|
|
"სარბიელი"
მეცნიერი ისევ ღამურა გახდება
ლადო ხომერიკი
შესაძლოა, ლუის არაგონესი მომავალ სეზონში "ვალენსიას" მწვრთნელი გახდეს. "მეცნიერი" ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ესპანეთის ნაკრებს დატოვებს ("ფურია როხას" ვისენტე დელ ბოსკეს გადააბარებენ) და, სავარაუდოდ, "ღამურებს" ჩაუდგება სათავეში. "ვალენსიას" ამჟამინდელი თავკაცი რონალდ კუმანი კი თავის შეგირდებს მიმდინარე სეზონის დასასრულს (თუ უფრო ადრე არა) დაემშვიდობება. "მესტალიაზე" ჰოლანდიელის დარჩენის მცირე შანსი არსებობს - კუმანმა 16 აპრილს "ხეტაფესთან" კოპა დელ რეის ფინალი უნდა მოიგოს და პრიმერადივიზიონის დარჩენილ 8 თამაშშიც სასურველ შედეგებს მიაღწიოს. ლუის არაგონესი ერთხელ უკვე იყო "ვალენსიას" მწვრთნელი. 1995-96 წლების სეზონში "ელ საბიოს" "ღამურებმა" პრიმერადივიზიონში მეორე ადგილი დაიკავეს, თავად დონ ლუისი კი ლეგენდარულ შეგირდს, დიდ რომარიოს დაუპირისპირდა. ოსტატისა და მოწაფის დუელი მაშინ არაგონესმა მოიგო და რომარიო ბრაზილიურ "ფლამენგოში" იჯარით გააგზავნეს. "მეცნიერს" უთქვამს, სანაკრებო ეტაპის დასასრულს ლა ლიგას რომელიმე კლუბში მწვრთნელობა მინდაო. "ვალენსიას" პრეზიდენტი აგუსტინ მორერაც მხცოვან სპეციალისტთან თანამშრომლობის იდეას სიხარულით შეხვედრია.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |