"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

ფრთხილად ვიყოთ და ჩემპიონობა ჩვენია!

ირაკლი პერტაია

ბერნდ შუსტერს "სევილიასთან" მოგებამ ოპტიმიზმი დაუბრუნა და ესპანურ მედიაშიც აღარ აცხადებენ, "რეალის" პრეზიდენტი კალდერონი "ბერნარდოს" დღე-დღეზე "სანტიაგო ბერნაბეუდან" დაითხოვსო.

სამეფო გუნდის მწვრთნელს მადრიდული "ასი" გაესაუბრა- შეიძლება, საამსეზონო ლა ლიგა "რეალს" უკვე მოგებულად ჩავუთვალოთ.

- ჯერ ზეიმის გამართვა ადრეა. წინ რვა ფინალი გვაქვს დარჩენილი და ყველამ ვიცით, რომ ეს მატჩები იოლად არ ჩაივლის. მეტოქეებსაც თავიანთი მიზნები აქვთ - ზოგი უეფას თასზე მოსახვედრად იბრძვის, ზოგი ჩემპიონთა ლიგაში, ზოგსაც კიდევ სეგუნდადივიზიონში გავარდნა ემუქრება. "მალიორკასთან", "რასინგთან", "ოსასუნასთან" და "სარაგოსასთან" მატჩები სტუმრად უნდა გავმართოთ, ეს გუნდები კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძოლებენ. ჩემპიონობისკენ მიმავალ გზას იოლ გასეირნებას ნმდვილად ვერ დავარქმევთ. აბა, ვის შეეძლო ადრე, ჩვენთვის ეთქვა, რომ "ბეტისთან" და "დეპორტივოსთან" ამგვარად წავაგებდით. დარჩენილი 8 მატჩი უფრო ფასობს, ვიდრე სეზონის სხვა შეხვედრები. ფხიზლად ყოფნა გვმართებს...

- მართლაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენთ...

- სხვანაირად არ შეიძლება. ყველაზე კარგი ის არის, რომ საკუთარ შედეგებზე ვართ დამოკიდებულნი. თუ სამომავლო მატჩებშიც ისე ვითამაშებთ, როგორც ეს "სევილიასთან" მოხდა, ანუ პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, ჩემპიონობა არ აგვცდება. ახლა უწინდელზე კარგი გუნდი ვართ და მეტოქეებსაც ქულათა საკმაო რაოდენობით ვუსწრებთ. ეს უნდა გამოვიყენოთ.

- "დეპორტივოსთან" დამარცხების შემდეგ ბაპტიშტასა და დიარაზე უარი თქვით, რამაც გაგოს, სნეიდერსა და იგუაინს ხელ-ფეხი გაუხსნა...

- "დეპორთან" მოიერიშე ხაზი ძლირეად ვერ გამოიყურებოდა. სნეიდერმა და გუტიმ მოედნის ცენტრი დაიპყრეს, მაგრამ დრენტემ მანუელ პაბლოს ვერაფერი მოუხერხა და შესაფერისი მომენტებიც ვერ შევქმენით. ჩემი აზრით, ჩვენ თავს კარგად ვიცავდით და გალისიელებსაც ბევრი საგოლე შანსი არ ჰქონდათ, თუმცა იმ დღეს სოლდადოს ვენდე და "დეპორტივომაც" გადაწყვიტა, საკუთარი საჯარიმო 10 მოთამაშით დაეცვა, რაც ფეხბურთში ადრე არ მინახავს.

- ინჩასები "რეალისგან" ლაღ ფეხბურთს მოითხოვენ. მოგება მთავარია, მაგრამ თამაში სანახაობრივადაც ხომ ლამაზი უნდა იყოს...

- ეს "ვალენსიასთან" შევძელით, ყველაფერი მაღალ დონეზე შევასრულეთ, უამრავი საგოლე ეპიზოდიც გვქონდა და ამბიციაც არ გვაკლდა. თუმც, როცა ანგარიში 2:1 იყო ჩვენს სასარგებლოდ, შევცდით და "რეალის" კარში პენალტი დაინიშნა: ვალენსიელებმა ანგარიში გაათანაბრეს, ჩვენ კი შევეცადეთ, საქმე თავგანწირული იერიშებით გამოგვესწორებინა. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა, მეტოქის მოგებამ დიდი დარტყმა მოგვაყენა.

- სავიოლა და სოლდადო მოედანზე რატომ აღარ ჩანან. "რეალს" მათთან თანამშრომლობა ადრე სწორედ ბერნდ შუსტერმა ურჩია, ახლა კი ეს ფეხბურთელები ჩრდილში არიან...

