური ვებ-გვერდი. ახალგაზრდა და ახალბედა მომღერლებს სამი თვე მოუწევთ ერთიან სივრცეში მუშაობა და ცხოვრობა. მაყურებელი თვალს მიადევნებს, როგორც მონაწილეთა პირად ცხოვრებას, ასევე მათ მეგობრულ, კონკურენტულ და ხანდახან ინტრიგებით აღსავსე ურთიერთობებს. ყოველდღე, კვირის გარდა, ეთერში გავა 35-40 წუთიანი დამონტაჟებული სერიები, რომელიც რეალური შოუს ჟანრში მომზადდება და ასახავს კონკურსანტების პროფესიულ და პირად ცხოვრებას "ვარსკვლავების აკადემიაში". საკონცერტო სანახაობას მაყურებელი იხილავს ყოველ კვირა დღეს. ეს იქნება მინიმუმ 90-წუთიანი კონცერტი, სადაც კონკურსანტები წარმოადგენენ დასრულებულ და სანახაობრივ მუსიკალურ ნომრებს პირდაპირ ეთერში. ამ კონცერტზე შესრულებული ნომრების საფუძველზე, ჟიური ყოველკვირეულად ირჩევს გაგდების 4 კანდიტატს, რომლიდანაც ერთის გადარჩენის უფლება აქვს პროექტის საპროდიუსერო ჯგუფს, ერთის - თვითონ კონკურსანტებს, კიდევ ერთის კი - ტელემაყურებელს ფასიანი ესემესებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით. "ვარსკვალვების აკადემიაში" მონაწილეთა ასარჩევად ორეტაპიანი კასტინგი ჩატარდა. პირველი ეტაპისას პროექტის წარმომადგენლებმა კონკურსანტები ფოტოსურათებითა და ავტობიოგრაფიებით აარჩიეს. შედეგად 600 მონაწილიდან მეორე ტურში 40 კონკურსანტი გავიდა. შერჩევის მეორე ეტაპი გასაუბრება იყო. კონკურსანტებს მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძესთან ერთად, კომპანია "მაგთის" წარმომადგენელი, "რუსთავი 2"-ის ფსიქოლოგი (რომელიც ადრე "ჯეობარებისა" და "ბარ 4"-ის მონაწილეებს ცდიდა) და პროექტის თავად ავტორი გიორგი ხაბურზანია ესაუბრებოდა. შედეგად 14 მონაწილე გამოავლინეს. "კვირის რეზონანსს" რამდენიმე დაწუნებული მონაწილე (მათ ვინაობას რესპონდენტთა სურვილისამებრ ვერ გაგიმხელთ) დაუკავშირდა და "ვარსკვლავების აკადემიაში" მისაღები კონკურსის პერიპეტიებზე ესაუბრა. "საქართველოში ყველაფერი ნაცნობობით ხდება, ამაში საბოლოოდ "ვარსკვლავების აკადემიის" შესარჩევმა კასტინგმა დამარწმუნა. "რუსთავი 2"-ის "ვარსკვლავთხაბაზებმა" არ ვიცი რა დამიწუნეს - სიმღერის ნიჭი თუ ცეკვის მონაცემები. ან იქნებ, ქარიზმა ვერ მიპოვეს. ჩვენთან, საქართველოში ქარიზმა იცით როგორ ესმით. - რაც უფრო მეტად გაშიშვლდები, თურმე მით უფრო ქარიზმატული ხარ. აკი ასეც მოხდა შესარჩევ კასტინგზე - ერთ-ერთი გოგო, რომელიც ლამის ლეღვისფოთოლაფარებული ეახლა "ვარსკვლავთხაბაზებს", სწორედ ის ჩათვალეს ნომერ პირველ "ვარსკვლავად". "გასაუბრება იყო ძალიან საინტერესო, რომელიც თურმე ფსიქოლოგიური ყოფილა. ფსიქოლოგიაში კი, იცით, რა შედიოდა. - ჩვენი პირადი ცხოვრება. "შევედი გასაუბრებაზე და მითხრეს; აბა დაიწყეო. მეც ვიმღერე ელა ფიცჯერალდის ერთ-ერთი სიმღერა, მერე ვიცეკვე, ვიხტუნავე... რა აღარ ვქენი... მერე ბერიძემ მითხრა: რამე ქართული იმღერეო. ეკა კვალიაშვილის ერთ-ერთი სიმღერა შევუსრულე. როგორც კი დავიწყე, მარინა ბერიძეს სახე შეეცვალა. მერე გავიგე, რომ თურმე კვალიაშვილი საშინლად არ მოსწონს, რადგან ერთხელ მისთვის კვალიაშვილს საფერფლე პირდაპირ შუბლში ჩაურტყამს. რას წარმოვიდგენდი ამას. ნეტა, მცოდნოდა მაინც. არადა, კვალიაშვილის სიმღერები ძალიან მომწონს. "ვარსკვლავთხაბაზმა" ხაბურზანიამ მკითხა: სახლში შენ და შენი ძმა რაზე კამათობთო. ხან რაზე და ხან რაზე-მეთქი, - ვუპასუხე. მე, მაგალითად, რომანტიკოსი მწერლები მომწონს და ამიტომ ჰიუგო მირჩევნია გოეთეს ან დოსტოევსკის და ხშირად ამაზე ვერ ვთანხმდებით-მეთქი. როგორ, სახლში ლიტერატურაზე კამათობთო - შეიცხადა ხაბურზანიამ. თუ ყოფითი რამეები გაინტერესებთ, ბრინჯზე და ქაბაბზეც გვიკამათია-მეთქი - ვუპასუხე. როგორც ჩანს, სახლში ჩემი და ჩემი ძმის ლიტერატურული პაექრობა მთავარმა "ვარსკვლავთხაბაზმა" არ ჩათვალა საჭირო მონაცემად. "კიდევ, ჩემს შეყვარებულზეც მკითხეს რაღაცები. ამითაც დიდი ვერაფერი გაიგეს და შემეშვნენ. "გამოვედი და სხვა მონაწილეებს დაველოდე. ნათია წ. რომ გამოვიდა, სახეზე შევატყე, მასაც დაუწუნეს "ფსიქოლოგიური მომზადება". მარინა ბერიძეს უკითხავს, ბოიფრენდი თუ გყავსო. არაო - უპასუხია. მერე რატომო - დაინტერესებულა გამომცდელი. არ მომწონს უაზრო, მოკლევადიანი რომანები და იმიტომო - უპასუხია ნათიას. შენ რა კომპლექსიანი ყოფილხარო - ასეთი დიაგნოზი დაუსვეს და გამოუშვეს. "აბსოლუტურად ყველას გვკითხეს, სად მუშაობდნენ ჩვენი მამები. ერთ-ერთმა რომ უთხრა, ნავთობბიზნესშია ჩემი მამიკოო, "ვაა" - აღმოხდათ "ვარსკვლავთხაბაზებს". "შოუში გენდერული ბალანსი დაცულია, მაგრამ..." "ერთ-ერთ მონაწილეს, ბიჭს უთხრეს: იცეკვეო. კონკურსანტმა უთხრა: ძალიან ეროტიკული მუსიკა ჩაგირთავთო. მერე ჩვენც ეგ გვინდაო - უპასუხეს. იცეკვა და სანამ შარვლის გახდა არ დაიწყო, არ მოეშვნენ. "კონკურსის წესის მიხედვით, არაქართული სიმღერა უნდა გვემღერა. ერთ-ერთმა კი მარტო "დეკემბერი, დეკემბერი" იმღერა და მიიღეს, თან არანაირი მუსიკალური მონაცემები რომ არ აქვს, ისეთი. "მოკლედ, "ვასრკვლავთხაბაზები" რაც უფრო გახდილი იქნებოდი, მით უფრო გწყალობდნენ. უკვე ყველა ვფიქრობთ, რომ "ვარსკვლავების აკადემია" "ჯეობარს%ვოკალი" იქნება. ვნახოთ..." აყოველივე აღნიშნულის შესახებ საუბარს და კომენტარების ჩაწერას "ვასრკვლავების აკადემიის" პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიასთან მთელი კვირის განმავლობაში ვცდილობდით, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ქართული "ვარსრკვლავების აკადემიის" დამფუძნებლები პროექტის გახნის საზეიმო კონცერტის მომზადებით იყვნენ დაკავებული და ჟურნალისტებთან კონტაქტისათვის ვერ მოიცალეს. ქართული "ვარსკვლავების აკადემიის" დაბადება კი დღეს შედგება. მარი ოთარაშვილი
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |