"რეზონანსი "
# 80
ხუთშაბათი, 27 მარტი, 2008 წელი

საპრეზიდენტო სპექტაკლი და "ცისკარას კურიერი"

გელა მთივლიშვილი

მიხეილ სააკაშვილი კახეთში იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, მან გლეხებისთვის დიზელის საწვავის დარიგების პროცესი პირადად გააკონტროლა. რაიონის ხელმძღვანელობის მიერ სააკაშვილთან შესახვედრად საგანგებოდ მიყვანილმა რამდენიმე გლეხმა, ხელისუფლების ხალხთან აქტიური და ღია ურთიერთობისათვის, მას მადლობაც უთხრა. სააკაშვილთან შეხვედრას ცდილობდნენ კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან წნორში ჩასული გლეხები. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისინი პრეზიდენტს ნახნავებში დასდევდნენ, მაგრამ ამაოდ.

უკვე მეშვიდე თვეა, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის რაიონების სხვადასხვა სოფლებიდან გლეხები წნორში კვირაში ორჯერ მაინც ჩადიან. გასული წლის სექტემბერში ღვინის ქარხნისთვის ჩაბარებული ყურძნის ფული მათ დღემდე არ მიუღიათ. ქარხნის ხელმძღვანელები თანხის გადახდას არაერთხელ დაჰპირდნენ და კონკრეტული რიცხვებიც დაუსახელეს, თუმცა უშედეგოდ.

"ყურძენი წნორის ღვინის ქარხანას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების რჩევით ჩავაბარე. მოსავლის მიღებისას თანხის 20% მოგვცეს და გვითხრეს, რომ დანარჩენს რამდენიმე დღეში გადაგვიხდიდნენ. წინასაარჩევნოდ კახეთის მაშინდელი გუბერნატორი იყო ჩვენთან, სოფელში ჩამოსული და საწარმოს დავალიანების ნაწილი დააფარინა, მაგრამ ნახევარზე მეტი დღემდე მისაღები გვაქვს. აქამდე კვირაში ორჯერ მაინც ჩამოვდიოდი წნორში, მაგრამ ბოლო დროს მგზავრობაც გაძვირდა და ფულიც აღარ მაქვს. რაც უნდა ავიღო, ისიც თუ მომცეს, აქეთ-იქით სიარულში უკვე დახარჯული მაქვს. გავიგეთ, რომ წნორში პრეზიდენტი იყო ჩამოსული და მასთან შეხვედრას შევეცადეთ. ბევრი ვსდიეთ, მაგრამ ვერ შევძელით. სააკაშვილს მხოლოდ ხნულებში დავეწიეთ და მისმა მრავალრიცხოვანმა დაცვამ მასთან იქაც არ მიგვიშვა," - ამბობს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი ზურაბ საკანელაშვილი.

პრეზიდენტისთვის ხმის მიწვდენის საშუალება რომ არ მისცეს, ამით გამოწვეული უკმაყოფილება ჩვენთან საუბარში ვერც მიხეილ ღრუბელაშვილმა დამალა. "რაიონის ხელმძღვანელობას ბევრჯერ მივმართეთ. ერთხელ მოგვისმინეს, მაგრამ მეორედ აღარ. ღვინის ქარხანა კერძო კომპანიაა და ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ 2004 წელს ქედის ღვინის ქარხნისთვის ჩაბარებული ყურძნის საფასური არ მოგვცეს, შარშანდელი ვალი მაინც გაგვისტუმრონ, რომ შიმშილით არ ამოვწყდეთ," - აღნიშნა კახელმა გლეხმა.

კიდევ უფრო კრიტიკული იყო სიღნაღის რაიონის მცხოვრები თემურ დემეტრაშვილი. მისი თქმით, საჯაროდ გაჟღერებული 50 დღის ფარგლებში მთავრობა სიღარიბის დაძლევას არა ღატაკების რეალური დახმარებით, არამედ სხვა გზით მოახერხებს.

"წუწუნი და გაჭირვებაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მართლა ძალიან გვიჭირს. ოჯახში ექვსნი ვართ და არც ერთი არ ვმუშაობთ. მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობდა სახელმწიფო ორგანიზაციაში და შტატების შემცირების გამო ისიც უმუშევარია და უხელფასოდ დარჩა. მიწა კი გვაქვს, მაგრამ 20 ლიტრით, რომელსაც მთავრობა არიგებს, თანაც ამ დროს, როცა უკვე თითქმის ყველაფერი დათესილი უნდა იყოს, ვერაფერს იზამ. ხელისუფლების მიერ "გლეხებისთვის ნაჩუქარ" ტრაქტორებსაც ვერაფერში ვიყენებთ. სოფლის ყოფილ გამგებელს და მის ახლობლებს აქვთ მისაკუთრებული და თვითონ მოიხმარენ. შეიძლება ისე, როგორც მე მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მუშაობაზე უარს არც მე და არც ჩემი შვილები არ ვამბობთ, ბევრ ოჯახს არ უჭირს, მაგრამ გლეხების უდიდესი ნაწილი გაჭირვებაშია. უმეტესობა ჩვენგანი ვერც დახმარებას იღებს, კბილის ჯაგრისი და ფანჯარაზე ფარდა რომ გვაქვს, ალბათ ამიტომ.

"ამ მდგომარეობაში მყოფ ღარიბებს, რომლებიც უცხიმოდ მომზადებული ჭინჭრით და ფხალით ვიკვებებით, რა გველის. კარგი არაფერი. შიმშილით დავიხოცებით და ქვეყანაში ღარიბებიც აღარ იქნებიან.

"...ამ ქვეყანაში დგება ფეხზე სოფლის მეურნეობა. არადა, ამას გადმოსცემს ყოველდღიურად "კურიერი", რომ სოფელი ღორძინდება, მეურნეობები მუშაობს, გლეხები კმაყოფილები ვართ, წელში ვიმართებით და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია. დაინტერესდით და ნახავთ, მიწების 80% მაინც დაუმუშავებელია. ხალხი აქედან გაქცევაზე ფიქრობს, რომ თავს უშველოს," - ამბობს თემურ დემეტრაშვილი.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გლეხების გასაჭირს გაგებით ეკიდებიან, თუმცა გადაჭარბებულად მიაჩნიათ.

"ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და განხორციელდება, მიზნობრიობის და შედეგების მიღების მიმართულებით მაქსიმალურად გაკონტროლდება. ახალი საწარმოების გახსნა დაგეგმილია კახეთშიც, სადაც ხალხი დასაქმდება. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით სხვა ღონისძიებების გატარებასაც ვაპირებთ," - განაცხადა გუბერნატორმა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება იმ გლეხებს, რომელთაც საწარმოებიდან და არა მარტო წნორის ღვინის ქარხნისგან გასულ წელს ჩაბარებული ყურძნის ფული აქვთ მისაღები, ადგილობრივ ხელისუფლებაში ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ამბობენ.

კუთვნილი თანხის გარეშე დარჩენილი გლეხები ხელისუფლებას მათი გასაჭირით დაინტერესებას და პრობლემების მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის ნიშნად თბილისი-კახეთის საავტომობილო გზის პიკეტირებას აპირებენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com