"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

კოშმარი ფეხბურთის ქუჩაზე

პაპუნა კედია

ფეხბურთი ასეა: როდესაც ერთმანეთს ჯიბრში ჩამდგარი მეტოქეები ხვდებიან, ეს ლამაზი თამაში სულ იოლად შეიძლება კოშმარად იქცეს - ფანების ქცევაზე მოგახსენებთ. მართლაც, რა არ ახსოვს ფეხბურთის ისტორიას, ტრიბუნიდან ნასროლი გოჭის თავით დაწყებული მკვლელობით დამთავრებული.

რატომ წამოიწია ამ დღეებში კონფლიქტების თემა ევროპულ პრესაში. იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი სახიფათო წყვილი შეიკრა: "რომა" - "მანჩესტერი" და "ფენერბაჰჩე" - "ჩელსი".

"რომა"... რომაული ფეხბურთის ისტორიამ "რომასა" და "ლაციოს" უამრავი დიდი თამაში, მაგრამ უამრავი სკანდალიც იცის. იგივე შეიძლება ითქვას სტამბოლზეც: "ფენერბაჰჩე" და "გალათასარაი"...

თუმცა, რომისა და სტამბოლის გარდა არის მრავალი სხვა ქალაქიც და ამ წერილში, ორიოდ სიტყვით, იქ დატრიალებულ ამბებზე გვინდა გესაუბროთ. სჯობს, წყვილები ჩამოვთვალოთ:

ბარსა - რეალი

2000 წელს "ბარსელონადან" მადრიდში პორტუგალიელი ვარსკვლავი ლუიშ ფიგუ გადავიდა და ამ ტრანსფერის გამო იქცა სრულიად კატალონიის საძულველ ადამიანად. სწორედ მაშინ იყო, ბარსელონაში ჩასული მადრიდული კლუბის ავტობუსის გავეშებული ფანებისგან დაცვას სპეცდანიშნულების რაზმის მეცადინეობა რომ დაჭირდა. მას მერე, ფიგუ ყოველი თამაშის ცენტრალურ ფიგურად აღიქმებოდა, 2003 წელს კი "კამპ ნოუს" ტრიბუნიდან გოჭის თავიც კი ესროლეს.

ფენერბაჰჩე - გალათასარაი

ამ დერბის მაღალი ტემპერატურა საკუთარ თავზე შოტლანდიელ ვარსკვლავს გრემ სუნესს აქვს ნაწვნევი - სუნესი 1995 წელს "გალათასარაის" ედგა სათავეში. მაშინ, პირველ ჯერზე, მასობრივი არეულობა კინაღამ თავად ემოციურმა სქოთმა გამოიწვია. "ფენერბაჰჩეს" ერთ-ერთმა დირექტორმა მაშინ სუნესს მავნებელი უწოდა და მომდევნო დერბის წინ, თავის სტადიონზე, ცენტრალურ წრეში "გალათასარაის" დიდი დროშის დამარხვით იძია შური.

რივერი - ბოკა ხუნიორსი

ბუენოს აირესის ამ დერბის მრავალი დიდებული სპექტაკლი უნახავს, მაგრამ ახსოვს 1968 წელიც, როდესაც სტადიონიდან თავის დაღწევის მცდელობისას 71 გულშემატკივარი ჭყლეტაში დაიღუპა. შემდეგ, ორივე გუნდის ფანები ჭყლეტას ერთმანეთს აბრალებდნენ. მაგალითად, "რივერის" ფანები ამტკიცებდნენ, რომ ვიწრო გასასვლელებში "ბოკას" ფანებმა მათ ფეხებში ცეცხლმოკიდებული დროშები ჩაუყარეს.

