|
|
"რეზონანსი "
ოქრუაშვილისთვის 13 წელს ითხოვენ მაკა ქობალია
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს პროკურორმა ქეთი ჩომახიშვილმა ბრალი წაუყენა და 13-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. გუშინვე სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატებმა - მელიტონ ბენიძემ და ზურაბ ჯორჯიაშვილმა განსასჯელის დასაცავი სიტყვა წარმოთქვეს. პროცესზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის საფუძველზე მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის აცილებაც მოითხოვეს, რაც არ დაკმაყოფილდა. შეგახსენებთ, რომ წინა პროცესზე ოქრუაშვილის ყოფილმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ სასამართლოს განუცხადა, რომ სახაზინო ადვოკატებს,ოქრუაშვილთან პოზიციების შეუთანხმებლობის გამო, საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. ამის საპასუხოდ ადვოკატმა მელიტონ ბენიძემ გუშინდელ პროცესზე აღნიშნა, რომ სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს არ აქვს უფლება უარი დაცვაზე განაცხადოს: "ამ საქმეში სასამართლოს მოთხოვნით ჩავერთეთ. ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს და საქმეს ჩამოსცილდნენ. თუმცა მათ შეუძლიათ შემდეგ სხდომაზე გამოცხადდნენ. ჩვენთვის მთავარი ოქრუაშვილის განცხადებაა. მას კი არსად არ განუცხადებია, რომ უნდობლობას უცხადებს სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატებს. თვითაცილების გამოცხადების უფლება არ გვაქვს, რადგან ეს იქნება ოქრუაშვილის უფლებებისა და ინტერესების დარღვევა." პროცესზე ადვოკატებმა ორი შუამდგომლობა დააყენეს. ბენიძემ განმარტა, რომ ოქრუაშვილი სასამართლოში გამოცხადებას არათუ თავს არიდებს, არამედ მას პარიზის სასასამართლოს გადაწყვეტილებით ქალაქიდან გასვლა ეკრძალება. "შესაბამისად, ოქრუაშვილი ვერ გამოცხადდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. კანონით მინიჭებული უფლებით, ოქრუაშვლს შეუძლია თავად დაესწროს საკუთარ პროცესს და თავისი ინტერესები დაიცვას. ამ შესაძლებლობას კი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოკლებულია. ამ მიზეზით საქმის გადადებას ვითხოვთ," - აღნიშნა ბენიძემ, რომელმაც ჯემალ სვანიძის დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმება მოითხოვა. ადვოკატების მტკიცებით, ჯემალ სვანიძე არ არის დაზარალებული, რადგან "ჯეოსელის" წილის მფლობელები იურიდიული ფირმები არიან და არა ფიზიკური პირი ჯემალ სვანიძე. წარმოდგენილი შუამდგომლობები მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა არ დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც მელიტონ ბენიძემ და ზურაბ ჯორჯიაშვილმა შავლიაშვილის აცილება მოითხოვეს. თუმცა მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა (თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, მოსამართლის მიერ შუამდგომლობების დაკმაყოფილება ან უარყოფა არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მისი არაობიექტურობისა და მიკერძოებულობის საფუძველი). სასამართლო კამათის ეტაპზე პროკურორმა ჩომახიშვილმა ოქრუაშვილს ბრალი დასდო ქრთამის გამოძალვაში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და განმარტა, რომ ოქრუაშვილმა ჯემალ სვანიძეს დიმიტრი ქიტოშვილის დახმარებით თანხა გამოსძალა. მან ოქრუაშვილის მიმართ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. დაცვამ კი პროკურორის ბრალდება ეჭქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა იქნას გამოტანილი. "ჩვენ ყველა ბრალდებას ვაყენებთ ეჭვქვეშ, რაც კი საქმეში არსებობს და ვითხოვთ ოქრუაშვილის გამართლებას. საქმეშია ჯემალ სვანიძის ფანტაზიები და ბრალდების სუბიექტური მოსაზრებები," - განაცხადა მელიტონ ბენიძემ. სასამართლო უკვე განაჩენის გამოცხადების ეტაპზეა და ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი დღეს 11 საათზე გამოაცხადებს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |