|
|
"სარბიელი"
მეფორმულე ქალები
ფორმულა 1-ის თითქმის 60-წლიან ისტორიაში მხოლოდ ხუთ ქალ-პილოტს ერგო მსოფლიოს ჩემპიონატებში გამოსვლის პატივი. სამი მათგანი იტალიელი იყო, თითოც - ინგლისელი და სამხრეთაფრიკელი. როგორც მოსალოდნელი იყო, ვერც ერთმა ვერ მოიკიდა ფეხი მყარად "სამეფო რბოლებში"და მით უმეტეს, ვერ შეძლო წარმატების მოპოვება. ის კი არა, მხოლოდ ორმა ქალბატონმა მოახერა რბოლის სტარტზე გასვლა, ხოლო ერთმა განსაცვიფრებელ შედეგს მიაღწია - ფინიშზე ჩასათვლელ ექვსეულში აღმოჩნდა. ხუთივე მრბოლს მრავალფეროვანი სპორტული ბიოგრაფია ჰქონდა და, რაც ნებისმიერ გამარჯვებაზე უმთავრესია, ყველამ მშვიდობიანად, მძიმე ავარიისა და ტრავმების გარეშე დაასრულა ეს გამორჩეულად რისკიანი და მშფოთვარე საქმიანობა მარია ტერეზა დე ფილიპისი (იტალია) 1958-1959 წლები
ნეაპოლელი მრბოლი დიაც მეფორმულეთა შორის პირველი მერცხალია. სამძღოლო სკოლა მან ეროვნულ ჩემპიონატებში გაიარა წთსფ და "მასერატის" მანქანებით. გასული საუკუნის 50-იანი წლების ავტოვარსკვლავის, ლუიჯი მუსოს რჩევითა და თანადგომით, თავიდან კუნძულ სიცილიაზე, სირაკუზის ტრასაზე არასაჩემპიონატო რბოლაში მიიღო მონაწილეობა და მოულოდნელად ფინიშთან მეხუთე მივიდა. ამ წარმატებით წაქეზებულმა გაბედულმა სენიორამ 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხ გრან პრიზე გადაწყვიტა გაჯირითება. მონაკოში სადებიუტო ეტაპზე 32 წლის მარიამ კვალიფიკაცია ვერ გაიარა. მართალია, მისი "მასერატი 250ა" 30 კონკურენტს შორის 24-ე იყო, მაგრამ მეორე დღეს სტარტზე მაინც ვერ მოხვდა, რადგან მონტე კარლოს უვიწროეს და ჩახვეულ ქუჩებში სარბოლოდ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მხოლოდ 16 მანქანას უშვებდნენ. ერთი თვის შემდეგ ბელგიაში, სპა-ფრანკორშამის ჩქაროსნულ და ზესახიფათო ტრეკზე რბოლა ფილიპისმა ბოლო, მე-19 პოზიციიდან კი დაიწყო, მაგრამ ისე იყოჩაღა, რომ ფინიშის ხაზი მეათემ გადაკვეთა, ხოლო ორ მომდევნო ეტაპზე ძრავამ უმტყუნა. 1959 წელს მარია მოქმედმა ფრანგმა პილოტმა ჟან-მარი ბერამ თავის გუნდ "ბერა პორშე"-ში მიიწვია. პირველი გამოცდა ისევ მონაკოში შედგა და კვლავ უხეირო გამოდგა - ფილიპისმა 21-ე შედეგი აჩვენა (სამ მრბოლზე უკეთესი) და ამჯერადაც კვალიფიკაციის მიღმა დარჩა. ეს მისი ბოლო გრან პრი აღმოჩნდა, რადგან მალე ბერა გერმანიაში რბოლისას დაიღუპა და მარიამაც კარიერა დაასრულა, თუმც ავტოსპორტთან კავშირი არ გაუწყვეტია. ფორმულა 1-ის პირველმა ქალმა მრბოლმა ყოფილი პილოტების მხარდაჭერის საზოგადოებაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი პოსტი დაიკავა.
"ტურინელი ძუ ვეფხვი" ერთადერთი ქალია ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპზე ქულის მოპოვება შეძლო. მარია ტურინის მახლობლად სოფელ ალესანდრიაში, ყასბის ოჯახში დაიბადა 1943 წლის 26 მარტს. სპორტის სიყვარული ბავშვობიდანვე გამოაჩნდა. თავიდან ხელბურთმა გაიტაცა, ადგილობრივ გუნდში თამაშობდა და უკვე მაშინ მიიქცია ყურადღება ნებისყოფითა და მტკიცე ხასიათით, რის გამოც "ძუ ვეფხვი" შეარქვეს. ლომბარდებს მანქანა არასოდეს ჰყოლიათ და მარიას რბოლებისადმი ინტერესი მოულოდნელად, ხელბურთის მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ გაუჩნდა. საჭირო გახდა ექიმთან მისვლა და ავტობუსის გაჩერებასთან მდგომი დაშავებული გოგონა გზად მიმავალი ლურჯი "ალფა რომეოთი" უცნობმა ქალიშვილმა წაიყვანა. ჰოსპიტალამდე გზის გავლას ტაქსისტი ალბათ ნახევარ საათს მოანდომებდა, უცნობმა კი გადაჭედილ გზებზე ლავირებით, ისე, რომ ტროტუარზეც კი მოუხდა "გასეირნება", გაჭირვებაში მყოფი მარია ათ წუთში მიაგრიალა. ამან ტრავმირებულ ხელბურთელზე ისეთი გავლენა მოახდინა, რომ გადაწყვიტა ავტომრბოლი გამხდარიყო. მაშინვე ჩაეწერა კურსებზე და სამი თვის შემდეგ მართვის მოწმობაც მიიღო, შემდეგ კი ცოტაოდენი თანხა შეაგროვა და ძველი "ფიატი" იყიდა. მალე ერთი ახალგაზრდა მრბოლი გაიცნო, რომელმაც რალის ერთ-ერთ ეტაპზე მარიას შტურმანის როლი შესთავაზა. ქალიშვილს ისე მოეწონა ჯირითი, რომ მომდევნო რბოლაში საჭეს თავად მიუჯდა და ყველას გასაკვირვად, იმ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა. როცა ჟურნალისტებმა ვინაობა ჰკითხეს, ბავშვობის მეტსახელით - ლელა - გაეცნო და კარიერის ბოლომდე ასე დარჩა. ლელა ლომბარდი რამდენიმე წელი იტალიის ჩემპიონატებში გამოდიოდა, როგორც ძარიანი, ასევე ღია მანქანებით, ხოლო როცა 1974 წელს მექსიკაში "ფორმულა ფორდის" ჩემპიონატი მოიგო, კომპანია "შელის" სპონსორული მხარდაჭერა მიიღო და ამის წყალობით ბრიტანულ "ფორმულა 5000"-ში გადავიდა. იმავე სეზონში ფორმულა 1-ის ეტაპსაც "გაუსინჯა გემო", თუმც ბრიტანეთის გრან პრიზე დებიუტი უხეირო გამოდგა - "ბრებემ კოსუორტით" 29-ე დრო აჩვენა 35 მონაწილეს შორის და რბოლის სტარტზე ვერ მოხვდა. შემოდგომაზე ლელამ იტალიელი არისტოკრატი და მულტიმილიონერი ვიტორიო სანონი გაიცნო, რომელმაც მომავალ ჩემპიონატში მისი მონაწილეობა დააფინანსა. გრაფს ეს ახირება 200 ათასი დოლარი დაუჯდა. 1975 წლის სეზონში ლომბარდიმ 12 რბოლიდან ხუთში მეტ-ნაკლებად ხეირიანი შედეგი აჩვენა, ხოლო ესპანეთის დიდ პრიზზე ბარსელონის ქუჩებში ზეისტორიული წარმატება მოიპოვა. "მონჟუიკ-პარკის" ტერიტორიაზე რბოლა 29-ე წრეზე შეწყდა რალფ შტომელენის საშინელი ავარიის გამო. გერმანელი პილოტის ტრასიდან გავარდნილი "ჰილი" მაყურებლებში შევარდა და ოთხი მათგანი იმსხვერპლა. რბოლის შეჩერებისას, რაკი საერთო დისტანციის ორ მესამედზე ნაკლები იყო გავლილი, პირველ ექვსეულს განახევრებული ქულები დაერიცხა. ლომბარდის "მარჩი" იმ მომენტში მეექვსე მიდიოდა, ასე რომ, იტალიელ პილოტესას ნახევარი ქულა მიეთვალა. მარია-გრაცია 1992 წელს კიბოსგან გარდაიცვალა 49 წლის ასაკში.
* *
დივინა გალიკა (ინგლისი) 1976, 1978 წლები დეზირე უილსონი (ს. აფრიკა) 1980 წელი ბევრი სპეციალისტის აზრით, მეფორმულე ქალთაგან ყველაზე ნიჭიერი იყო აფრიკის ძირში, იოჰანესბურგის შემოგარენში 55 წლის წინ დაბადებული დეზირე უილსონი. სპორტული კარიერა 1973 წელს დაიწყო და უკვე მეორე სეზონში სამხრეთ აფრიკის "ფორმულა მუუ" სერის ვიცეჩემპიონობას მიაღწია, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ "ფორმულა ფორდის" ჩემპიონობა მოიპოვა. დეზირემ მერე საფრანგეთში გააგრძელა ავტოსაქმიანობა. 1976-77 წლებში რალისა და სამთო რბოლებში მონაწილეობდა, მომდევნო სამ სეზონში კი - ბრიტანულ "აურორა ა1"-ის პირველობაში. 1980 წელს ბრენდს ჰეჩში ამ სერიის ეტაპზე გამარჯვებით უილსონი გახდა პირველი და ერთადერთი ქალი-პილოტი, ვისაც საპირველფორმულო დონის რბოლა მოუგია. მერე კი "ნამდვილ" ფორმულასთან შეჭიდებაც სცადა, თუმც წარუმატებლად. ერთადერთი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობდა, იყო იმავე წელს დიდი ბრიტანეთის დიდი პრიზი, მაგრამ დეზირეს "უილიამსი" კვალიფიკაციას ვერ გასცდა - 30 პრეტენდენტს შორის მხოლოდ 27-ე შედეგი ჰქონდა. აღსანიშნავია აგრეთვე აფრიკელი მრბოლის ორი გამარჯვება სპორტპროტოტიპის ძარიან მანქანათა მსოფლიოს ჩემპიონატის პრესტიჟულ, ექვსსათიან მარათონულ ეტაპებზე მონცასა და სილვერსტოუნში. ათი წლის წინ კარიერის დასრულების შემდეგ, დეზირე უილსონს კარგა ხანს ცპპეთ სარბოლო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის დირექტორის პოსტი ეკავა, ამასთან, პერიოდულად ისტორიული ავტოების რბოლებშიც მონაწილეობდა.
* * მარია-გრაცია (ლელა) ლომბარდი (იტალია) 1974-1976 წლები ჰერტფორდშირის საგრაფოს პროვინციულ უოტფორდში დაბადებულ-გაზრდილი დივინა მრავალმხრივი სპორტსმენი იყო. თითქმის სამი ათეული წელი შედიოდა დიდი ბრიტანეთის მოთხილამურეთა ნაკრებში და ზამთრის ოთხ ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, ბრიტანეთის რეკორდი დაამყარა "პირდაპირ" ტრასაზე ზეჩქაროსნულ დაშვებაში - 201 კმჰსთ. სპორტული დამსახურებისთვის დედოფალმა ელისაბედმა გალიკას ბრიტანეთის იმპერიის საპატიო წევრის ტიტული უბოძა. თხილამურების პარალელურად, იგი ავტორბოლითაც იყო გატაცებული. 70-იან წლებში მშობლიურ საფორმულო ჩემპიონატში მონაწილეობდა და "შელსპორტ პ8"-ის სერიაში საკუთარი გუნდიც კი გამოიყვანა. მხოლოდ ამდენი საქმის მოლევის შემდეგ, 30 წლისამ გაიხედა "სამეფო რბოლებისკენ". დივინა 13 აგვისტოსაა დაბადებული და, ეტყობა, ამიტომაც დაჯირითობდა სადღეისოდ ყველა პილოტისგან ათვალწუნებული 13-ნომრიანი მანქანით. სამწუხაროდ, ნიჭიერ ლედის ამ ურთულეს ასპარეზზე ხელი მოეცარა - სამ ეტაპზე სცადა ძალა, მაგრამ საკვალიფიკაციო ზღუდე ერთხელაც ვერ დაძლია. 1976 წელს სილვერსტოუნში "სარტის-კოსუორტით" 28-ე საპოულე დრო აჩვენა და ორი პოზიცია დააკლდა მიზნამდე - რბოლაში მონაწილეობის უფლებას 26 პილოტი იღებდა. ბრიტანელმა ორი წლის შემდეგ კიდევ ორ რბოლაში მოსინჯა თავისი შესაძლებლობები, თუმც ამჯერადაც წარუმატებლად. ენერგიული ქალბატონი დიდხანს გამოდიოდა შეჯიბრებებში. 1990 წელს სატვირთო მანქანებით თავის კლასში ბრიტანეთის ჩემპიონი გახდა, 2000 წელს კი, 54(!) წლისამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის ცპპეთ სერიის ქალთა პირველობაში და ორი ეტაპის მოგებაც შეძლო შარლოტსა და ლას ვეგასში.
** ჯოვანა ამატი (იტალია) 1992 წელი 1962 წლის 20 ივლისს დაბადებული ჯოვანა მეფორმულე დიაცთა ხუთეულიდან ყველაზე ახალგაზრდაა. მამამისი მდიდარი რომაელი ბიზნესმენი იყო, ასე რომ, გოგონას ბავშვობიდან ჰქონდა ყველაფერი, რასაც კი მოისურვებდა. თავიდანვე გამოამჟღავნა სისწრაფისა და მოტორებისადმი ბიჭური სიყვარული და 15 წლისა ჩინებულად დააქროლებდა მოტოციკლს, მოგვიანებთ კი უკვე ეროვნულ ავტო "ფორმულა სამში" გამარჯვებებიც მოიპოვა. მამის ფულმა ჯოვანას წინსვლის საშუალება მისცა - დონით მეორე, ფორმულა 3000-ის გუნდში ადგილი იყიდა. მართალია, "მომავლის ფორმულაში" შედეგები ისე მაღალი არ ჰქონია, მაგრამ ბევრი სასარგებლო ნაცნობი გაიჩინა, თანაც არა მხოლოდ საქმიანი. გრძელთმიანმა, მიმზიდველმა ქალიშვილმა თვით ფორმულის პირველ მუსუს ფლავიო ბრიატორესთან გააბა რომანი. თუმც იქნებ პირიქითაც იყო. გარკვეულწილად, სწორედ ფლავიოს პროტექციითა და მცდელობით მიუჯდა ჯოვანა საპირველფორმულო ბოლიდის საჭეს ჯერ "ბენეტონში" ტესტებზე, ხოლო 30-წრიანი პრაქტიკის შემდეგ "ბრებემის" ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა. მაგრამ უხეირო "ჯადის" ძრავიანი ჯაგლაგი მანქანით ვერაფერს გახდა - საპოულედ სამჯერ გაჯიბრების მიუხედავად, რბოლის სტარტამდე ერთხელაც ვერ მიაღწია. 30 წლის ჯოვანა თავის სადებიუტო ეტაპზე სამხრეთ აფრიკაში კვალიფიკაციის მომგებ ნაიჯელ მენსელს ცხრა წამით ჩამორჩა და ბოლო, 30-ე პოზიციაზე დარჩა. შემდეგ მექსიკაშიც და ბრაზილიაშიც ზუსტად იგივე განმეორდა. ეს ფიასკო, უმთავრესად, ბოლიდის ბრალი რომ იყო, გუნდის მეორე წევრის, ბელგიელ ერიკ ვან დე პულის "შედეგიანობაც" მოწმობს. მომაკვდავი "ბრებემით" მან ათი ეტაპიდან მხოლოდ ერთხელ შეძლო საკვალიფიკაციო ზღუდის დაძლევა. ასეთი კატასტროფის შემდეგ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჯეკ ბრებემის მიერ შექმნილმა და ექვსი პილოტ-გუნდური ტიტულის მომპოვებელმა საჯინიბომ საერთოდ შეწყვიტა არსებობა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |