"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

იყიდება რობერტო მანჩინი

გიორგი კაკაბაძე

როგორც იცით, საუბრები ჟოზე მაურინიუს "ინტერში" მისვლაზე გრძელდება. გავრცელებული ცნობებით, ძალიან დიდი შანსია, მომავალ ზაფხულს "ნერაძური" პორტუგალიელმა ჩაიბაროს. მილანელთა ამჟამინდელ მწვრთნელ რობერტო მანჩინის კი ინგლისში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ამბობენ, შესალოა, "მანჩო" მაურინიუს ექსკლუბ "ჩელსიში" წავიდესო.

ამასობაში, თითქოს მანჩინის დაცინვა და კრიტიკა აკლდა, მავანმა პიროვნებამ ირონიულად იხუმრა და ცნობით ინტერნეტმაღაზია "უიფნ"-ის ვებგვერდზე მანჩინი "აუქციონზე" გაიტანა.

ლოტის აღწერა ასეთია: "მე ვარ იტალიელი მწვრთნელი, ბოდიშს ვიხდი, რომ ჩემს სახელს არ ვაქვეყნებ, ეს ანონიმურობისთვისაა საჭირო. ჩემი სამუშაოთი ძალიან ბევრ ფულს ვშოულობ და წარსულში რამდენიმე ტურნირიც მოვიგე იტალიაში. ჩემს ამჟამინდელ კლუბთან და მის მფლობელთან ბევრი პრობლემა მაქვს. მიყვარს ინგლისი და ინგლისურად ფაბიო კაპელოზე უკეთ ვლაპარაკობ. გთხოვთ, დამეხმაროთ, მინდა, პრემიერლიგის რომელიმე დიდი კლუბი გავწვრთნა".

კოკი კანდელაკი

ვაი, ჩვენს პრობლემებს

"მილანის" პრობლემები გრძელდება - "ატალანტასთან" საშინაო მატჩში მასიმო ოდო ისე დაშავდა, რომ მენისკზე ოპერაციის გაკეთებაც მოასწრო და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ჯერჯერობით ლაზარეთში რჩებიან სერჟინიო, კაფუ და მარეკ იანკულოვსკი, რაც "როსონერის" დაცვაში დამატებით პრობლემებს ქმნის.

თითქოს ეს საკმარისი არ იყო და გაირკვა, რომ ალესანდრო ნესტასაც მოუწევს ორი მატჩის გამოტოვება - "კალიარისსა" და "იუვენტუსთან". ნესტა იმავ "ატალანტასთან" მატჩში გააძევეს მინდვრიდან, ხოლო მსაჯის ოქმის წაკითხვის შემდეგ, სადიციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ექსლაციოელი ერთი კი არა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით უნდა დასჯილიყო.

"როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი კი, ცოტა არ იყოს, ფანებზეა განაწყენებული: "ცუდი და კარგი პერიოდი ყველა კლუბს აქვს. ახლა ნამდვილად პრობლემები შეგვექმნა და როგორმე თავი უნდა დავაღწიოთ, მაგრამ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით დავიწყება არ შეიძლება. ჩვენ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგეთ. "ატალანტასთან" მატჩისას ფანები რომ გვისტვენდნენ, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს ბოლო ხუთი წლის მანძილზე არ მოგვეგოს, არადა, უამრავი ტიტული მოვიპოვეთ. ახლა წარსულს რატომღაც ძალიან მალე ივიწყებენ. არ ვამბობ, რომ ძველი წარმატებების მოგონებებით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ისინი 12 თვე მაინც უნდა ახსოვდეთ".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com