|
|
"სარბიელი"
ძენგას და კანის ენთუზიაზმი
გიორგი კაკაბაძე
ბოლო ორ-სამ დღეში სერია ფ-ს კიდევ ორ კლუბს შეეცვალა მწვრთნელი. "კატანია" სილვიო ბალდინისგან ვალტერ ძანგემ ჩაიბარა, "ემპოლიდან" კი ალბერტო მალეზანი დაითხოვეს და ტოსკანელთა თავკაცის პოსტს ჯიჯი კანი დაუბრუნდა. ორივე სპეციალისტი მუშაობას დიდი ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით შეუდგა. "დიდი დრო არ არის იმისთვის, რომ კლუბში რევოლუციური ცვლილებები მოვახდინოთ, თან სილვიო ბალდინიმ მართლაც კარგი სამუშაო გაწია. ჩემი მიზანია, მოთამაშეებს ღიმილი, გამარჯვებისკენ სწრაფვა და თავდაჯერებულობა დავუბრუნოთ. რეალურად მხოლოდ ფასობს შედეგი და მეტი არაფერი. "კატანიას" ფანები ფეხბურთელობის პერიოდიდან მახსოვს და მათგან დიდ დახმარებას ველი. ხელმძღვანელობაც გავიცანი და ყველამ ერთად უნდა შევძლოთ კლუბის სერია ფ-ში დატოვება" - თქვა ძენგამ. 48 წლის სპეციალისტს მწვრთნელის რანგში რუმინეთში, სერბეთში, აშშ-ში, თურქეთსა და ემირატებში უმუშავია მეტ-ნაკლები წარმატებით. იტალიაში კი პროფესიულ დონეზე ეს მისი პირველი კლუბი იქნება. "ინტერის" ყოფილი მეკარე ფეხბურთელობისას გვარიანი ტემპერამენტით გამოირჩეოდა, მაგრამ ძენგა ირწმუნება, რომ შეიცვალა. "საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს და ახლა შანსი მეძლევა, მწვრთნელის რანგში ჩემი ნიჭი რეალურად გამოვავლინო. თუმცა პირად წარმატებას კლუბის ინტერესებზე წინ ნამდვილად არ ვაყენებ. რაც შეეხება ჩემს ხასიათს, ისე ნუ დამხატავთ, როგორც ფეხბურთელობისას. როცა დრო გადის და თმები გცვივა, რაღაცებს სწავლობ. ახლა დისციპლინა და წესრიგი მიყვარს. ვცდილობ, სამაგალითო და ფეხბურთელებთან ურთიერთობაში უშუალო ვიყო" - დასძინა ძენგამ. დღეს "კატანია" 29 ქულით მეთხუთმეტე-მეთვრამეტე ადგილებს ინაწილებს "პარმასთან", "ლივორნოსთან" და "კალიარისთან". რაც შეეხება 26 ქულით ბოლო ადგილზე მყოფ "ემპოლის", მას ის მწვრთნელი დაუბრუნდა, რომელთან ერთადაც წინა სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია - უეფას თასის საგზური მოიპოვა. ჯიჯი კანი: "როცა კლუბმა დაბრუნება მთხოვა, ყველაფერი კარგად გავაანალიზე და მხოლოდ მერე დავთანხმდი. ძალიან მოტივირებული ვარ, უფრო დიდი შემართებაც კი მაქვს, ვიდრე ადრე მქონდა. ეს ახალი გამოწვევა ძალიან მახარებს. მჯერა, ბიჭები ბოლომდე დაიხარჯებიან და უმაღლეს ლიგაში დარჩენას შევძლებთ. ახლა წარსულში ქექვის ან ცხრილში ზედმეტად ყურების დრო არ არის, წინ შვიდი ფინალი გველის და ამ მატჩებში რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიხვეჭოთ".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |