|
|
"რეზონანსი "
ნოდარ ლომოური: "ოპოზიციის უკანდახევა სწორიც იყო და - არასწორიც" მარი ოთარაშვილი
ისტორიკოსი ნოდარ ლომოური ოპოზიციის პრობლემებს დაქსაქულობას მიაწერს და თვლის, რომ მათი მიზანი გარკვეული თანამდებობებისთვის სწრაფვა კი არა, ქვეყნისთვის გაერთიანება და ბრძოლა უნდა იყოს. ნოდარ ლომოური: ჩემი აზრით, ხელისუფლება არც ადრე იქცეოდა და არც ახლა იქცევა სწორად, მაგრამ უკმაყოფილო ვარ ოპოზიციის ქმედებებითაც. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ძალიან აშკარად მოხდა ოპოზიციის დაყოფა. მათ შორის ვინ არის მართალ-მტყუანი, ვინ უფრო სწორ პოზიციაზე დგას - ამის შეფასებას ჩემს თავზე ვერ ავიღებ, თუმცა ერთი რამ ცხადია: მაშინ, როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი თავგამოდებით შიმშილობს, მეორე ნაწილი ამაზე უარს ამბობს, მესამე ნაწილი კი სხვანაირ აზრებს აფრქვევს ზემოდან, პარლამენტიდან, აქ რაღაც გაუგებარი დაქსაქსულობაა. "რეზონანსი": რას გულისხმობთ ხელისუფლების მცდარ ნაბიჯებში. ნ.ლ: მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი მოთხოვნები აბსოლუტურად სწორი იყო და ხელისუფლება დათმობაზე უნდა წასულიყო. მოთხოვნებში "საზოგადოებრივი არხის" მმართველობის შეცვლის შესახებ იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ხელისუფლების წინადადება (რომლის მიხედვითაც ყველა რაიონს უნდა ჰყოლოდა თავისი მაჟორიტარი დეპუტატი), თითქოს თითოეული რაიონის ინტერესების დაცვას ნიშნავს, ოპოზიციის მოთხოვნები უფრო მნიშვნელოვანი იყო. "რ": კონკრეტულად რომლებს გულისხმობთ. ნ.ლ: მრავალპარტიული მაჟორიტარობის შემოღებას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაჟორიტარული კვოტის გაუქმებას პარლამენტში. მინდა აღვნიშნო, რომ რამდენადაც საპრეზიდენტო არჩევნები მთლიანად გაყალბდა, ეს ამართლებს ოპოზიციის ქმედებებს, მაგრამ ჩემთვის მაინც თანდათანობით გაუგებარი გახდა ოპოზიციის ასეთი დანაწევრება. "რ": როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ოპოზიციის, როგორც თქვენ უწოდებთ, დაქსაქსვა. ნ.ლ: მგონია, რომ ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც უნდათ გარკვეული კარიერული წარმატების მიღწევა. ეს კი საბოლოო ჯამში ქვეყანას კარგს არაფერს არ მოუტანს. წარმოიდგინეთ, ცალკეა საბჭო, ცალკე არიან რესპუბლიკელები, ლეიბორისტები... კი ბატონო, - ისედაც ცალკე იყვნენ. ახლა გამოჩნდა კიდევ "ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა" - ესეც ცალკეა და კიდევ სხვა დაჯგუფებებიც ჩნდებიან. ეს ყველაფერი არის ოპოზიციის სწრაფვა თანამდებობებისკენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ოპოზიციამ ასეთი აზრი გამიჩინა. "რ": ანუ, თვლით, რომ ოპოზიციამ საზოგადოებაში გარკვეულწილად ნდობა დაკარგა. ნ.ლ: ოპოზიციამ ნდობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მართლაც დაკარგა. მოთხოვნები, რომლებსაც გამუდმებით უყენებდნენ ხელისუფლებას, უკან წაიღო. კი, შიმშილობდნენ, მაგრამ ასეთ უკანდახევაზე არ უნდა წასულიყვნენ, უნდა გაერთიანებულიყვნენ და ერთად უნდა ემოქმედათ. ის, რაც გუშინ მოხდა კორესპონდენტების მიმართ, ეს ჩემთვის იმდენად მიუღებელია, რომ ვფიქრობ, ოპოზიციის მხარდამჭერთა შორის არაღირსეული ადამიანები არიან. როგორ შეიძლება ამის რამენაირად გამართლება, მით უმეტეს, რომ ჟურნალისტების მიმართ სერიოზული ბრალდებები არ გაჟღერებულა. "რ": "რუსთავი 2"-ისა და "მზის" კორესპონდენტებზე თავდამსხმელებს პრეტენზია ამ არხების მიკერძოებულობაზე ჰქონდათ. ნ.ლ: შეიძლება, ტელეარხები გარკვეულწილად მართლაც იმართებიან, მაგრამ მთლად ხელისუფლების არხსაც ვერ უწოდებ. ანუ, ზეწოლა ალბათ არის, მაგრამ იმართება-მეთქი - ამას ვერ ვიტყვი. "რ": შიმშილობის შეწყვეტა ბევრს აფიქრებინებს, რომ ოპოზიციამ ბრძოლა წააგო. თქვენი აზრი როგორია. ნ.ლ: ფაქტია, რომ პოზიციები დათმეს, ხოლო ხელისუფლებამ გაიმარჯვა თუ ოპოზიციამ - ეს არჩევნებზე გამოჩნდება. ოპოზიციის გუშინდელი უკანდახევა სწორი იყო, მაგრამ ამავე დროს - არასწორიც. "რ": თვლით, რომ ოპოზიციას შიმშილობა არ უნდა შეეწყვვიტა. ნ.ლ: თქვენ გინდათ მათქმევინოთ, რომ უნდა დახოცილიყვნენ. სასიკვდილოდ თავი არ უნდა გაეწირათ. შიმშილობა შეეწყვიტათ, მაგრამ ბრძოლის სხვა ფორმა უნდა მოენახათ. ცუდი ის არის, რომ ოპოზიციისგან ბრძოლის სხვა გზები ჯერჯერობით არ ჩანს. "რ": ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგრძელბენ. ნ.ლ: ვნახოთ. მიუხედავად მინუსებისა, მათი ბრძოლა მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რადგან ხელისუფლების თავის ნებაზე მიშვება და მისი სრულუოლებიანობის აღიარება არ უნდა მოხდეს. იმედია, ოპოზიცია მოახერხებს გაერთიანებას და ბრძოლის საერთო სტრატეგიის დაგეგმვას.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |