|
|
"რეზონანსი "
დადგა ხელნაწერის შეულამაზებლად დაბეჭდვის დრო: რუსთაველის თეატრში იოსებ მჭედლიშვილის წიგნის "მიხა ჯიღაურის გუნდი" და გუნდის დისკის პრეზენტაცია გაიმართა ლელა ოჩიაური
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა,იოსებ მჭედლიშვილის წიგნის "მიხა ჯიღაურის გუნდი" და მიხა ჯიღაურის გუნდის ფონოჩანაწერების კომპაქტდისკის წარდგინება. პრეზენტაციის ადგილი სიმბოლურად შეირჩა. 1927 წელს, სახელგანთქმული კახელი მომღერლები - დედას ლევანა (ლევან ასაბაშვილი), ოსტატი ალექსა (ალექსი ელოშვილი) და მიხა ჯიღაური - პირველად ჩამოვიდნენ თბილისში და საზოგადოების წინაშე პირველად რუსთაველის თეატრის სცენაზე წარსდგნენ. იოსებ მჭედლიშვილმა 1933 წელს დაწერა მოგონება, რომელსაც თავად ისტორიას უწოდებს, "მიხა ჯიღაურის გუნდი", რომლის ხელნაწერის დედანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში ინახება. ეს ხელნაწერი სრული სახით, წიგნის ფორმატში მოექცა და პირველად გამოქვეყნდა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, რომელსაც მაშინ ხალხური შემოქმედების სახლი ეწოდებოდა, "მიხა ჯიღაურის გუნდი" იოსებ მჭედლიშვილისაგან 1945 წელს შეიძინა. მიხა ჯიღაურის გუნდის შესახებ სამ-ოთხ ფურცელზე მოთავსებული მასალა უკვე ორჯერაა გამოქვეყნებული ზურაბ ჭუმბურიძისა და ლადო გეგეჭკორის მიერ. ამჯერად, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დადგა ხელნაწერის შეულამაზებლად დაბეჭდვის დრო. ვინაიდან, როგორც ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ: "დღეს ქართული საზოგადოება ამისათვის მზად არის. თუმცა ისიც დასაშვებია, რომ ჩვენი მომღერლებისა და ლოტბარების შესახებ ასეთი სიმართლისთვის მავანს მაინც არ ჰქონდეს ყური შეჩვეული. "მიხა ჯიღაურის გუნდის" უცვლელად გამოქვეყნება საჭირო და აუცილებელია, რადგან მასთან დაკავშირებულია \\ საუკუნის პირველი ნახევრის ქართული მუსიკალური ფოლკლორის ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი." წიგნი, თანდართული დისკით, რაც ქართული და არამარტო ქართულ საზოგადოებისთვის, ფოლკლორისტებისა თუ ეროვნული კულტურის თაყვანისმცემლებისთვის, ქართული ხალხური სიმღერისა და შესრულების ტრადიციებით დაინტერესებული პირებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, გიორგი უშიკიშვილმა წარადგინა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |