|
|
"რეზონანსი "
"აფხაზებისთვის სამშობლოს მოღალატეები ვართ, აქ - ყალბი ვეტერანები": რა იგულისხმება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანთა სოციალურიპაკეტების გადახედვაში ია აბულაშვილი
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანთა სოციალური პაკეტის გადახედვის შესახებ საკითხი პრეზიდენტმა უკვე დააყენა. რა მოცულობის დახმარებას მიიღებენ ვეტერანები და როგორ განისაზღვრება მათი სოციალური პაკეტი, ჯერ არავინ იცის. ჯანდაცვის ახალი მინისტრი იმედოვნებს, რომ შემწეობების გაზრდა მოხდება. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინიტროს ვეტერანთა დეპარტამენტის მეშვეობით აღნიშნულ ბრძოლებში მებრძოლთა რიცხვი დაზუსტდა და იგი დღეისათვის 27 ათასს შეადგენს. წინა წლებში კი ეს რიცხვი გაცილებით მეტი იყო და 200 ათასზე მეტს შეადგენდა. იგი დარწმუნებულია, რომ ამდენ ადამიანს აფხაზეთში არ უბრძოლია. "მე არ მჯერა ამ ბელეტრისტიკის. კარგია, რომ შემწეობებს აღუდგენს თუ გაუზრდის, მაგრამ ეს მთავრობის სტატუს-ქვოა და ვალდებულება. პირველად გამიკვირდა და ვიფიქრე, ალბათ ეს იმიტომ დაჭირდა, რომ 7 ნოემბერი და ბოლო დროს მომხდარი ამბები გაემართლებინა", - ასე შეაფასა პრეზიდენტის ინიციატივა წმინდა გიორგის ორდენის დიდი ჯვრის კავალერმა საქართველოში, რუსულ-ქართული ომის კავშირის წევრმა ვახტანგ ჯორჯიკიამ. მისი თქმით, "ჯერ კიდევ ერთი წლის წინ კეთდებოდა გამაოგნებელი განცხადებები ვეტერანებთან დაკავშირებით - ბანდიტებს, ყალბ ინვალიდებს და კიდევ რას არ უწოდებდნენ". ჯორჯიკიას თქმით, ღიმილის მომგვრელი იყო ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ლოდო ჭიპაშვილსი განცხადებებიც, რომ დაზუსტთა აღნიშნულ ომებში მებრძოლთა რიცხვი და სახელმწიფომ ამ რიცხვის შემცირებით 15 მილიონი ლარის მოგება ნახა. ვახტანგ ჯორჯიკია: "რის საფუძველზე გვიწოდებენ ყალბ ვეტერანებს, ინვალიდებს. საქმე დახმარებებში კი არ არის, საქმე ღირსებაშია. ძნელია, როდესაც იბრძოდი, თავს წირავდი და გარკვეული წლების შემდეგ აღარავის სჭირდები და თანაც ყალბს და ბანდიტს გიწოდებენ. "რაც შეეხება ბანდიტებად და მარადიორებად ჩვენს მონათვლას, მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ ყველა ომს ჰყავს თავისი უარყოფითი პერსონაჟები. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, უამრავი ქვეყანა გერმანული და ავსტრიული ძვირფასეულობით გაივსო. დღესაც ამშვენებს მოსკოვს დრეზდენის "მწვანე გალერეის" განძეულობა. ასევე შევახსენებ, რომ 1992 წლის 31 ივლისს გაერომ საქართველო ცნო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. იმის გამო, რომ ომი 15 დღეში დაიწყო, ჯარმა ჩამოყალიბება ბროძოლის ველზე დაიწყო. თუ ასეთი ეპიზოდები იყო, ამის აღსაკვეთად შექმნილი იყო მე-9 საგანგებო განყოფილება. ანტიპატიები, რომელიც ჩვენ მიმართ არის ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისგან, არ მიკვირს. პრინციპში, ისინი შინაგანად მაინც გრძნობენ, რომ დეზერტირები იყვნენ და ცდილობენ საკუთარი თავის გამართლებას. ზოგი იმითაც ამაყობს, რომ შორიდან უყურებდა ამ სიტუაციას, ზოგიც იმით, რომ მსახურობდა საბჭოთა კავშირის საოკუპაციო სპეცდანიშნულების ჯარებში, რომელიც არ ათავისუფლებდა მათ საქართველოს ეროვნულ ჯარში სამსახურისაგან. როგორ შეიძლება გვიწოდო ყალბი, როდესაც აფხაზებს ინტერნეტში 5 ათასი კაცის სია აქვთ გამოქვეყენებული, ვინც ქართველების მხარეს იბრძოდა - ე.წ. პოსკრიფციული სიები, რომელიც ომის შემდეგ შეიქმნა და ინტერნეტში დღემდეა გამოჭიმული. თუ არ მოხდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1994 წლის აპრილის რეზოლუციის დენონსირება, ეს დოკუმენტი საშუალებას აძლევს სეპარატისტებს, ჩვენ მიმართ სადამსჯელო სანქციები გაატარონ. ანუ დაპატიმრება და არა მარტო დაპატიმრება... უკან დაბრუნების შემთხვევაში. აფხაზებისთვის სამშობლოს მოღალატეები ვართ, აქ - ყალბი ვეტერანები. დღეს ჩვენ - ვეტერანები და ინვალიდები პოლიტიკური პროდუქტი ვართ. ვინც პრეზიდენტთან და ხელისუფლებასთან ახლოსაა, პენსიებსაც უნიშნავენ, ხვდებიან კიდეც. ვინც მათ აკრიტიკებს, ისინი ყველანაირ სიკეთეს მოკლებული არიან. ერთი ჭკვიანი კაცის სიტყვები მახსენდება. ბატონ ბოლშევიკებს აქვთ მიდრეკილება, ყველაფერი მიითვისონ და შემდეგ გაანაწილონ მათზე ვინც მათან ახლოს არის. ის, რაც დღეს ხდება, არის იმის გაგრძელება, რაც 1917 წელს დაიწყო. არც ამხანაგ ტროცკის სიტყვები მოძველებულა "ნებისმიერ მზარეულს შეუძლია მართოს ქვეყანა", ჩვენ ამის მოწმენი უკვე გავხდით. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჩვენთან საუბარსაც არ კადრულობდა, ამბობდა - ომში დამარცხებულები არიანო. ფრანგებიც დამარცხდნენ ინდოჩინეთში და ალჟირში, მაგრამ ნახეთ, როგორ პატივს სცემენ თავის ვეტერანებს. საფრანგეთში ყოფნისას გავოცდი, როდესაც ვნახე, როგორი ყურადღებით ეპყრობიან ომის ინვალიდებს. გენარალმა დე ლა პერესმა წამიყვანა ინვალიდთა სასახლეში. იქ ვნახე 100 წელს მიღწეული ომის ინვალიდი. გენერალმა მითხრა: ამის მკურნალობა საფრანგეთს 10 მილიონი დაუჯდა და დღესაც არ ვიცით, საფრანგეთმა ყველაფერი გაუკეთა თუ არა ამ ადამიანსო. რაც დღეს ხდება, ის ერთი პროცენტი, რომელიც არსებობდა ჩვენს დასაბრუნებლად, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ აფხაზებს კი არა, რუსულ მანქანას ვებრძოდით. აფხაზები მიხვდნენ, რომ რუსებს ისინი აღარ სჭირდებათ. აფხაზურ გაზეთში "ჩეგემსკაია პრავდაში" დაიბეჭდა რედაქტორის ინალ ხაშიკის წერილი, სადაც ამბობს, რომ რუსებმა გვიღალატეს და მხარს უჭერენ აქაურ სომხებსო. გამორიცხული არ არის, აფხაზეთში კიდევ ერთი ეთნოკონფლიქტი მოხდეს, ამჯერად სომხებთან. დასასრულს, ისიც მინდა განვაცხადო, რომ ყველა ვეტერანის აზრია, ჩვენ ნატოში უნდა შევიდეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპასთან მჭიდრო კავშირში იმის გამო, რომ ჩვენ გვერდით არის ძალიან არაადეკვატური მეზობელი. მართალია, საქართველო ვერ გახდება შვეიცარიასავით ნეიტრალური, რადგან ამის რესურსი არა აქვს, მაგრამ არის საინტერესო სტატუსი, რასაც ჰქვია საფრანგეთის ვარიანტი: საფრანგეთი არის ნატოს წევრი, მაგრამ პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა ყველაფერი იღონა, რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარები არ ყოფილიყო განლაგებული. მართალია, მას ეს ძვირად დაუჯდა, მაგრამ ეს პრეცედენტი არსებობს. საქართველოს, როგორც ქვეყანამ, რომელმაც დიდი მსხვერპლი გაიღო მსოფლიო თანამეგობრობისთვის: საბჭოთა კავშირის დაშლა, ბერლინის კედლის დანგრევა, ვარშავის ხელშეკრულების გაუქმება, ნამდვილად ეკუთვნის ასეთი პრივილეგია", - აცხადებს ვახტანგ ჯორჯიკია.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |