"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

საქართველოში ფულის გამო არ ჩამოვსულვარ! პეტარ სეგრტი: მინდა, აქ დავრჩე : საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა საქართველოში უნდა იცხოვროს!

ნუკრი ლოლაძე

გუშინწინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახადა - გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

წავიდა ტოპმიოლერი და მას

რალფ მინგე და ჰაინც ტოპმიოლერიც მიჰყვნენ.

ახლა საინტერესოა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ პეტარ სეგრტის ბედი - ხორვატი ხომ სწორედ ტოპმიოლერის რეკომენდაციით ჩამოვიდა საქართველოში.

გუშინ სეგრტს ფეხბურთის ფედერაციაში ვესტუმრეთ და საუბარი, ცხადია,

ტოპმიოლერით დავიწყეთ...

- რა თქმა უნდა, დამწუხრებული ვარ. ცუდია, რომ კლაუს ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ არის, მაგრამ მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პროფესიონალია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და კლაუსმა რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება და ეს ნაბიჯი ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გადაიდგა.

- ტოპმიოლერი წავიდა და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენც დატოვებთ საქართველოს.

- ტოპმიოლერის და მინგეს მადლობელი ვარ. უკვე თხუთმეტი წელიწადია, ამ ხალხთან ვმეგობრობ და მთელი ცხოვრება ასე ვიქნებით. მათი რეკომენდაციით კი ჩამოვედი საქართველოში, მაგრამ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოს უფრო ჩემი შრომით გავაცანი თავი და შევუქმენი გარკვეული შთაბეჭდილება. საქართველოში დიდ პოტენციალს ვხედავ და მინდა, აქ დავრჩე და სწორედ ქართულ ფეხბურთში ვიმუშაო.

- კლაუს ტოპმიოლერმა, კუთვნილი ხელფასი არ მოუციათო და სასამართლოში ჩივილით დაიმუქრა. თქვენი დავალიანებაც ხომ არ აქვს ფეხბურთის ფედერაციას.

- მინდა, ყველამ იცოდეს, რომ საქართველოში ფულის საშოვნელად არ ჩამოვსულვარ! ქართული ფეხბურთის დიდი პოტენციალს ვხედავ და აქ ამიტომაც ვრჩები. ქართული ფეხბურთის წყალობით მინდა, მსოფლიოში სახელი გავითქვა - აქ ვცხოვრობ, საქართველო მიყვარს, ვხედავ, როგორ რთული მდგომარეობაა დღეს ამ ქვეყანაში და მე ამას თქვენთან ერთად ვიზიარებ. საქართველო ჩემს გულშია!

- ახლა საქართველოს ნაკრები უთავკაცოდაა და თქვენი აზრით, ისევ უცხოელი უნდა მოვიდეს თუ ქართველ მწვრთნელს უნდა ჩააბარონ ნაკრები.

- ისეთი უნდა მოვიდეს მწვრთნელად, რომ ქართველ ხალხს უნდა იცნობდეს და ქართულ ფეხბურთში გათვიცნობიერებული იყოს. მხოლოდ ლეგიონერებზე კი არა, შინაურ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზეც უნდა ჰქონდეს წარმოდგენა. უცხოელი თუ იქნება, მან საქართველოში უნდა იცხოვროს, აქ შეიტყობს, რა ღირებულებებით ცხოვრობს ქართველი ხალხი.

- და თქვენ რომ შემოგთავაზონ ნაკრების გაძღოლა.

- ჩემი პერსონა არ არის მთავარი, მთავარი საქართველოა! 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და ასაკობრივ ნაკრებთა მომზადებაშიც ვმონაწილეობ. მთავარი გადაწყვეტილება კი ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მიიღოს - რასაც ის გადაწყვეტს, ისე იქნება.

- საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო სამი შეხვედრა შთამბეჭდავად ჩაატარა - ქართველი გულშემატკივარი თამაშის ხარისხითაც და შედეგითაც კმაყოფილია...

- ძალიან მიხარია, რომ წარმატებით გამოვდივართ. უკვე სამ შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია, გატანით კი ბლომად გავიტანეთ. ვხედავ, რომ ჩემი სათქმელი უფრო და უფრო იოლად მიმაქვს ფეხბურთელებთან. თავიდან იყო პრობლემები, თუმცა მათ უკვე კარგად ესმით ჩემი, რაც შედეგზეც აისახა. ვეუბნები, რომ გამოვიყენოთ ქართული სტილი და არ დავკარგოთ, შევუხამოთ გერმანულ და ხორვატულ სტილს. ქართული შეტევა, გერმანულ-ხორვატული კომპაქტურობა და სათამაშო დისციპლინა, ეს ფანტასტიკური ფეხბურთი იქნება!

- თქვენ ბოლო ხანებში პირველ ლიგის გუნდებში დაიწყეთ ერთჯერადი ვარჯიშების ჩატარება. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

- რა თქმა უნდა. ამ კვირაშიც უნდა წავსულიყავით დასავლეთში, თუმცა შექმნილმა ვითარებამ შეგვაფერხა. მომავალ კვირაში ჭიათურაში ჩავალ - "მაღაროელს" ჩავუტარებ წვრთნას. საქართველოში ჩამოსვლის დღიდან მინდოდა ამის დაწყება, ეს ჩემი იდეა იყო და ახლა მთელი საქართველო უნდა მოვიარო და ყველა კლუბი გავიცნო.

- ქართული ფეხბურთის უმთავრეს პრობლემად რას მიიჩნევთ.

- მინდვრების არქონას. ლატვიასთან მატჩის წინ "ამერის" ხელმძღვანელებმა მოგვცეს საშუალება, მათ სტადიონზე გვევარჯიშა და ეს რამდენიმედღიანი ვარჯიში თამაშს ხარისხზეც აისახა. მინდა, მადლობა ვუთხრა ამერელებს! ქართველი ფეხბურთელები კარგ მინდორზე ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com