|
|
"სარბიელი"
როგორია?! შუქრუზე ვულკანმა ამოხეთქა
გიორგი ვაშაკიძე
ლივერპულელი დირკ კუიტის გოლმა, საპასუხო მატჩის წინ, რომელიც ერთ კვირაში "ენფილდზე" გაიმართება, წყვილში ფავორიტად ერთი შეხედვით რაფაელ ბენიტესის გუნდი აქცია, თუმც მოდით, ჯერ მაინც ნუ ავჩქარდებით და "წითლებს" ნახევარფინალისტობას ნუ მივულოცავთ, "არსენალი" ნაღდად არ არის ის გუნდი, ყურები, მიუხედავად მისთვის არასასურველი ანგარიშისა, აქედანვე ჩამოყაროს. "არსენალს" ემანუელ ადებაიორის გოლამდეც არაერთხელ შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმც მეთიუ ფლამინის სიზუსტემ უმტყუნა, ხოლო სესკ ფაბრეგასის გასროლილი პეპე რეინამ კუთხურზე გადააგდო. სწორედ ამ კუთხურის გათამაშებას მოჰყვა ლონდონელთა გოლიც: რობინ ვან პერსის ჩაწოდებულს ადებაიორმა უმძლავრესი თავური შეაგება და რეინაც უსაქმოდ დატოვა. და, თქვენ გგონიათ, გაშვებულმა გოლმა "ლივერპული" დააფრთხო. პასუხი: ზუსტად სამ წუთში "ემირატს სტედიუმის" ტაბლოზე 1:1 ენთო, ეს კი "წითლების" დაუღალავი კაპიტნის, სტივენ ჯერარდის დამსახურება გახლდათ, მეტოქის საჯარიმოში გრიგალივით შევარდნილმა "სტივი ჯიმ", მცველები მიმოფანტა, ბოლოს კოლო ტურეს აუარა გვერდი და დაბალი უპასა დირკ კუიტს, ჰოლანდიელმაც მეკარის საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა, ბურთს ჭვინტი ვარდნაში ჰკრა და... მეორე ტაიმში, იგრძნო რა საფრთხე, არსენ ვენგერმა ერთი მეორის მიყოლებით შეუშვა ჯერ თეო უოლკოტი და მერე ნიკლას ბენდტნერი, "არსენალი" უკვე ოთხი ფორვარდით უტევდა, მაგრამ "ლივერპულის" მცველები და მეკარე, სანაქებოდ ირჯებოდნენ. საბოლოოდ 1:1 და, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მთავარი ამბები 8 აპრილს იქნება "ენფილდზე". აი, სტამბოლის "შუქრუ სარაჩოღლუ" კი გუშინ ვულკანს ჰგავდა, ვულკანს, რომელმაც ჯერ 81-ე წუთზე ამოხეთქა, როცა "ფენერის" ბრაზილიელმა დეივიდმა გამარჯვების გოლი შეაგდო და მეორედ მატჩის არბიტრმა კლაუს-ბო ლარსენმა საფინალო სასტვენი რომ ჩაბერა. როგორია?! "ფენერბაჰჩემ" "ჩელსის" ფაქტობრივად, წაგებული თამაში შემოუტრიალა და ლონდონში საპასუხო მატჩისთვისაც გაცილებით კარგ ხასიათზე ჩავა. არადა, მატჩის გმირი დეივიდი, სულ თავისუფლად შეიძლებოდა ანტიგმირი გამხდარიყო, რაკი ბრაზილიელს იქამდე, მე 13-ე წუთზე, საკუთარ კარში ჩაეჭრა ბურთი და "ჩელსიც" მთელი პირველი ტაიმი დომინირებდა, მაგრამ დაიწყო მეორე და აშკარად გამოჩნდა, რომ ზიკომ კოლეგა ავრაამ გრანტს ტაქტიკური დუელი მოუგო - შეცვლაზე შესულმა კაზიმ-რიჩარდსმა ხომ გაათანაბრა და შემდეგ ნახევარდაცვიდან თავდასხმაში აწეულმა დეივიდმა ვულკანს ამოახეთქინა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |