"რეზონანსი "
# 80
ხუთშაბათი, 27 მარტი, 2008 წელი

როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა

სოფო ქვლივიძე

"ისეთი სისტემა, რომ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს გინდა თუ არა ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში, არსადაა," - მიაჩნია იურისტ ვახტანგ ხმალაძეს. მისი თქმით, საქართველოში დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემა რომ ყოველ რაიონს პარლამენტში თითო წარმომადგენელი ჰყავდეს, არც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებშია ყველგან. შესაბამისად, ოპოზიციის პრეტენზიები მაჟორიტარული სისტემის შეცვლის შესახებ არც თუ ისე მოკლებულია აზრს.

ექსპერტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოსათვის უპრიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება მხოლოდ ადმინისტრაციული მოწყობის ახალი მოდელის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ა-ო "კანონი ხალხისათვის" წარმომადგენლის ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, შეთანხმება იმაზე მაინც უნდა მოხდეს - ჩამოყალიბდეს ახალი მოდელი, თუ დარჩეს ძველი და მასზე იყოს მორგებული საარჩევნო სისტემა. მანამდე კი დავა იმაზე, თუ როგორი სისტემაა ქვეყნისათვის უკეთესი, აზრს მოკლებულია. მათი აზრით, უკეთესი ის სისტემაა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ უმცირესობებს საშუალება აქვთ პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა ჰყავდეთ.

"ნებისმიერი ქვეყნისათვის ყველაზე უკეთესია ისეთი სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ პოლიტიკურ უმცირესობას პარლამენტში თავისი წარმომადგენლები ჰყავდეს. პოლიტიკური უთანხმოებები წყდებოდეს პარლამენტში და არა პარლამენტსა და ქუჩას შორის. პარლამენტში ყოველთვის მეტი შესაძლებლობაა, რომ საქმე კრიზისამდე არ მივიდეს, ხოლო როცა დაპირისპირება პარლამენტსა და ქუჩას შორის ხდება, მაშინ დაპირისპირების ხარისხის სიმწვავე გაცილებით მეტი შეიძლება აღმოჩნდეს.

"გარდა ამისა, პოლიტიკურ კრიზისებს რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციის გარეშე პარლამენტის მუშაობა ყოველთვის გაცილებთი უფრო სახიფათოა და გაცილებით მეტია ალბათობა იმისა, რომ ნაცვლად გაწონასწორებული გადაწყვეტილებისა, პარლამენტმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს. ამან კი ყოველთვის შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შეცდომა, რასაც კვლავ პოლიტიკური კრიზისი მოჰყვება და შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაც," - მიაჩნია ხმალაძეს.

ხმალაძის თქმით, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნაში იგულისხმება არა სიმბოლური წარმომადგენლობის არსებობა, არამედ ისეთი რაოდენობა, რომ უმრავლესობა იძულებული იყოს, საკუთარი სურვილის წინააღმდეგაც კი მოუსმინოს ოპოზიციას და გაითვალისწინოს მისი მოსაზრებები.

"ერთ პოლიტიკურ ძალას ჰყავს დიდი უმრავლესობა, მაშინ დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყნებში საერთოდ არანაირ ანგარიშს არ უწევენ საპარლამენტო ოპოზიციას. არა თუ არ ითვალისწინებენ მის წინადადებებს, არამედ ხშირად მის მოსმენასაც არ ისურვებენ ხოლმე," - მიაჩნია ხმალაძეს.

ექსპერტების ერთი ნაწილი საქართველოში არსებულ საარჩევნო სისტემას არაჯანსაღს უწოდებს. ქუცნაშვილის აზრით, დღეს ქვეყანაში დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, რაზეც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება არ მომხდარა. ანუ, რისი წარმომადგენელი იყოს მაჟორიტარი დეპუტატი - რაიონის, რეგიონის თუ მხარის.

"ვიდრე ჩვენ ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობაზე არ შევთანხმდებით, იქამდე საარჩევნო სისტემის მორგება ყოველთვის სუბიექტური იქნება. მანამდე მაჟორიტარული წარმომადგენლობა უსაფუძვლო და არასრულყოფილი იქნება. მთელი დისკუსია მიდის იმაზე, რაზეც ჯერ არ შევთანხმებულვართ - როგორი საფუძველით უნდა მოვაწყოთ ქვეყანა. ამ შემთხვევაში მსჯელობა ხელოვნურია და ნებისმიერი სისტემა აჩენს პრობლემას. პირველ რიგში, უნდა გვეფიქრა კონსტიტუციიდან ამოგვეღო მუხლი, რომელიც აფერხებს ამ ადმინსიტრაციულ მოწყობას, შესაბამისად გვეფიქრა საქართველოს მოწყობაზე. დღეს ყველა წინააღმდეგია რაიონის დატოვების, ამბობენ, რომ ის საბჭოური გადმონაშთია, მაგრამ არჩევნებს ვატარებთ რაიონებზე დაყრდნობით," - მიაჩნია ქუცნაშვილს.

როცა დეპუტატებმა პარლამენტის შემადგენლობის 150 კაცამდე შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის შესახებ იმსჯელებდნენ. თუმცა ისე მოახლოვდა მორიგი საპარლამენტო არჩევნები, რომ პარლამენტს ამ საკითხზე ფიქრიც კი არ დაუწყია. შესაბამისად, ოპოზიციის მტკიცებით, უმრავლესობამ საარჩევნო კანონი და კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო და ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მისთვის იყო უკეთესი.

ხმალაძის თქმით, ადმინისტრაციული მოწყობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. იქ, სადაც ფედერალური მოწყობაა, განსხვავებულია ადმინისტრაციული მოწყობაც. ასეთ ქვეყნებში ორპალატიანი პარლამენტებია და საარჩევნო სისტემა სხვადასხვა პალატებში სხვადასხვაგვარია.

"მაგრამ, იქ, სადაც ერთმანდატიანი ოლქებია, ისინი იქმნება ისე, რომ ერთი ადმინისტრაციული ერთეული არ აღმოჩნდეს სხვადასხვა საარჩევნო ოლქის შემადგენლობაში," - მიაჩნია ხმალაძეს.

მისი თქმით, ევროპულ ქვეყნებში არჩევნები იმართება იმ სისტემებით, რომლებიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა თანასწორობას და სხვადასვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლობის შესაძლებლობას პარლამენტში.

"ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები პარლამენტში პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლობის ყოფნის გარანტიას თითქმის არ იძლევა. საარჩევნო სისტემის არჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მოხდეს. როცა შეთანხმების ხარისხი მეტ-ნაკლებად მაღალია, მაშინ აირჩევა ისეთი საარჩევნოს სისტემები, რომელიც ოპოზიციას პარლამენტში თავისი წარმომადგენლობის გასაყვანად გარანტიებს აძლევს. როცა შეთანხმება არ არსებობს, მაშინ ისთი საარჩევნო სისტემა ირჩევა, რომელიც, ფაქტობრივად, არჩევანის გაკეთების საშუალებას გაძლევს შავსა და თეთრს შორის. ასეთ დროს მმართველ პარტიას ყოველთვის მეტი შანსი აქვს იმისათვის, რომ გაიმარჯვოს," - მიაჩნია ხმალაძეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com