|
|
"რეზონანსი "
საარჩევნო ბლოკები - ოპოზიციის ახალი სტრატეგია: "ახლები" შეიძლება ეროვნულ საბჭოს ჩაებლოკონ რუსიკო მაჩაიძე
როგორც ჩანს, არჩევნებში გამარჯვებისთვის ან სულაც მონაწილეობისთვის, ოპოზიცია ახალ სტრატეგიას ირჩევს და ხელისუფლებასთან დაპირისპირებას ბლოკების მეშვეობით შეეცდებიან. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე პარტია სწორედ ამაზე მუშაობს. ცესკოში პარტიების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. თუმცა სამოცამდე რეგისტრაციაგავლილ პარტიას გადაწყვეტილების შესაცვლელად და ბლოკების შესაქმნელად დრო ჯერ კიდევ აქვს. საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრაცია სამოცამდე პარტიამ გაიარა. რეგისტრაციის ვადა გუშინ საღამოს ამოიწურა, თუმცა 8 აპრილამდე პარტიებს გადაწყვეტილების შეცვლისა და ბლოკის შექმნისთვის დრო ჯერ კიდევ აქვთ. ოფიციალური განცხადება ბლოკის შექმნაზე ჯერჯერობით არც ერთ პარტიას არ გაუკეთებია. თუმცა, როგორც ჩანს, ბლოკების შექმნის თემა აქტუალური იქნება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ბლოკების შექმნა დღეს ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთ-ერთ სტრატეგიად განიხილება. ცხადია, ბლოკის შექმნას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მთავარი დადებითი ფაქტორი, როგორც ოპოზიცია აცხადებს, ის არის, რომ გაერთიანებული ძალებით ხელისუფლების დამარცხება გაცილებით ადვილი იქნება. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს, ყველა თუ არა, ძირითადი ოპოზიციური ძალების გაერთიანებაზე. ბოლო პერიოდში ოპოზიციამ საყოველთაო გაერთიანება რამდენჯერმე სცადა, მათ შორის ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, თუმცა არც ერთხელ არ გამოუვიდათ. ცხადია, ეს გაცილებით ძნელი იქნება საპარლამენტო არჩევნებისთვის, ვინაიდან ამ არჩევნებისთვის პიროვნული ინტერესები გაცილებით მაღალია. გარდა ამისა, ბლოკის შექმნას გარკვეულწილად პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების წესიც შეუშლის ხელს. ყოველ შემთხვევაში, ირიბად მაინც. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს გარკვეული რეზულტატის მქონე პოლიტიკური ძალა. რეზულტატის მქონედ კი ითვლება ის პოლიტიკური ძალა, ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 3%-იან ან საპარლამენტო არჩევნებში 4%-იან შედეგს მაინც აღწევს. ბლოკის შექმნის შემთხვევაში კი დაფინანსება არის იგივე, რაც ერთი პარტიისთვის და ამ თანხის განაწილება მხოლოდ ბლოკის საქმეა. ბიუჯეტიდან დაფინანსება კი წელიწადში, მინიმუმ, 150 ათასია. ამას ემატება პარლამენტში გაყვანილი დეპუტატების დაფინანსება და მოპოვებული ხმების დაფინანსება. ასე რომ, თანხა საკმაოდ მიმზიდველია. განსაკუთრებით ისეთი პარტიებისთვის, რომლებსაც სპონსორები ნაკლებად მოეძებნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვისთვის ამ თანხის გაყოფა მაინცდამაინც ადვილი არ იქნება. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით უკვე გამოიკვეთა რამდენიმე პარტია, რომლებიც სხვასთან დაბლოკებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. უკვე ცნობილია, რომ არც ერთ პარტიასთან არ დაბლოკდებიან ლეიბორისტები, რესპუბლიკელები და, ცხადია, სახელისუფლებო პარტია. ამ უკანასკნელს სიაში ჩასასმელად საკუთარი ხალხიც თავზე საყრელად ჰყავს და არც დაბლოკება სჭირდება არჩევნებში გამარჯვებისთვის. რაც შეეხება "რესპუბლიკელებს", როგორც ისინი აცხადებენ, ოპოზიციასთან კოორდინაცია უსათუოდ ექნებათ და ეს კოორდინაცია მხოლოდ დაბლოკებას არ გულისხმობს. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში საჭიროა ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინაცია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც კი რეგისტრაცია გაიარა, მაინცდამაინც ერთ ბლოკში გავერთიანდეთ. ვიმეორებ, საჭიროა კოორდინაცია, თუმცა, როგორი უნდა იყოს ეს კოორდინაცია, ეს უკვე კონსულტაციის საგანია და ამაზე დღეს რაიმე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია," - აცხადებს "რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. ბლოკის შექმნის გადაწყვეტილება თითქმის მიღებული აქვთ აკაკი ასათიანის და გოჩა ჯოჯუას პოლიტიკურ მოძრაობებს. როგორც გოჩა ჯოჯუა აცხადებს, "ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია." მით უმეტეს, რომ რეგისტრაცია "ტრადიციონალისტების" პარტიის სახელით გაიარა "ჩვენი საქართველოსთვის" წევრმა გუგე ცანავამ, რომელიც ამ პარტიაში გაწევრიანებამდე "კონსერვატული" პარტიის წევრი იყო. ამასთან, გოჩა ჯოჯუა აცხადებს, რომ სხვადასხვა პარტიებთან ამ საკითხებზე კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. ამასთან, მისი თქმით, "საკმაოდ სერიზულ ძალებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და, შესაძლოა, ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იქნას მიღებული." "რეზონანსის" ინფორმაციით, ჯოჯუა კონსულტაციას მართავს გიორგი თარგამაძესთან. თუმცა, იგი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კონსულტაციას მართავს "ტრადიციონალისტებთან" ერთად. მეორე მხრივ კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯოჯუა კონსულტაციას გამართვას ცდილობს ეროვნულ საბჭოსთანაც. თუმცა, ოფიციალურად ამას არც ერთი მხარე არ ადასტურებს იმ მოტივით, რომ "ამ ეტაპზე ამ საკითხზე საუბარი ადრეა." თავის მხრივ, შესაძლოა, ბლოკი შექმნან "ახლებმა" და ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ. ერთობლივი 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ცხადია, ეს გასაკვირი არ იქნება. თუმცა, როგორც ამბობენ, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. "შიმშილობის შედეგ მათ რეაბილიტაცია სჭირდებათ და, ცხადია, ამ დღეებში ვერც ამ და ვერც სხვა საკითხებზე კონსულტაციები ვერ გაიმართება. თუმცა, რასაკვირველია, ეს გამორიცხული არ არის. ერთი რამ ცხადია, ჩვენ უსათუოდ კოორდინაციულად ვიმოქმედებთ, მაგრამ, ეს როგორი ფორმით იქნება, ამაზე გადაწყვეტილებას სულ მალე მივიღებთ," - აცხადებს მანანა ნაჭყებია. ამასთან, იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ბლოკი ისევ ძველ პარტნიორებთან, ანუ "მრეწველებთან" შექმნან. თავის მხრივ ამ საკითხზე რაიმე კონკრეტულ განცხადებას ჯერ ვერც ზურაბ ტყემალაძე აკეთებს. მისი თქმითაც, "ამაზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილება ისე უნდა იქნას მიღებული." აღსანიშნავია ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მათთან ერთად იყო ედპ, ახლა კი მათი ბედი გაურკვეველია. ფაქტია, რომ ოპოზიციას ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილებები არა აქვს მიღებული. ამასობაში კი ხელისუფლება უკვვ კანდიდატებზეც კი მუშაობს. "რეზონანსის" ინფორმაციით, ხელისუფლება აპირებს, რომ ბორჯომში მაჟორიტარად წარადგინოს პარლამენტის აპარატის უფროსი გოჩა მარტინენკო. შეგახსენებთ, რომ დღეს ბორჯომის მაჟორიტარია უმრავლესობის წარმომადგენელი ნოდარ გრიგალაშვილი. ბათუმში წარადგინოს აჭარის განათლების მინისტრი მათე ტაკიძე, ზესტაფონში - კახა გეწაძე, ჭიათურაში - კირკიტაძე. გარდა ამისა, უკვე გაჟღერებულია, რომ თბილისში მაჟორიტარებად დაასახელებენ ბიზნესმენებს არჩილ გეგენავას, ლადო კვარაცხელიას და რუსუდან კერვალიშვილს. ხოლო ონში - გოჩა ენუქიძეს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |