"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

ტოპმიოლერის წასვლა ორმხრივად მისაღებია - ლევან კობიაშვილი: ახალი მწვრთნელი სასწრაფოდ გვინდა

მიხეილ ჟორჟოლიანი

სამშაბათს ლევან კობიაშვილსა და "შალკეს" მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდათ - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში გელზენკირხენელებმა "ბარსელონას" უმასპინძლეს და 0:1 დამარცხდნენ. ვინც თამაში ნახა, დაგვეთანხმება, რომ "ხუმარებს" შეეძლოთ, წაგებას გაქცეოდნენ - რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და საპასუხო მატჩის წინ მდგომარეობა გაირთულეს. კობიაშვილმა კატალონიელების წინააღმდეგ სრულად ითამაშა, ჩვენ კი მას

გუშინ გერმანიაში შევეხმიანეთ და "ბარსელონასთან" მატჩის გარდა, სანაკრებო

თემაზეც ვესაუბრეთ...

- როგორ შეაფასებდი "ბარსელონასთან" თამაშს.

- შეიძლება ითქვას, ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველში ძალიან პასიურად გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით დაცვაში და მეტოქეს ბევრის საშუალებას ვაძლევდით. მეორეში უკეთ ვითამაშეთ, რამდენჯერმე შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრება. ვფიქრობ, ერთ გოლს მაინც ვიმსახურებდით. "ბარსელონა" ძლიერი გუნდია - მომენტი შექმნა და გამოიყენა. ეს არის მათი უპირატესობა. ჩვენ კი გოლის გასატანად ის რაოდენობაც არ გვეყო, რაც შევქმენით. უფრო მეტია საჭირო, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან რთულია.

- შინ წაგებამ შანსი კიდევ უფრო შეგიმცირათ...

- შანსი თავიდანვე მეტოქეს უფრო მეტი ჰქონდა - "ბარსელონა" არა მარტო ამ წყვილის, არამედ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად ითვლება. შინ წაგების შემდეგ კი ჩვენი შანსი სულაც მინიმუმამდე დავიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩში არ ვითამაშებთ - პირიქით, ვეცდებით, ის შეცდომები აღარ გავიმეოროთ, როგორმე გოლის გატანა მოვახერხოთ და დაცვაშიც კარგად ვითამაშოთ. ამის თქმის საფუძველს მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაში მაძლევს.

- სხვაც ვთქვათ: საქართველოს ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. როგორია ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის აზრი კლაუს ტოპმიოლერის გათავისუფლების თაობაზე.

- ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის მისაღები იყო. ნაკრების შედეგები, თამაშის საშუალოზე დაბალი ხარისხი არავის აკმაყოფილებდა, დაწყებული გულშემატკივრით და ფეხბურთელით დამთავრებული. საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ისეთი დონის გუნდებთან, როგორიც ლიტვა, ლატვია და ჩრდილოეთ ირლანდიაა, უშანსოდ არ წააგოს. ერთხელ შეიძლება მოხდეს, მაგრამ უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა.

- თავიდან კლაუს ტოპმიოლერის საქართველოში ჩამოყვანას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - ასეთი მაღალკვალიფიციური და კარგი შედეგების მქონე მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს მანამდე არ ჰყოლია. რით განსხვავდებოდა ტოპმიოლერი სხვა მწვრთნელებისგან, რა დადებითი თვისებები ჰქონდა და იყო თუ არა მისი ჩამოყვანა სწორი ნაბიჯი.

- იმის თქმა, რომ ტოპმიოლერი დაბალი დონის მწვრთნელია და მისი ჩამოყვანა შეცდომა იყო, არ იქნება მართალი. ტოპმიოლერს საკლუბო დონეზე წარმატებები ჰქონდა და კვალიფიციური მწვრთნელიც არის, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ მწვრთნელი გუნდს ვერ ეწყობა. თანაც საკლუბო და სანაკრებო დონე განსხვავდება - კარგი მწვრთნელი, შესაძლოა, ორივეგან წარმატებული ვერ იყოს. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენს შემთხვევაში ასე მოხდა და ურთიერთშეწყობა ასპროცენტიანი არ იყო.

- ურთიერთშეწყობაში გამოცდილი ფეხბურთელების იგნორირებას გულისხმობ.

- მწვრთნელმა უნდა გამოიყენოს ის რესურსი, რაც მას გააჩნია. შესაძლოა, კონკრეტული მატჩისთვის უახლოესი რეზერვი შეამოწმო, რაც ნაკრებს სამომავლოდ გამოადგება, რადგან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ძირითადი შემადგენლობის უმრავლესობას ტრავმების გამო გამოუტოვებია თამაშები, თუმცა ყველა რესურსის გამოუყენებლობასაც არანაკლებ ხშირად ჰქონდა ადგილი.

- ახალ შესარჩევ ეტაპამდე ბევრი არ დარჩა. ამ ეტაპზე მწვრთნელის შეცვლა რამდენად იმოქმედებს გუნდზე.

- მწვრთნელის შეცვლა ყოველთვის მოქმედებს, თუმცა ბოლო თამაშების შემდეგ, ვფიქრობ, გუნდში ისედაც არ იყო ფსიქოლოგიურად კარგად საქმე. ახლა გადაწყვეტილება სასწრაფოდ არის მისაღები. პირდაპირ შესარჩევი ეტაპის წინ მწვრთნელის დანიშვნა სახარბიელო არ იქნება არც მისთვის და არც ფეხბურთელებისთვის. სექტემბრამდე სამი ამხანაგურ მატჩია დაგეგმილი, როგორც ვიცი, მაისის ბოლოს გერმანიაში შეკრებაც უნდა ჩატარდეს. მართალია, ძნელი იქნება ასეთ მოკლე დროში რამე ტაქტიკური მონახაზების დამუშავება და ბირთვის ჩამოყალიბება, მაგრამ გუნდის გასაცნობად საკმარისი დროა. იმედია, ყველაფერი მალე მოგვარდება და შესარჩევ ეტაპს მომზადებულები შევხვდებით.

- შესარჩევ ეტაპზე წარმატების რამე შანსს ხედავ.

- ნაკრებს გარკვეული პოტენციალი აქვს, მთავარია, მისი სწორად გამოყენება. როგორ მოახერხებს ამას ახალი მწვრთნელი, საქმეც ეს არის. ჯგუფი თითქოს იოლი ჩანს, მაგრამ მთლიანობაში, იტალიის გარდა, თანაბარი დონის გუნდებია. შანსი ყველას აქვს, მთავარია, ვინ როგორ გამოიყენებს. ყველაფერი მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული - მან უნდა მოახერხოს და ნაკრები გამოიყვანოს იმ ფსიქოლოგიური სტრესიდან, რომელშიც ახლა იმყოფება. განსაკუთრებით, ის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ახლახან გამოჩნდნენ გუნდში და უკვე წაგებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდათ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com