"რეზონანსი "
# 77
ორშაბათი, 24 მარტი, 2008 წელი

სოხუმი საჰაერო დაცვის ზომებს აძლიერებს

(ინტერპრესნიუსი) აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო საჰაერო სივრცის დასაცავად ზომებს აძლიერებს. როგორც გამოცემა "კავკაზსკი უზელი" იუწყება, ამის შესახებ დე-ფაქტო მინისტრის მოადგილე გარი კუპალბამ განაცხადა. მისი თქმით, დე-ფაქტო მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 18 მარტს გალის რაიონში უცნობი უპილოტო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული.

"აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დასაცავად დამატებითი ღონისძიებები შევიმუშავეთ. გალის რაიონში 18 მარტს ჩამოგდებული უპილოტო თვითმფრინავის დეტალები - მარცხენა ფრთა და ფუზელაჟი მისი ჩამოგდების პირველივე დღეს ქალაქ ოჩამჩირესთან, ზღვაში იქნა აღმოჩენილი. მეორე დღეს კი ხმელეთზე მარჯვენა ფრთა და უკანა ნაწილი იქნა ამოტანილი", - განაცხადა კუპალბამ. მისი თქმით, თვითმფრინავის დამზადების თარიღისა და საქარხნო ნომრის მიხედვით, რომლებიც აფხაზურმა მხარემ ნაპოვნ დეტალებზე აღმოაჩინა, შესაძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ და ვისგან იყიდა აღნიშნული თვითმფრინავი. აფხაზური სახმელეთო ძალების სარდლის ზაქანბეი ნანბას მტკიცებით, ჩამოგდებული თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო ძალებს ეკუთვნის. ქართული მხარე აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com