"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

საქართველო განსაკუთრებულია! კლაუს ტოპმიოლერი ფედერაციას მწვრთნელის მოძებნაშიც დაეხმარება

ილია ნანობაშვილი

"28 არეული თვის შემდეგ კლაუს ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრებს დაშორდა" - ასე წერს ცნობილი გერმანული ვებგვერდი ცცცყთზწკე#ყვუ და ქართველთა

აწ უკვე ყოფილ თავკაცთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში ბევრს საინტერესოს, გულთან მისატანს

და სასიამოვნოსაც ამოიკითხავთ...

- რატომ წამოხვედით საქართველოდან.

- 2007 წლის ოქტომბრის შემდეგ თანხას ვერ ვიღებდი - ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა. ფიფასაც ვაცნობე ამის თაობაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კი იმდენჯერ შევახსენე, აღარც მახსოვს. საქართველოს სპორტის მინისტრმა მითხრა, ყველაფერი დარეგულირდებაო, თუმცა...

- ნაწყენი დაშორდით ქართულ მხარეს.

- არა, არა... მეგობრულად დავშორდით და მინდა, მეგობრებადვე დავრჩეთ. მე ვერ მივაღწიე მიზანს, საქართველოს ნაკრები უძლიერეს შესარჩევ ჯგუფში იყო - საფრანგეთი, იტალია და მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნათამაშევი უკრაინა შეგვხვდნენ...

- რა გარეშე პრობლემები გხვდებოდათ იქ მუშაობაში.

- ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელები ძნელად ჩამოდიან მატჩებზე. აი, სულ ახლახან ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის წინ ათი კაცი დაგვაკლდა, კიდევ ორნი სასტუმროში გახდნენ ავად, სამმა სულაც ვიზა ვერ აიღო და ბელფასტში ვერ ჩამოვიდა...

- ასეთ სიტუაციაში მუშაობა მართლაც ძნელია...

- და ეს გაგრძელდებოდა ორი წელიწადი. ფეხბურთელთა ამხელა დანაკლისი კიდევ უფრო დიდი დარტყმაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე არასოდეს გასულა. ამ პრობლემების შემხედვარე, ფედერაციის ხელმძღვანელებს ვუთხარი, ნება მიბოძეთ, უნდა დაგშორდეთ...

- და რა იყო დადებითი თქვენს მუშაობაში.

- ახალგაზრდა ასაკის ბევრი ფეხბურთელი დაწინაურდა ეროვნულ ნაკრებში. ადრე ფეხბურთელებს ისე იძახებდნენ, ვინ როგორ ფორმაში იყო, არ იცოდნენ. ჩვენ შევქმენით 15-წლამდელთა ნაკრები, აქტიურად ვიყავი ჩართული სხვა ასაკობრივი გუნდების გაწვრთნაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში მუშაობას ითვალისწინებდა.

- 28 თვის შემდეგ რა შთაბეჭდილებებით წამოხვედით საქართველოდან.

- ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ საქართველო განსაკუთრებულია! იქაურობა შესანიშნავია და მწყინს კიდეც, რომ წამოსვლა მომიხდა. საქართველოში ყველა მცნობდა, ძალიან პოპულარული ვიყავი, თანაც ეს იყო ჩემი პირველი ნაკრები სამწვრთნელო კარიერაში და ეს უზომო სიამოვნებას მანიჭებდა.

- გამორიცხავთ ნაკრებში კვლავ მუშაობას.

- ჩვენ მეგობრებად დავშორდით, თუმცა მზად ვარ, ქართულ მხარეს სიტყვითაც და საქმითაც მივეხმარო. ფედერაციის პრეზიდენტმა მთხოვა, ახალი მწვრთნელის მოძებნაში დავხმარებოდი. საერთოდ კი, ახლა დიდ პაუზას ვიღებ, დასვენება მსურს.

- შარშან ცოტა ხანს "კაიზერსლაუტერნში" სპორტულ დირექტორადაც იმუშავეთ. ხომ არ დაუბრუნდებით კლუბს, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასია.

- მე უხელფასოდ ვეხმარებოდი "კაიზერსლაუტერნს", უფრო სწორად, მინდოდა, დავხმარებოდი. მინდოდა, ზაფხულამდე დამერეგულირებინა კლუბში არსებული გაუგებარი სიტუაცია. სამი ფეხბურთელი ვურჩიე კლუბს, მხოლოდ კონტრაქტის გაფორმებაღა აკლდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "კაიზერსლაუტერნს" თანხა არ ჰქონია... ეგრევე წამოვედი კლუბიდან, რადგან ჩემი გასულელების უფლებას არავის მივცემდი.

- და მაინც, "კაიზერსლაუტერნში" იმუშავებთ.

- გამორიცხულია! თუმც ამ გუნდის კარგი ყოველთვის გამიხარდება და ცუდი მეწყინება. ძალიან მინდა, "კაიზერსლაუტერნმა" მეორე ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com