|
|
"საქართველოს რესპუბლიკა "
რას ფიქრობს ამერიკელი პოლიტოლოგი ნინო ბურჯანაძის შესაძლო გაპრეზიდენტების თაობაზე,
8 სექტემბრის "Wall Street Journal"-ი ბრიტნი ჰაიტეთეს სტატიაში - "ქართველი ლიდერი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე ფიქრობს" - კომენტარს უკეთებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის გამოსვლას ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში (არნოლდ სალცმანისა და ჰარიმანის ინსტიტუტის ინიცირებით), სადაც მან ისაუბრა აგვისტოში განვითარებული მოვლენების შესახებ და არა მარტო ამაზე. სტატიის ავტორი წერს, რომ ყოფილი სპიკერი არ გამორიცხავს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას, მაგრამ ღიად არ აჩვენებს სააკაშვილთან არსებულ განხეთქილებას. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, - წერს ბრიტნი ჰაიტეთე, - ბურჯანაძე შეიძლება წარსდგეს, როგორც სააკაშვილის ოპოზიციის ძირითადი ფიგურა. "თუ ეს სასარგებლო იქნება, მე ამას გავაკეთებ", - უპასუხა ნინო ბურჯანაძემ, როცა კოლუმბიის ინივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე მას ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე ჰკითხეს. ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ქართული პოლიტიკის საკითხებს სწავლობს, აცხადებს, რომ სამომავლოდ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის ახალი პარტიის შექმნა დადებითი ნაბიჯი იქნება. "საქართველოში ძალაშია ერთნახევარი პარტიული სისტემა. პოლიტიკური პარტიები კანონიერია და კონკურენტუნარიანი, მაგრამ ხაზი პარტიასა და მთავრობას შორის ან პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ძალიან ნაცრისფერია".კომენტარისთვის ჩვენც მივმართეთ ლინკოლნ მიტჩელს. თუმცა მანამდე ვთხოვეთ, თუ ვის მიიჩნევდა იგი ამჟამად საომარი მოქმედებების ინიციატორად (შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინათ ჩვენთან საუბარში მან განაცხადა, სააკაშვილმა პირველმა დაიწყოო საომარი მოქმედებები). დიახ, იყო მაშინ, მაგრამ დღეს სულ უფრო მეტი უცხოელი ექსპერტი საუბრობს იმის თაობაზე, რომ ქართული მხარის მიერ იარაღის გამოყენება გახლდათ თავდაცვითი პასუხი სეპარატისტებისა და "სამშვიდობოების" მიერ განხორციელებულ ერთობლივ აგრესიაზე. - ერთი თვის თავზე შეიცვალეთ თუ არა პოზიცია. - ვკითხე ლინკოლნ მიტჩელს. - ვფირობ, რომ ქართული მხარე პროვოცირებულ იქნა, ხოლო რუსეთის პასუხი იყო აგრესიული, არამართებული, კანონითა და მორალით გაუმართლებელი. - რას ფიქრობთ ბურჯანაძის საპრეზიდენტო კარიერაზე. - საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება 2013 წლამდე, ხოლო ამ დროის მერე სააკაშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ბურჯანაძე იმ ქართველთა რიცხვშია, რომელიც კარგი პრეზიდენტი შეიძლება იყოს. მართალი გითხრათ, ჯერჯერობით არ ვიცი, ბურჯანაძეს სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებით რა ჩანაფიქრები აქვს. - როგორ აფასებთ დასავლეთის დამოკიდებულებას აგვისტოს, როგორც მას უკვე უწოდებენ, 5-დღიან ომთან მიმართებაში. - ჯერ კვლავ ადრეა ამაზე საუბარი. მაგრამ მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გაეწია. ასევე იმით, რომ ბევრი ამერიკელი გულდაწყვეტილი იყო, რომ ვერ შესძლო საქართველოს პირდაპირ დახმარებოდა. ვთვლი, რომ ამ კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირს ბუნდოვანი პოზიცია ჰქონდა, რაც გარკვეული სერიოზული მიზეზებით აიხსნება. ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოს დახმარება ერთად შეუძლიათ, მათვე ძალუძთ ასევე რუსეთის სწორი მიმართულებით წარმართვა. განცალკავებულად - არა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსს, მე ოპტიმისტურად განწყობილი არა ვარ. რუსეთი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში არ იქნება მზად იმისთვის, რომ საქართველო დატოვოს. ძალიან მიხარია, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. იმედი კი ემყარება იმას, რომ საქართველოს ნაწილების დაბრუნების გრძელვადიანი პროცესი საერთაშორისო გადაწყვეტილებებს დაეყრდნობა.
აშშ-ში ნინო ბურჯანაძე ამერიკის დემოკრატიულმა და რესპუბლიკურმა პარტიებმა მიიწვიეს. ყოფილი საპარლამენტო სპიკერი ასევე ესტუმრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, გაეროს, კარნეგის ფონდს ვაშინგტონში, სადაც მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის და განაცხადა, რომ კონფლიქტის სამშვიდობო ინიციატივებით გადაწყვეტისა ყველა მცდელობა, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული აგრესია და რუსეთის მიერ საქართველოს კონფლიქტური ტეროტორიების დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო კანონმდებლობის გაუგონარი დარღვევით მოხდა. ამავე დროს ხაზი გაუსვა, რომ დევნილების გადაუდებელ დახმარებასთან ერთად აუცილებელია ქართული ჯარი ნატოს სტანდარტების შესაბამისად გაწვრთნა-აღჭურვა.
ია მერკვილაძე, "სრ". საკ. კორ. აშშ, ნიუ-იორკი.
(c) გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"
2008 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |