"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

საფეხბურთო ლეგენდები

ლეგენდა #13:

ბასბის ბიჭები

ამ ბიჭებს თავიდან ჯიმი მერფი წვრთნიდა და მათ აღმომჩენად იგი ითვლება. თუმცა შემდგომ ისინი სერ მატ ბასბიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად გუნდში გადაისროლა და ბრწყინვალედ აათამაშა კიდეც. ბავშვებმა ყველა გააოცეს. ისინი იმიტაც გამოირჩეოდნენ, რომ "წითელი ეშმაკების" აღზრდილები გახლდნენ და არა სხვადასხვა გუნდებიდან შეკრებილნი.

1955-56 და 1956-57 წლების სეზონებში გუნდმა, რომლის ფეხბურთელთა საშუალო ასაკიც 21-22 წელი იყო, ინგლისის ჩემპიონობა შეძლო. მეტსახელი "ბასბის ბიჭები" მათ "მანჩესტერ ივნინგ ნიუსის" ჟურნალისტმა ტომ ჯეკსონმა შეარქვა.

სამწუხაროდ, "ბასბის ბიჭების" არსებობა მხოლოდ ხსენებულ ორ სეზონს ითვლის. 1958 წლის 6 თებერვალს მიუნხენში "მანჩესტერ იუნაიტედის" თვითმფრინავი ავიაკატასტროფაში მოჰყვა. დაშავდა 21 ადამიანი, 23 კი დაიღუპა, აქედან 8 ფეხბურთელი. მათ შორის იყო დანკან ედვარდსი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იგი უშუალოდ ავიაკატასტროფას გადაურჩა, მაგრამ ისე გახლდათ დაშავეული, რომ მხოლოდ 15 დღე იცოცხლა.

გადარჩა თავად მატ ბასბი, რომელმაც შემდგომში კლუბში დიდ წარმატებებს მიაღწია. ბასბი 1994 წელს გარდაიცვალა. მიუნხენურ ტრაგედიაში გადარჩენილებს შორის იყო "მანჩესტერის" და ინგლისის ლეგენდარული თავდამსხმელი სერ ბობი ჩარლტონიც.

ლეგენდა #14:

ერთი გაზეთის ამბავი

მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ურუგვაელები 1950 წლის მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში 16 ივლისს 200 ათასზე მეტი ქომაგით გადაჭედილ "მარაკანაზე" მასპინძელ ბრაზილიელებს შეხვდნენ. მაშინ თითქმის ყველა, ურუგვაელების დიდი ნაწილიც კი დარწმუნებული იყო, რომ მატჩს ბრაზილია მოიგებდა და პირველად გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ...

გამოჩნდა კაცი, რომელმაც შეძლო ურუგვაელებში საბრძოლო ჟინის გაღვივება და თვითრწმენის შემატება. ეს მათი მწვრთნელი ივან ლოპესი გახლდათ, რომელსაც ამაში ბრაზილიური გაზეთი "კრუზეირო" დაეხმარა.

საქმე ის არის, რომ "კრუზეირომ" "საქმის წინ წაგდება" გადაწყვიტა და სპეციალური ნომერი გამოუშვა, რომლითაც ხელდამშვენებული ლოპესი ტაიმებს შორის შესვენებაზე თავის შეგირდებს გასახდელში ეწვია. პირველ გვერდზე დიდი ასოებითნ ეწერა: "გაიმარჯვა ბრაზილიამ! ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ!"

მეორე ტაიმში ურუგვაელებმა მასპინძელი ფრიაკას გოლს სკიაფინოსა და გიჯას ბურთებით უპასუხეს, თავდაჯერებული ბრაზილიელები შოკში ჩააგდეს და მეორედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები.

ლეგენდა #15:

ჰეთ თრიქის მეფე

დიქსი დინმა ინგლისის პირველ ლიგაში თამაში 15 წლისამ დაიწყო. დიქსი პირველ მსოფლიო ომამდე თამაშობდა და ბევრის აზრით, სწორედ ამიტომ არ არის დღესდღეობით ისეთი ცნობილი, როგორც პელე, ალფრედო დი სტეფანო და სხვა ლეგენდარული გოლეადორები. მას "ჰეთ თრიქების მსოფლიოს რეკორდსმენსა" და "მეფეს" ეძახდნენ. უილიამ რალფ დინს კარიერის მანძილზე 37 მატჩში აქვს გატანილი სამ-სამი ბურთი.

მეტსახელი "დიქსი" მას ფანებმა შეარქვეს, რადგან იგი სამხრეთელთათვის და აფრო-ამერიკელთათვის დამახასიათებელი მუქი ფერის კანითა და შავი თმებით გამოირჩეოდა ("დიქსი" ინგლისურად სამხრეთს ნიშნავს). თავად დინს ეს სახელი დიდად არ მოსწონდა და ბრაზდებოდა კიდეც. ერჩივნა, ბილი დაეძახათ, მაგრამ...

1907 წლის 22 იანვარს ინგლისის ქალაქ ბირკენჰედში დაბადებულმა დინმა კარიერის უდიდესი ნაწილი "ევერტონში" გაატარა, რომლის რიგებშიც 399-ჯერ ითამაშა და 349 გოლი გაიტანა. მას ეკუთვნის საოცარი რეკორდი - ერთ სეზონში (1927-28) 60 გოლი. არადა, 1926 წელს იგი მოტოციკლით მძიმე ავარიაში მოჰყვა და სერიოზულად დაშავდა, მაგრამ სრულად მომჯობინება შეძლო.

ლივერპულელებთან ერთად დიქსიმ არაერთ წარმატებას მიაღწია და კლუბი გაჭირვების ჟამსაც არ მიუტოვებია, რაც შემდგომში დაუფასდა კიდეც. ინგლისის ნაკრებში კი მან 1927-32 წლებში 16-ჯერ ითამაშა და 18 გოლით გამოირჩა.

დინი თავით ბრწყინვალე თამაშისა, გოლის ალღოსა და პასების გარდა, კორექტულობით გამოირჩეოდა. კარიერის მანძილზე ფაქტობრივად არცერთხელ არ დაურღვევია თამაშის წესები უხეშად და შესაბამისად, არც დასჯილა.

საინტერესო კარიერისა და ცხოვრების მანძილზე მას არაერთი აღიარება აქვს მოპოვებული და ასევე არსებობს მისი სახელობის რამდენიმე ჯილდო. იგი 1980 წლის 1 მარტს "გუდისონ პარკზე" გარდაიცვალა, მისი საყვარელი "ევერტონისა" და თანაქალაქელი "ლივერპულის" დერბის ყურებისასის (შეხვედრა "ლივერპულმა" 2:1 მოიგო).

"გუდისონ პარკთან" დგას დიქსი დინის ქანდაკება წარწერით - "ფეხბურთელი, ჯენტლმენი, ევერტონელი".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com