მილანი - ინტერი

აქ, სჯობს არცთუ დიდი ხნის, 2007 წლის ამბავი გავიხსენოთ, როდესაც "მილანის" ბრაზილიელ მეკარე დიდას ტრიბუნიდან თავში მაშხალა გაარტყეს. ეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გახლდათ. პირველ მაშხალას მეორე, მესამე და ასე გასინჯეთ, ოცდამეათეც კი მოჰყვა და გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა თამაში 73-ე წუთზე შეწყვიტა. არეულობის მიზეზი კი "ინტერის" არგენტინელი ნახევარმცველის, ესტებან კამბიასოს თავური გოლის არჩათვლა გახლდათ.

აიაქსი - ფეიენოორდი

ჰოლანდიელებს თითქოს შედარებით გაწონასწორებულ ხალხს უწოდებენ, მაგრამ როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება, ისინიც გვარიანად თუხთუხებენ. "აიაქსისა" და "ფეიენოორდის" დაპირისპირებათა ისტორიაში მკვლელობაც კი არის ჩაწერილი. 2003 წელს კი, მთავარი რაა, სათადარიგო გუნდების შეხვედრისას ამსტერდამელი ქომაგები მოედანზე შევარდნენ და როტერდამელ ფეხბურთელებს დაერივნენ. და როგორ გგონიათ, ვინ იყო როტერდამელთა სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში. დღეს უკვე კარგად ცნობილი რობინ ვან პერსი და ხორხე აკუნია. ამ უკანასკნელს საავადმყოფოში მოუხდა დაზიანებული თავის, ნეკნის და კისრის მკურნალობა.

რეინჯერსი - სელტიკი

"ოლდ ფირმ დერბის" ჩამოყალიბებას საფუძვლად პოლიტიკური და რელიგიური საკითხები უდევს, ასე რომ, წარსულში, გლაზგოს ამ ორი გუნდის თამაშს მასობრივი არეულობები ხშირად მოსდევდა. საინტერესო სტატისტიკაა: "ოლდ ფირმ დერბის" არსებობის 120 წლის განმავლობაში ორივე გუნდში მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს უთამაშია. ერთიდან მეორეში ყველაზე ხმაურიანი გადასვლა 1989 წელს შედგა. მაშინ, "რეინჯერსში" ყოფილი სელტიკელი მო ჯონსტონი გადავიდა. აღსანიშნავია, რომ პროტესტანტთა გუნდი "რეინჯერსი" იმხანად კათოლიკე ფეხბურთელებთან კონტრაქტს ჯერ კიდევ არ აფორმებდა, ჯონსტონი კი, გარდა იმისა, რომ კათოლიკე იყო, "სელტიკში დაბრუნებასთან გახლდათ ძალიან ახლოს და უცბათ... თავი "რეინჯერსში" ამოჰყო.

რომა - ლაციო

2004 წელს ამ გუნდების თამაშის მეორე ტაიმი ოთხად ოთხი წუთის დაწყებული გახლდათ, როდესაც ტრიბუნებზე ჭორი დაირხა, სტადიონის გარეთ პოლიციამ ბიჭი მოკლაო და თამაში ჩაიშალა. თუ გახსოვთ, მაშინ, "რომას" მთავარი ხულიგნები მოედანზე ჩავიდნენ და "ჯალოროსის" კაპიტანს, ფრანჩესკო ტოტის ელაპარაკნენ. თამაშის შეწყვეტის მომენტისთვის ანგარიში იყო 0:0, ორი კვირის შემდეგ კი მატჩი თავიდან ჩატარდა და 1:1 დამთავრდა. იმ სეზონში, ის ორი ქულა "რომას" ჩემპიონის ტიტულის დაკარგვად დაუჯდა.

ცრვენა ზვეზდა - პარტიზანი

ერთის ქომაგთა დაჯგუფებას ჰქვია მესაფლავეები, მეორისას მეომრები.... აღსანიშნავია, რომ ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე 1990-იან წლებში გაჩაღებული საშინელი ომის დროს ბელგრადის ამ ორი გუნდის ფანები ერთ ქვედანაყოფში არ იბრძოდნენ. ამასწინათ, ორივე ფრთა მოედანზე ჩახტა და ფეხბურთელებთან იჩხუბა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com