|
|
"სარბიელი"
თვის მოთამაშეები
"ნიუ ორლეან ჰორნეთსის" 183-სანტიმეტრიანი გამთამაშებელი კრის პოლი ისეთ ზღაპრულ კალათბურთს თამაშობს, რომ ვინ იცის, რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლებრონ ჯეიმსზე, კობი ბრაიანტსა და ასოციაციის სხვა მეგავარსკვლავებზე წინ დააყენონ სეზონის უძვირფასესი მოთამაშის გამოკითხვაში. მით უმეტეს, არავის გაჰკვირვებია, ნბა-ს საუკეთესო მეპასე მარტის საუკეთესო მოთამაშედ რომ დასახელდა დასავლეთ კონფერენციაში. პოლმა მარტში 15 თამაშიდან 11 მოაგებინა "კრაზანებს" და კონფერენციაში გაალიდერა. მისი პირადი მონაგარი კი კიდევ უფრო შთამბეჭდავია - 24,0 ქულა, 13,3 პასი და 2,7 ჩაჭრა საშუალოდ მატჩში. მისი წყალობით იქცა "ნიუ ორლეანი" ქვესაშუალო გუნდიდან დევებით დასახლებული კონფერენციის წინამძღოლად და პლეი ოფსაც დიდი ამბიციით ხვდება. აღმოსავლეთის რჩეული კი ჩვენებური ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი და "ატლანტა ჰოქსის" ლიდერი ჯო ჯონსონი გახლავთ, ვისი ყოჩობითაც "ქორები" წლეულს ალბათ გატეხავენ 9-წლიან ყინულს და პლეი ოფში დაბრუნდებიან. ჯონსონმა მარტის თამაშებში საშუალოდ 24,9 ქულა და 7,0 პასი აგროვა. აღმოსავლეთში თვის მწვრთნელად "ბოსტონ სელტიქსის" დამრიგებელი დოკ რივერსი დაასახელა, ვინც თავის გუნდს მარტში 16 თამაშიდან 13 მოაგებინა, თან მიყოლებით დაამარცხებინა ლიგის თითქმის ყველა მძლავრი გუნდი და საბოლოოდ დაამკვიდრა აღმოსავლეთის ცხრილის თავში. მარტის საუკეთესო ახალბედად კი ფაჩულიას კიდევ ერთი თანაგუნდელი, მისი უშუალო კონკურენტი, ალ ჰოსფორდი დასახელდა. დასავლეთში თვის მწვრთნელის სახელი ერგო "იუტა ჯაზის" თავკაც ჯერი სლოუნს (12 მოგება, 4 წაგება), თვის ახალბედად კი "სიეტლის" ლიდერი კევინ დურანტი შეირაცხა.
**
კვირის სიმბოლური ხუთეული ("სარბიელის" ვერსია): კრის პოლი (ნიუ ორლეანი), ჯო ჯონსონი (ატლანტა), კარმელო ენტონი (დენვერი), კარლოს ბუზერი (იუტა), ამარე სტუდემაიერი (ფინიქსი) ზამთრის ძილის მერე, ვაჟ ხელბურთელთა მე-18 ჩემპიონატის მესამე წრე, გუშინ ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში განახლდა. წყვილების ფავორიტებმა - "სტუ-თელავმა" და "თბილისმა" - თავიანთი თამაშები ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოიგეს. თვითონ თამაშებზე კი აბა, რა გითხართ. "მამული" და "ქუთაისი" წინააღმდეგობის გაწევას კი არა, გოლების გატანასაც ვერ ახერხებდნენ. დღეს და ხვალ კიდევ ორ-ორი თამაში ჩატარდება, პარასკევს კი "სტუ-თელავი" - "თბილისია" და, ვნახოთ, რას იზამენ ლიდერები.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |