"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

ლუჩანო სპალეტი: მანჩესტერო, კატენაჩო უნდა გერქვას შენ!: ფერგიუსონს რონალდუს თავმა საკუთარი თავი გაახსენა

ოცნებას კაცი არ მოუკლავს და ლუჩანო სპალეტიმაც თქვა, რომ სტუმრად ორი გოლის გატანა შეუძლებელი არაა, "მანჩესტერს" დაცვითი ფეხბურთის თამაში დასწამა და ყველაზე იტალიურ გუნდად მონათლა.

შარშან "ოლდ ტრეფორდზე" წაგებული მატჩის (1:7) გამო რომაელები სარევანშოდ ემზადებოდნენ, მაგრამ ფრანჩესკო ტოტის ტრავმამ მწვრთნელს გეგმა აურია.

"მგლები" ტოტის გარეშეც არ გამოიყურებოდნენ ურიგოდ, რადგან მეტოქეზე ბევრი მომენტი შექმნეს, თუმც კარში ვერ უმიზნებდნენ. ეს კი სპალეტიმ უიღბლობას მიაწერა.

"ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ "მანჩესტერი" უფრო მაღალი კლასისაა, მაგრამ თამაშის მიხედვით ამას ვერ ვიტყვი - განაცხადა რომაელთა თავკაცმა - ერთადერთი, რაც ჩემს გუნდში არ მომეწონა, ისაა, რომ მეორე გოლი არაფრისგან გაგვიტანეს და ბიჭებმა ამის შემდეგ ცხვირი ჩამოუშვეს, ბრძოლა შეწყვიტეს და მატჩის გადარჩენის იმედი დაკარგეს.

ჩემი აზრით, მანმდე საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში, კრისტიან პანუჩის და მირკო ვუჩინიჩს კი გატანა მართებდათ. მოკლედ, ასეთ მარცხს არ ვიმსახურებდით.

"მანჩესტერმა" დაცვითი ტაქტიკა აირჩია, ჩვენი სტუმრები თითქმის მთელი გუნდით სკუთარ საჯარიმოსთან იდგნენ, მოედნის ცენტრი დაგვითმეს და აქცენტს გრძელ პასებსა და ფორვარდების სისწრაფეზე აკეთებდნენ. გამძლეობა არ აკლიათ, ნიჭიერი ფეხბურთელებიც ჰყავთ და ამ ყველაფერთან ერთად იღბალიც მათ მხარეს იყო.

იტალიურ კლუბებს ყოველთვის დაცვითი ფეხბურთის თამაშში ადანაშაულებენ და თუ ასეა, დღეს "მანჩესტერი" ყველაზე იტალიური გუნდი იყო. მისი ათამდე მატჩი ვნახე და მუდამ ასეთ ტაქტიკას იყენებს. მანჩესტერელები მეტოქეს უსაფრდებიან, მომენტს ელოდებიან, რომ შეცდომაზე დაიჭირონ და კონტრშეტევებით პასუხობენ. ჩვენ ვუტევდით, მათ კი კარში პირველივე დარტყმით გაგვიტანეს.

საპასუხო მატჩი დღევანდელზე რთული იქნება, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ნახევარფინალში ვეღარ გავალთ. ორი გოლი ლიონშიც გაგვიტანია და მადრიდშიც.

ტოტის ტრავმა მსუბუქი აღმოჩნდა და ვიმედოვნებ, რომ ფრანჩესკო მანჩესტერში დაგვეხმარება. არ ვაპირებთ ხელის ჩაქნევას და სულ მცირე შანსსაც ჩავებღაუჭებით. აქაც ვიბრძოლებთ და იტალიის ჩემპიონობისთვისაც".

ალექს ფერგიუსონმა კი ბრძანა, რომ მათთვის იღბლიანი საღამო იყო და "მანჩესტერს" გამარჯვებაში ფრანჩესკო ტოტის ტრავმაც დაეხმარა:

"მეორე ტაიმის დასწყისში აშკარად გაგვიმართლა, მეტოქემ რამდენიმე მომენტი რომ ვერ გამოიყენა, თუმც ისიცაა, რომ "რომას" ტოტის ტვინი და შემოქმედება აკლდა. ეს ჩვენც ვიგრძენით და ამით შექმნილი უპირატესობა გამოვიყენეთ. რონალდუს გოლმა მატჩის ხასიათი შეცვალა. მან გამოცდილი ცენტრფორვარდივით ითამაშა და ჩემი ახალგაზრდობა გამახსენა".

ერთ ეპიზოდში რონალდუმ ბურთით წაიჯამბაზა რაც რომაელმა ფანებმა სტვენით შეაფასეს. ამაზე ფერგიუსონმა თქვა: "იმდენად ნიჭიერია, რომ ხანდახან, ეშხში შესული, გაილაღებს ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ ტალანტის გამოვლენის სურვილია და მეტოქის შეურაცხყოფას არ ნიშნავს".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com