"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

მარტიც ოვეჩკინისაა

კახა ლომაშვილი

ალექსანდრ ოვეჩკინს ზედიზედ მეორეჯერ ასახელებენ თვის საუკეთესო მოთამაშედ. "ვაშინგტონის" სუპერ-ვარსკვლავი მართლაც დიდებულ სეზონს ატარებს და ინდვიდუალური მონაცემებით რეგულარული ჩემპიონატის უდავოდ საუკეთესო ჰოკეისტია, თუმც რუსი თავდამსხმელი მხოლოდ პირად მიღწევებს არ ჯერდება და დედაქალაქურ გუნდს ფლეი ოფისკენ ფაქტობრივად მარტო მიათრევს. "კეპიტალზს" სანუკვარ ოცნებას მხოლოდ ორი ქულა აშორებს და თუ გუნდმა სეზონის ბოლოს კვირა არ ჩააგდო, წესით სტენლის თასისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს.

ახლა კი უშუალოდ ოვეჩკინის სამარტო მაჩვენებლებზე გადავიდეთ, რაც მართლაც შთამბეჭდავია - რუსმა 26 ქულა (14%12) მოიხვეჭა და ამასთანავე რამდენიმე პირადი რეკორდიც დაამყარა. უპირველესად ოვეჩკინმა კარიერაში მეორედ უწია 50 შაიბიან ნიშნულს (პირველად სადებიუტო სეზონში გააკეთა), მაგრამ მხოლოდ ამაზე არ შეჩერებულა და 60 შაიბიანი ბარიერიც გადალახა. ბოლოს ასეთი რამ ნჰლ-ში 1995-96 წლების სეზონში მოხდა, როცა "პიტსბურგის" სუპერ-დუეტმა, მარიო ლემიესა და იარომირ იაგრის შემადგენლობით, შეძლო 60-ზე მეტი გოლის შეგდება.

ოვეჩკინი თითქმის ყველა ინდივიდუალურ მაჩვენებლებში ლიდერობს. რუსი პირველია სნაიპერთა (62 გოლით) და ბომბარდირთა (109 ქულა) შორის, ყველაზე მეტჯერ გაიტანა უმრავლესობაში (21 შაიბა) და ყველაზე მეტი გამარჯვების მომტანი გოლიც (10) მან შეაგდო. ასე რომ, "ვაშინგტონი" ფლეი ოფში თუ გავიდა, ოვეჩკინს სეზონის უძვირფასესი მოთამაშის ტიტული ფაქტობრივად განაღდებული აქვს.

მარტის მეორე ვარსკვლავობა "პიტსბურგის" კარის დარაჯ მარკ-ანდრე ფლერის ერგო, რომელიც ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ დიდებულად გამოიყურება. არადა, სანამ ფეხს იტკენდა, ფლერის აკრიტიკებდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა. თუმც მარტი ახალგაზრდა კიპერმა დიდებულად ჩაატარა - მან 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქედან 9-ში იმარჯვა. ფლერი გასულ თვეში საშუალოდ 1,44 შაიბს უშვებდა და მისი კარისკენ დარტყმულის 95,1 პროცენტს იგერიებდა.

ახალმიწურული თვის მესამე ვარსკვლავი კი მართლაც სიურპრიზად იქცა - ეს პატივი "დეტროიტელ" იუჰან ფრანცენს ერგო. ეს შვედი ძირითადად დაცვაში კარგი თამაშითაა ცნობილი და აქამდე განსაკუთრებული შეტევითი პოტენციალით არასოდეს გამოირჩეოდა. მაგრამ ფრანცენმა მარტში თავი გაიგიჟა და ჩატარებული 13 შეხვედრაში იმდენივე ქულა დააგროვა, რამდენიც მანამდე მთელი სეზონის განმავლობაში მოეხვეჭა. გასულ თვეს შვედმა 18 ქულას (14%4) მოუყარა თავი, სულ კი სეზონში მის ანგარიშზე 36 ქულაა (26%10). გარდა ამისა, ფრანცენმა "დეტროიტის" რეკორდი მოხსნა ერთი თვის განმავლობაში გატანილი გამარჯვების მომტანი გოლების მხრივ - შვედმა ექვსჯერ მოაგებინა თავის გუნდს. აქამდე ამ რეკორდს "წითელფრთიანთა" ლეგენდა გორდი ჰოუ და მიჩიგანელთა ახლანდელი ლიდერი ჰენრიკ ზეტერბერგი იყოფდნენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com