"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

ფრანც ბეკენბაუერი: დააბრუნეთ თვითმფრინავის ბილეთები!

ვაჟა ხუციშვილი

17 წლისა და შვიდი თვის ბოიან კრკიჩმა ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლი "შალკეს" გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რიგით მეორე უყრმესი მეგოლე გახდა. რეკორდი კი განელ პიტერ ოფორი-კუაიეს ეკუთვნის, რომელმაც 1997 წლის 1 ოქტომბერს "ოლიმპიაკოსის" მაისურით შეაგდო და მაშინ 17 წლისა და 195 დღის იყო. "შალკე" ჩემპიონთა ლიგაში გოლუხვობით არ გამოირჩევა და ვერც "ბარსელონასთან" ივარგა. "ხუმარებმა" ჯგუფური ეტაპის ექვს მატჩში და მერვედფინალის ორ შეხვედრაში ოდენ ექვსის გატანა შეძლეს და ასეთი შედეგით მერვედფინალამდე რომ მიაღწიეს, ესეც საკვირველია.

"ბილდმა" დაწერა: "შესვენებისას მასპინძელთა ქომაგებმა თავის გუნდს უსტვინეს, რადგან ადგილობრივი ფეხბურთელები მუხლის კანკალით თამაშობდნენ. მესის, რონალდინიოს და დეკუს გარეშე "ბარსელონაც" არ ბრწყინავდა და საშუალო დონის ფეხბურთი აჩვენა".

ტელეკომპანია "პრემიერთან" ინტერვიუში კი ფრანც ბეკენბაუერმა "შალკეს" დასცინა: "მე ვერ დავინახე ბრძოლის ჟინი და თავდადება. "კამპ ნოუზეც" ასე თამაშს თუ აპირებენ, უმჯობესია შინ დარჩნენ და ბარსელონაში არ წავიდნენ"

მირკო სლომკა: "მეტოქისადმი პატივისცემა შიშში გადაიზარდა და გონზე მოსასვლელად საკმარისზე მეტი დრო დაგვჭირდა. მეორე ტაიმში თამაში თამაში გამოვასწორეთ და მომენტებიც გვქონდა, რაც საპასუხო შეხვედრისთვის იმედს მიტოვებს. "ბარსელონამ" ბოლო მატჩებში ბევრი გოლი გაუშვა და დარწმუნებული ვიყავი, რომ უშანსოდ არც ჩვენ დავრჩებოდით, თუმც, სამწუხაროდ, ხელსაყრელი ეპიზოდები ვერ გამოვიყენეთ. ასეთი დონის თამაშებში კი თითოეული მომენტი ძალიან ძვირად ფასობს.

ცხადია, ბარსელონაში მთელი 90 წუთის განმავლობაში ისე ვერ გავისარჯებით, როგორც აქ მეორე ტაიმში, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს. დღეს რამდენიმე შემქმნელი ფეხბურთელი გვაკლდა და ვიმედოვნებ, რომ ერთი ან ორი მათგანი საპასუხო მატჩისთვის დაგვემატება".

მასპინძელთა მწვრთნელმა ნასტვენი კევინ კურანის ვექილობაც იკისრა. კურანი მე-60 წუთზე შეცვალეს და მისი თამაშით უკმაყოფილო ფანებმა სტვენით გააცილეს.

"კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო მათ, ვისაც დაავიწყდა, რომ კევინს ამ ზამთარს ფილტვების ანთების გამო გუნდთან ერთად შეკრება არ გაუვლია და სათანადო ფორმაში არაა. ის მალე იღლება და შევცვალე, რომ უფრო საღი ფორვარდით შეგვეტია. ვერავინ დაიჩემებს, მოედანზე რომ დარჩენილიყო, გაიტანდა თუ არა, რადგან ეს სამკითხაოა და არც ის იყო გარანტირებული, რომ მისი შემცვლელი აუცილებლად შეაგდებდა. უბრალოდ, დასვენებულ ფორვარდს გატანის მეტი შანსი აქვს და სანჩესიც ამიტომ შევუშვი. დარწმუნებული ვარ, კურანი თავის სიტყვას ამ სეზონში კიდევ იტყვის".

ფაბიან ერნსტი: "მატჩის დასაწყისში ძალიან პასიურები ვიყავით და მეტოქემ კიდეც დაგვსაჯა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მე და ჩემს თანაგუნდელებს გვსიამოვნებდა იმის ყურება, თუ როგორ აგორებდა ბურთს "ბარსა" და ხელს არ ვუშლიდით".

ჯანლუკა ძამბროტა: "ხალხი მეკითხება, ნახევარფინალში "რომა" გირჩევნია თუ "მანჩესტერიო", მაგრამ ამ კითხვას არ ვპასუხობ, რადგან ჯერ საპასუხო მატჩი გვაქვს სათამაშო".

ფრანკ რაიკაარდმა ბოიან კრკიჩის საქებრად სიტყვა არ დაიშურა: "ბეტისთან" წაგების გამო ჩვენს გარშემო ატეხილი რიარიადან გამოსვლა და საამმატჩოდ მომზადება იოლი არ იყო, მაგრამ გუნდმა ხასიათი გამოავლინა და მოიგო. ძალიან მიხარია, რომ ბოიანი მატჩიდან მატჩამდე უმატებს და ისე თამაშობს, როგორც დაღვინებული ფეხბურთელი: პოზიციას საუცხოოდ ირჩევს და "ბარსასთვის" უმნიშვნელოვანესი მოთამაშე ხდება".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com