"რეზონანსი "
# 81
პარასკევი, 28 მარტი, 2008 წელი

მოსკოვი თბილისს ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს

(მედიანიუსი) რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო "ერთ თვეში სამხრეთ ოსეთში ორი სისხლიანი ტერაქტი მოხდა, რომელთა კვალიც თბილისისკენ მიდის".

საუბარია თებერვალში სოფელ დმენისში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ორი ოსი სამართალდამცავი ემსხვერპლა და 23 მარტს მომხდარ აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც მძიმედ დაიჭრნენ ჩრდილოეთ ოსური სამშვიდობო ბატალიონის წევრი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების თანამშრომელი.

რუსეთის საგარეო უწყება საინფორმაციო შეტყობინებაში აცხადებს, რომ ეს ტერორისტული აქტები "პროფესიონალების" მიერ იყო ორგანიზებული. პირველ შემთხვევაში ასაფეთქებელი ნივთიერება ტელევიზორში იყო დამონტაჟებული და მეორე შემთხვევაში დამალული იყო პაკეტში, რომელიც ქართველებმა გადასცეს ორ მსხვერპლს და გაუჩინარდნენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com