"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

გოგშელიძემ გაცალოვს ხასიათი გაუცვალა: ოქრომ ჰიმნი, დროშა

ლექსო მაისურაძე

და იმედი იცისგოგშელიძისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი რომ, ლიცენზია აიღო და ახლა ოლიმპიადისთვის მზადებას მშვიდად გააგრძელებს და მეორე: საჩემპიონო გზაზე ძველი და ძნელი მეტოქე ჰაჯიმურად გაცალოვი დაჯაბნა და საოლიმპიადოდ ფსიქოლოგიური განწყობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. ზემოთ გოგშელიძის ორ შეხვედრაზე გითხარით, თუმცა იოლი გზა არც მანამდე ჰქონია: საწყის დაპირისპირებაში ბელარუს რუსლან შეხოვს 1:0, 1:0 გამოუყვანა წირვა და მერე მოლდოველ ნიკოლაი სეხანს დააყრევინა ფარ-ხმალი - 4:0, 1:0.

გუშინვე გიორგი გოგშელიძეს ფინეთში დავუკავშირდით...

- რთულ ბადეში მოვხვდი. ყველა მეტოქე სერიოზული შემხვდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გარჯა დამიფასდა და ჩემპიონი გავხდი. ფინალში გამარჯვებაზე არანაკლებ გაცალოვის დამარცხება გამიხარდა. ბოლო დროს ყოველთვის მცირედით მიგებდა. ახლა კი ფსიქოლოგიური უპირატესობაც ჩემს მხარეს იქნება და ჩვენი მომდევნო დაპირისპირებისას მას უფრო გაუჭირდება. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ვგრძნობდი, მოწინააღმდეგე უძალოდ იყო და ინიციატივის ხელიდან გაშვება არც მიფიქრია. აქცენტი დგომში ჭიდაობაზე გავაკეთე.

მიხარია რომ გავიმარჯვე და ახლა ოლიმპიადისთვის მშვიდ ვითარებაში მომზადების საშუალება მომეცემა - გვითხრა დაღლილმა და გახარებულმა ევროპის ჩემპიონმა.

60 კგ-ში მიხეილ ქურდიანი ჭიდაობდა. თურქ ტეფიკ ოდაბაშთან პირველი პერიოდი უშანსოდ, 0:6 წააგო, თუმც შემდეგ მობილიზება მოახერხა და 1:0, 5:1 იმარჯვა. მომდევნო მეტოქე მომავალი ჩემპიონი, უკრაინელი ვასილი ფედეროშინი იყო. ჩვენმა ფალავანმა უდაძაბულეს ჭიდილში ერთნაირი ანგარიშით, 0:1, 0:1 წააგო. უკრაინელმა მოგებები განაგრძო და ქურდიანს ბრძოლის გაგრძელების საშუალება მისცა. აქ პირველ მეტოქეს, ფინელ იარმო ჰიიტიაინენს იოლად აჯობა - 4:0, 6:0 და ბრინჯაოს ფინალში გასასვლელად რუს ადამ ბატიროვს გადაეყარა. სამწუხაროდ, გამოცდილმა რუსმა დამაჯერებლად გაიმარჯვა - 2:0, 4:0.

გელა საღირაშვილმა (74 კგ) პირველ წრეში დაისვენა. მერვედფინალში იტალიელი სალვატორე რიენას დამარცხება არ გასჭირვებია - 3:1, 1:0, თუმც მომდევნო წრეში უკვე პოლონელ კრისტიან ბრზოზოვსკისთან დასანანი მარცხი იწვნია - 0:1, 1:1. მეორე პერიოდში გამარჯვება პოლონელს მხოლოდ ბოლო ქულის აღების პრინციპით მიენიჭა. თუმცა საღირაშვილს ლიცენზია უკვე აქვს და ეს ცოტა შვებისმომგვრელია.

2 ოქრო და 2 ვერცხლი - ასეთია თავისუფლების მონაგარი ფინეთის ევროპის ჩემპიონატზე, რაც დიდი წარმატებაა. ქართველებმა გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი აიღეს რუსების შემდეგ.

ახლა ჯერი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებზეა, ისინი ხალიჩაზე 5-6 აპრილს გავლენ, მანამდე კი ორი დღე ქალებს დაეთმობათ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com