- სავიოლამ "მალიორკასთან" სათასო მატჩში ტრავმა მიიღო, მერე ოპერაცია გაიკეთა და, ბუნებრივია, ასე თამაში გაუჭირდებოდა. იცით, ბოლო ორ მატჩში რუუდ ვან ნისტელროის რომ ეთამაშა, ახლა მეგოლეთა სიაში ლუიშ ფაბიანუს გვერდით იქნებოდა. სამწუხაროდ, რუუდიც ტრავმირებულია. ჩვენ მის მოედანზე არყოფნას ძალიან განვიცდით. ამის გამო ჰოლანდიელის პოზიციაზე რამდენიმე საცდელი ვარიანტის შემდეგ, გონსალო იგუაინი გავამწესეთ. მართალია, გონსალო ბევრ გოლს ვერ იტანს, მაგრამ "ვალენსიასთან" 25 წუთის განმავლობაში და "სევილიასთან" მთელი მატჩის დროს ბევრი იბრძოლა და მეტოქის კართან სახიფათო სიტუაციებიც შექმნა. იგუაინი არც რაულია და არც ვან ნისტელროი, მაგრამ ბრძოლას არ გაურბის და მალე გოლების გატანასაც დაიწყებს.

- ჰოლანდიელმა ექიმებმა თქვეს, ვან ნისტელროი "რეალის" ბოლო ოთხი მატჩისას გამოჯანმრთელდებაო. თქვენი აზრით, ეს დიაგნოზი სწორია.

- ცხადია, სწორია. დარწმუნებული ვარ, რუუდი 7 მაისს "ბარსასთან" და პრიმერას დარჩენილ ტურებშიც ითამაშებს. გარდა ამისა, ვან ნისტელროი პროფესიონალია, თავს კარგად მოუვლის, რაც მისი გამოჯანმრთელების პროცესს დააჩქარებს. მან მითხრა, რომ დროულად დაბრუნდება და მეც მისი სიტყვებისა მჯერა.

- თქვენთვის სასიკეთო იქნება, რუუდი დროულად რომ დაგიბრუნდეთ, "რეალს" უმისოდ გოლის შეგდება უჭირს... სხვა ჰოლანდიელზე, "ბერნაბეუს" სამომავლო სავარაუდო ჰუნტელაარზე რას გვეტყვით.

- ეს ბიჭი თამაშის სტილით ძალიან ჰგავს რუუდ ვან ნისტელროის და მარკო ვან ბასტენს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ლაბორატორიაში ამ ორი ფეხბურთელის კლონი გამოიყვანეს... კლაას იანი მოედანზე თავისი სახელგანთქმული თანამემამულეებივით გადაადგილდება, ბურთს ორივე ფეხით ერთნაირი სიძლიერით ურტყამს და თავითაც უამრავი გოლი შეუგდია. გარდა ამისა, ჰოლანდიელებს ბრწყინვალე საფეხბურთო სკოლა აქვთ, ყველაფერს ადვილად სწავლობენ და პროფესიონალიზმიც არ დაეწუნებათ. ჰოლანდიელთა ტრანსფერებზე ბევრ ყოყმანს ამიტომაც არ ვიწყებთ. ჰუნტელაარი აქ ერედივიზიონივით 30 გოლს ვერ გაიტანს, მაგრამ თუ მოინდომა, ხუთით ნაკლებს აუცილებლად მიაღწევს.

- ლუიშ ფაბიანუსა და დიდიე დროგბაზე ისე საუბრობენ, როგორც მომავალ რეალელებზე...

- ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია. "რეალი" მოგებული დარჩება, თუ მათ ყიდვას გადაწყვეტს.

- რუბენ დე ლა რედისა და ხავი გარსიას აგენტმა მანუელ გარსია კილონმა განაცხადა, რომ ორივე ეს ფეხბურთელი გაისად "რეალის" ძირითადი გუნდის წევრი იქნება. ბოლოს და ბოლოს, ბერნდ შუსტერი "კანტერას" ("რეალის" საფეხბურთო სკოლა) მოწყალე თვალით უყურებს...

- ამ თემაზე უკვე რამდენიმე ხანია, ვმუშაობთ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც "კანტერას" ამბავს ნეგატიურად, ჩვენს გასაკრიტიკებლად იყენებენ. "რეალ კასტილიას" აღზრდილებს ძირითად გუნდში მოხვედრა ყოველთვის უჭირდათ და, ალბათ, მომავალშიც ასე გაგრძელდება. მთავარ "რეალში" მათი პირდაპირი მოხვედრა შეუძლებელია, ამიტომაც ჩვენს ბიჭებს პრიმერას სხვადასხვა გუნდში ვგზავნით, ვაკვირდებით, ელიტაში სათამაშოდ მზად არიან, თუ არა. სოლდადო, ხურადო, არბელოა, დე ლა რედი, ხავი გარსია - ყველა პრიმერას გუნდებში თამაშობდა, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, "რეალის" დონის გუნდსაც თუ გამოადგებოდნენ. ახლა დე ლა რედმა "ხეტაფეში" თავი გამოიჩინა და უეფაზე, კოპა დელ რეისა და ლა ლიგაში მშვენივრად ითამაშა. მას ნაკრებშიც დაუძახეს. თუმცა დე ლა რედმა და სხვა კანტერელებმა უნდა იცოდნენ, რომ "ბერნაბეუზე" ძირითადში ყოფნა გარანტირებული არ ექნებათ, მადრიდი მაქსიმუმს მოითხოვს.

