|
|
"სარბიელი"
ოლიმპიაკოსმა მოსკოვში გაიგრიალა
ირაკლი პერტაია
ევროლიგის ოთხთა ფინალში გასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლები დაიწყო და პირველივე მატჩებში გვარიანი სენსაციაც გამოცხვა. მოსკოვის ცსკა, რომელსაც ხუთ აქამდელ ოთხთა ფინალში უთამაშია და შინ მიჯრით 27 მატჩი მოეგო, ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" დამარცხდა. არმიელები საკუთარი მაყურებლის თვალწინ პირეოსელთა ამერიკელმა ლეგიონერმა ლინ გრირმა დაამწუხრა, ვინც სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააკალათა. "ჩემთვის დიდი პატივია, გადამწყვეტი სროლის უფლება რომ მერგო - თქვა ნამატჩევს გრირმა - ნიკოლა ზიზისმა ყველაფერი გააკეთა დაცვაში, თუმც მაინც დავუსხლტი და ვესროლე. უმაგრესი შეგრძნებაა, როცა თამაშის ბედს შენი ნასროლი წყვეტს". გრირის ოქროს ორქულიანმა ბერძნებს სულზე მიუსწრო, თორემ ის რომ არ ჩავარდნილიყო, თამაში ოვერტაიმში გადავიდოდა და მასპინძლებს ისეთი სიჩქარე ჰქონდათ აკრეფილი, სტუმრებს მოგებას აღარ გაატანდნენ. ცსკა მთელი თამაში აგებდა, ერთხანს 15 ქულითაც, თუმცა ბოლო წუთებში შეძლო ბერძნებს წამოწევა და გრირს რომ არ ეყოჩაღა... "ბოლო მეოთხედში ცოტა მოვეშვით და არაერთი სროლა გავაფუჭეთ სრულიად თავისუფალი მდგომარეობიდან - თქვა "ოლიმპიაკოსის" თავკაცმა პანაიოტის იანაკისმა- პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ხელიდან გვეცლებოდა და ბოლოს ცსკა-მ გაგვითანაბრა კიდეც, თუმცა არ შევმცდარვარ, როცა გადამწყვეტი სროლა გრირს მივანდე. მისი წყალობით კონტინენტის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი დავამარცხეთ". პირეოსელებმა ტურნირი არასტაბილურად დაიწყეს და თავიდან ბევრს აგებდნენ, თუმცა გზადაგზა შეთამაშდნენ და მეორე ჯგუფური ეტაპიდან აღარავის ინდობენ. მოსკოვში მათ მიჯრით მეექვსე საევროლიგო გამარჯვება მოიპოვეს და თუ ერთი კვირის თავზე შინაც დაძლევენ არმიულ ბარიერს, ოთხთა ფინალში გაივაკებენ. ქულათა სხვაობას მნიშვნელობა არ აქვს ამ ეტაპზე - მეოთხედფინალურ რაუნდს ის იგებს, ვინც ორ გამარჯვებას მოიპოვებს. "ოლიმპიაკოსს" გრანდების გამწარების გამოცდილება უკვე აქვს - მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პირეოსელებმა მადრიდის "რეალი" დაამარცხეს და ამ ოთხთა ფინალის მასპინძელ გუნდს საკუთარ ქალაქში მაყურებლის როლი არგუნეს. დარჩენილ სამ წყვილში ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა. ყველა მასპინძელმა იმარჯვა, თუმც იოლი გასეირნება არც ერთ არ ჰქონია. "ტაუმ" ბრძოლაში მოუგო მეოთხედფინალში სენსაციურად გამძვრალ "პარტიზანს", რომელმაც მოქმედი ჩემპიონი "პანათინაიკოსი" ჩატოვა ჯგუფში და ახლა ბასკებთანაც დიდი გული აქვს. თუმც ვიტორელები მედგარდ დაუხვდნენ "პარტიზანებს" და ზორან პლანინიჩის წინამძღოლობით სერიაში პირველი გამარჯვებაც იზეიმეს. "მაკაბისაც" დიდი ჯაფა დასჭირდა "ბარსელონას" გასატეხად. კატალონიელებს მოულოდნელად ულიდერა თურქმა ახალბედა ერსან ილიასოვამ, ვისი ძალისხმევითაც ბოლო მეოთხედამდე თანაბრობა იყო. ბოლოს საკუთარი კედლების ფაქტორმა მაინც თავისი გაიტანა და "მაკაბიმ" 6 ქულით იმარჯვა. დაბოლოს, "სიენამ" "ფენერბაჰჩე" დაამწუხრა, თუმც თურქებმა გვარიანი წინააღმდეგობა გაუწიეს ფავორიტ მასპინძელს და სერიის მორიგ სტამბოლურ მატჩში საერთო ანგარიშის გათანაბრებასაც ეშურებიან.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |