"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

პროფლიგამ დილა დასაჯა

კახა შალამბერიძე

საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომისიამ გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივის" მატჩის (1:1) ბოლოს მომხდარი ამბები განიხილა.

მატჩის მსაჯების - ლევან კვარაცხელიას, დავით ხარიტონაშვილის, ბესიკ ჭიჭინაძის და დამკვირვებლის, მერაბ მალაღურაძის მოხსენებითი ბარათების შესწავლისა და მათი განცხადებების საფუძველზე, კომისიამ ეს დაადგინა: "დილას" ფეხბურთელები - ალბერტ საყვარელიძე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა თანამსაჯ ბესიკ ჭიჭინაძეს, დისკვალიფიცირებულია 10 თამაშით და დაჯარიმდა 2 500 ლარით; ნოდარ ნოზაძე და ლაშა რეხვიაშვილი მსაჯების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობისთვის დისკვალიფიცირებულნი არიან 3-3 მატჩით და დაჯარიმდნენ 400-400 ლარით; "დილას" მთავარი მწვრთნელი ზურაბ ხორგუაშვილი, მოთამაშე-მწვრთნელი რევაზ ხაჭაპურიძე და ადმინისტრატორი ზურაბ კარტოზია, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მსაჯებს, დისკვალიფიცირებულნი არიან 2-2 თამაშით და დაჯარიმდნენ 300-300 ლარით.

საფეხბურთო კლუბი "დილა" გულშემატკივრების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და მოედანზე ქვების სროლისთვის დაჯარიმდა 250 ლარით. სტადიონს კი მიეცა პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com