- რობინიო "სევილიასთან" სათადარიგოებში ყოფნით დასაჯეთ.

- არა, ეს ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. რობინიო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ "სევილიას" ჰყავს ალვეში, რომელიც თავის თამაშს ნებისმიერ მეტოქეს თავს მოახვევს. ვიცოდი, რომ ალვეშის შეჩერება ფიზიკურად ძლიერ და სწრაფ არიენ რობენს უფრო შეეძლო. ამ ორი ფეხბურთელის დუელმა, ჩემი აზრით, "სევილიასთან" ტრიუმფი მოგვიტანა. რობენმა ალვეშს მოუგო, რომელმაც ფარ-ხმალი დაყარა. მაგრამ რობინიო რომ ვარსკვლავია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

- გასულ ზაფხულს ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს დონის ფეხბურთელის განდში ყოლა ბედნიერებაა. პორტუგალიელის მადრიდში გადმოყვანის რამე შანსი თუ არსებობს.

- რა გითხრათ... ამგვარი ტიპის საკითხებს რეალისტურად უნდა შეხედო. კრიშტიანუ რონალდუ ახლა თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ცხადია, "მანჩესტერი" დღეს მის გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ სავსებით შესაძლებელი იქნება, პორტუგალიელის "რეალის" თეთრი მაისურა მოვარგოთ... მე თუ მკითხავთ, რონალდუმ კაკას უკვე აჯობა. ადრე თუ გვიან, იგი რეალელი გახდება.

- ვარსკვლავებზე საუბრისას რონალდინიოც გავიხსენოთ. ბრაზილიელს "ბარსაში" რთული პერიოდი აქვს...

- რონალდინიოს კრიზისი კარგახნის წინ დაიწყო, უფრო რომ დავაზუსტოთ, გასული სეზონიდან. "ბარსელონამ" კი იმით გამაკვირვა, რომ პრეზიდენტი ლაპორტა და მისი ხალხი რონის თემის მიჩქმალვას გამამხნევებელი ფრაზებით ცდილობდნენ. სახალხოდ რონი არასოდეს გაუკრიტიკებიათ, მაგრამ ხომ ვიცით, რომ "კამპ ნოუზე" ტაბუდადებული, დაფარული თემები არსებობს. დეკუსა და მარკესის ამბავზეც არ მახვილდება ყურადღება.

- "ბარსელონას" უკუსვლა რონალდინიოს მოედანზე გამოუსვლელობას უნდა მივაწეროთ.

- არა. კატალონიელთათვის ყველაზე მძიმე დარტყმა ლეო მესის ტრავმა იყო. მესის გარეშე "ბარსელონა" ისეთი ძლიერი ვეღარაა. გარდა ამისა, ამ სეზონში ეტოომაც ორჯერ მიიღო ტრავმა და თან აფრიკის თასზე მონაწილეობისას გამოაკლდა გუნდს. "ბარსამ" უნდა გაიგოს, რომ თანამედროვე ფეხბურთში ადვილად უკვე ვეღარავის დაამარცხებს. "ბეტისს" შეხედეთ, ანდალუზიელებთან მოედანზე თავდაჯერებულნი გავედით და დავისაჯეთ კიდეც. 1:0-ს ვიგებდით, მერე რობენმა მეორეც გაიტანა, მაგრამ "ბეტისი" გაცოცხლდა და ხუთ წუთში ჩაგვძირა...

- "ბეტისის" "ბარსასთან" ვაჟკაცობა პირდაპირ ეთერში თუ ნახეთ.

- არა. "ბარსელონა" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩვენი ერთ-ერთი სახიფათო მეტოქეა და არ მინდა, მათი თამაშების ყურებით "რეალის" მომზადების გეგმა ავრიო... მოკლედ, იმ დღეს ერთ-ერთმა ჩვენმა ფეხბურთელმა მითხრა, რომ "ბეტისი" აგებდა, ოღონდ ანგარიში არ გაუმხელია. მერე გერმანიიდან მეგობარმა მესიჯი გამომიგზავნა, ტელევიზორთან კინაღამ ინფარქტი მივიღე, "რუის დე ლოპერაზე" ჭკუიდან შემშლელი ამბები ხდებაო. შემდეგ გავიგე, რომ "ბეტისი" 0:2-ს აგებდა და საბოლოოდ, კატალონიელებისთვის 3:2 მოუგია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com