|
|
"რეზონანსი "
ხელისუფლებას მაჟორიტარების დიდი ნაწილი შერჩეული ჰყავს: სააკაშვილი პარლამენტში შევარდნაძის კადრების დაბრუნებას გეგმავს რუსიკო მაჩაიძე
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი საარჩევნო სიის გახმოვანება ჯერ არავის სურს, ცალკეული ინფორმაციები ყოველდღიურად ხმაურდება. თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ინფორმაციები არა პროპორციულ სიებს, არამედ ძირითადად მაჟორიტარებს ეხება. "რეზონანსის" ინფორმაციით, ხელისუფლებას თბილისის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელოს მაჟორიტარები თითქმის შერჩეული ჰყავს. საარჩევნო სიებზე, პროპორციული იქნება თუ მაჟორიტარული, კონკრეტული ინფორმაციის ოფიციალურად გახმოვანებისგან ხელისუფლებაც თავს იკავებს და ოპოზიციაც. უბრალოდ, ისინი ჩასაფრებულნი არიან, რომ ერთმანეთის სიის შესახებ რაიმე შეიტყონ. ეს კი განსაკუთრებით მაჟორიტარობის კანდიდატებს ეხება, რადგან კანდიდატების ძალთა შეფარდების შეფასება უფრო შესაძლებელი ხდება. თავისთავად სიის შედგენას არჩევნებისთვის გარკვეული მნიშვნელობა რომ აქვს, ცხადია. მით უმეტეს, წინასწარვე ცნობილია, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიისას მთავარ აქცენტს სწორედ ხელისუფლების სიაზე გააკეთებს. თუკი ამ სიაში საზოგადოებისთვის სხვადასხვა მიზეზით მიუღებელი ხალხი აღმოჩნდა, ეს ოპოზიციისთვის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ საუკეთესო თემა იქნება. ძნელი სათქმელია, ამას ხელისუფლება გაითვალისწინებს თუ არა. მით უმეტეს, გაურკვეველია, ეს საბოლოო შედეგზე რამდენად იმოქმედებს. თუმცა, როგორც ამბობენ, ხელისუფლებას პროპორციული სიის შედგენა საკმაოდ უჭირს. სამაგიეროდ თითქმის გარკვეულია ხელისუფლების მაჟორიტართა კანდიდატების ვინაობა. "რეზონანსის" ინფორმაციით, თბილისში ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ სამადაშვილი იქნება, ხოლო ჩუღურეთში - ლაშა ჟვანია. ამჟამად ლაშა ჟვანია საქართველოს ელჩია ისრაელში და საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჩუღურეთის მაჟორიტარი ბესო ჯუღელია, რომელიც თავის დროზე "ნაციონალების" მხარდაჭერით გახდა მაჟორიტარი. ახლა კი იგი პარლამენტარობას საერთოდ აღარ აპირებს, ან აღარ უპირებენ. რაც შეეხება სამადაშვილს, მისი ნაძალადევში წარდგენა უკვე ტრადიციად იქცა. სხვათა შორის, 2003 წელს იგი შევარდნაძის კანდიდატი იყო. ახლაც ისევ სახელისუფლებო კანდიდატია, ოღონდ უკვე "ნაციონალების". რაც შეეხება თბილისის სხვა რაიონებს, კანდიდატების ვინაობა თითქმის გადაწყვეტილია. რამდენიმე დღის წინ "რეზონანსი" წერდა, რომ ხელისუფლების კანდიდატი მთაწმინდის რაიონში ბიზნესმენი, კომპანია "თელიანი ველის" ხელმძღვანელი არჩილ გეგენავა იქნება. მთაწმინდის ამჟამინდელი მაჟორიტარის გიგი წერეთლის ბედი კი გაურკვეველია. თუმცა, როგორც უმრავლესობის წევრები ვარაუდობენ, იგი ცდას არ დააკლებს, რომ რაიმე ფორმით პარლამენტში ისევ მოხვდეს. ისანში მაჟორიტარობის ხელისუფლების კანდიდატი ისევ ბიზნესმენი, კომპანია "სამგორის" ხელმძღვანელი ლადო კვარაცხელია იქნება, ხოლო დიდუბეში - კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი რუსუდან კერვალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მათი მხრიდან ეს ინფორმაცია თითქმის უკვე დადასტურდა. თუმცა, ამაზე ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ხელისუფლება აპირებს, რომ სამგორში ისევ მიხეილ მაჭავარიანი წარადგინოს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, იგი პროპორციული სიის პირველი თუ არა, მეორე ან მესამე ნომერი მაინც იყოს. რაც შეეხება ოპოზიციას, ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საბურთალოზე კენჭისყრას თინა ხიდაშელი აპირებს, ვაკეში - ლევან გაჩეჩილაძე და მთაწმინდაზე - ლევან ბერძენიშვილი. ვაკეში და საბურთალოზე კი ხელისუფლების კანდიდატები ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ არის ცნობილი, აქ ოპოზიციის სხვა კანდიდატები თუ იქნებიან. "რეზონანსის" ინფორმაციით, ხელისუფლებას მაჟორიტარობის კანდიდატები შერჩეული ჰყავს მცხეთა-მთიანეთის ხუთივე რაიონისთვის. ამ ინფორმაციით მცხეთაში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ვინმე მარტოლეკი, რომელმაც თავი პროკურატურაში იმით გამოიჩინა, რომ ოპოზიციაში მყოფ კუკავას დაუპირისპირდა და ამით ჯერ მოსამართლეობა მოიპოვა, ახლა კი, როგორც ჩანს, პარლამენტში უპირებენ მოხვედრას. დუშეთში ხელისუფლების ინტერესებს ბესიკ წოწკოლაური დაიცავს. თუმცა, ამ რაიონში ლეიბორისტებთან გამკლავებას როგორ შეძლებს, ძნელი წარმოსადენია. მით უმეტეს, რომ სწორედ იგი უპირისპირდებოდა 2003 წელს დუშეთის ამჟამინდელ მაჟორიტარს, ლეიბორისტ თემურ დოლიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ წოწკოლაური შევარდნაძის კანდიდატი იყო, დოლიშვილმა იგი საკმაოდ დიდი უპირატესობით დაამარცხა. თიანეთში მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ თიანეთის ამჟამინდელი მაჟორიტარი ილია არჩემაშვილი იქნება. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუკი წინა არჩევნებში ლეიბორისტების კანდიდატი იყო, ახლა "ნაციონალების" კანდიდატი იქნება. თუმცა, ეს აღარც არის გასაკვირი, რადგან იგი პარლამენტში მოხვედრისთანავე გახდა "ნაციონალი". ყაზბეგში კი მაჟორიტარობის ხელისუფლების კანდიდატი ვინმე არაბული იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ვის წარადგენს ხელისუფლება ახალგორის რაიონში. "რეზონანსის" ინფორმაციით, ხელისუფლებას ასევე გადაწყვეტილი ჰქონია, რომ ბოლნისის რაიონში ისევ დღევანდელი მაჟორიტარი სოფო ლარცულიანი წარადგინოს. ზუგდიდში კი ხელისუფლების კანდიდატი ფრიდონ თოდუა იქნება. გარდა საექიმო გამოცდილებისა, მას ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის გამოცდილება აქვს. დამატებითი ინფორმაციისთვის კი, იგი კახა ლომაიას ნათესავია. რაც შეეხება სამეგრელოს, "რეზონანსის" ინფორმაციით, ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი კოდუა. თუმცა, ზუსტად რომელ რაიონში, ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია. გარდა იმისა, რომ იგი უკვე ცნობილი ერეკლე კოდუას ძმაა, ბიზნესმენობის ნიშნითაც შეირჩა. იგი კომპანია "საქართველოს ავიახაზების" ხელმძღვანელია. მეორე ავიაბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი კი მაჟორიტარობის ხელისუფლების კანდიდატი იქნება სიღნაღში. აღსანიშნავია, რომ "რეზონანსის" ინფორმაციით, კახეთის მაჟორიტარებზე ხელისუფლება ჯერ საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ უკვე გაჟღერდა საქართველოს დანარჩენი რეგიონების რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი. ესენი არიან: ბათუმში - აჭარის განათლების მინისტრი მათე ტაკიძე, ბორჯომში - პარლამენტის აპარატის უფროსი გოჩა მარტინენკო, ონში - ბიზნესმენი გოჩა ენუქიძე და ზესტაფონში - პარლამენტარი კახა გეწაძე. საუბარი იყო ჭიათურაში დათო კირკიტაძის კანდიდატურის დაყენებაზეც. თუმცა, "რეზონანსის" ინფორმაციით, იგი უსათუოდ დაინიშნება ქვემო ქართლის გუბერნატორად. საინტერესოა, რომ ისევ უმრავლესობის წევრების ვარაუდით, ეს დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი კირკიტაძის ხალხს აღარ სწყალობს და მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი უმცირდებათ. ამ კანდიდატების შესახებ ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესო ის არის, ოპოზიცია მათ ვის დაუპირისპირებს. ოპოზიციის არც ერთ ფრთას თავისი კანდიდატები ჯერ შერჩეული არ ჰყავს. "რესპუბლიკელებმა" უკვე განაცხადეს, რომ თუკი ოპოზიცია კოორდინირებულად იმოქმედებს და თითო რაიონში თითო კანდიდატზე შეთანხმდებიან, ხელისუფლებისთვის მოგება მაჟორიტარებშიც კი შესაძლებელი იქნება. "რესპუბლიკელების" იდეა შესაძლოა, ეროვნულმა საბჭომ, "ახალმა მემარჯვენეებმა" და "მრეწველებმა" გაიზიარონ. თუმცა, ლეიბორისტებმა უკვე განაცხადეს, რომ არათუ ხელისუფლებასთან, არამედ ოპოზიციასთანაც კი საერთო არაფერი აქვთ და მათ ცალკე კანდიდატები ეყოლებათ. თუმცა ჯერჯერობით საკუთარი კანდიდატები არც მათ დაუსახელებიათ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |