"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

ცუდი ბიჭის სხვა ცხოვრება

პაპუნა კედია

რიო ფერდინანდზე ბედნიერი ადამიანი იშვიათია - როგორც ტუცთ წა ერუ ცწკდვ-ი გვატყობინებს, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტნის მეორე ნახევარი, 27 წლის რეჩილ ელისონი მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ. პირველი, წლისა და რვა თვის ვაჟი ჰყავთ და ლორენსი ჰქვია.

ასე და ამგვარად, 29 წლის რიო ფეხბურთის ცუდი ბიჭიდან სამაგალითო ადამიანად გარდაიქმნა - ნაკრებში აკაპიტნეს, "მანჩესტერში" სამკლავური უკეთია და ოჯახშიც, კაცი რომ ინატრებს, ისე მიუდის საქმე.

რიოს მავანი ძმაკაცი: "ის ამაზე ბედნიერი ვერ იქნება. რეჩილი მეორეს ელოდება და ფაბიო კაპელომაც ნაკრების კაპიტნობა ანდო, თან საფრანგეთთან შეხვედრაში. რიო საოცრად ამაყობს უფროსი ვაჟითაც და საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანის ცხოვრება ზღაპრულად შეიცვალა.

მამობამ მასზე წარმოუდგენლად იმოქმედა. აქამდე რიო გამუდმებით შარის ძიებაში გახლდათ, მაგრამ გაჩნდა თუ არა ამქვეყნად ლორენსი, პასუხისმგებლობა იგრძნო და ძირფესვიანად გარდაიქმნა".

მართლაც საოცარია - საუბარია ადამიანზე, რომელმაც სამი წლის წინ რვათვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და დოპინგ-სკანდალის გამო ევრო 2004 გამოტოვა. ეს ის ადამიანია, რომელმაც 19 წლისამ ფეხბურთელის კარიერა სიმთვრალეში მანქანის ტარებითა და დაახლოებით ამ ტიპის სამი დანაშაულითა და სასჯელის მოხდით დაიწყო.

2000 წელს მან, ფრენკ ლამპარდმა და კირონ დაიერმა, კვიპროსზე, სანაკრებო შეკრებისას საკმაოდ ბინძურ სექს-ვიდეო-სკანდალში ამოყვეს თავი. ახლახან, შობას, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი წვეულების დროს კი ისევ რიოზე დაიყარა ჭორი, თითქოს ის ორგიების მოწყობაში ამხილეს.

მეგობარი: "მაგრამ რიო კატეგორიულად უარყოფდა იმ ორგიაში მონაწილეობას. ის, რომ წვეულება ორგიად გადაიქცა, მისი ბრალი არ იყო. იმხანად მან ექოსკოპიის წყალობით უკვე იცოდა, რომ რეჩილი ფეხმძიმედ იყო და მისი წყენინება არაფრით არ უნდოდა. საბედნიეროდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ის უდანაშაულო გახლდათ".

თავად რიო ფერდინანდი კი ასე ამბობს:

"დიახ, ცხოვრებაში უამრავი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ამ შეცდომებისა არ მრცხვენია, ცხოავრება ცხოვრებაა და შეცდომა მომავალშიც შეიძლება დავუშვა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ახალი შეცდომები წარსულივით ძვირი აღარ დამიჯდება".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com