"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

კლუბი, გაზეთი, გამოძიება, ალკოჰოლიკი და... ირაკლი

გიორგი დარჯანია

ცოტა ხნის წინ "სარბიელმა" გარიგებული თამაშების თაობაზე წერილების ციკლი წარმოგიდგინათ. თუმცა ეს ისეთი თემაა, სათქმელი და სამსჯელო რომ არ დაილევა და ჩაწყობილ-გარიგებულ თამაშებზე წერას გვერდს არც მომავალში ავუვლით.

დღეს ერთი კონკრეტული თამაშის გარჩევა გვსურს. ეს რუსეთის მეორე დივიზიონის მატჩია. მის გასარჩევად კი ორი მიზეზი გვაქვს - ერთი, რომ საქმე ჟურნალისტებმა გახეთქეს და რუსი სამართალდამცავები სწორედ იქაური გაზეთის, "სოვეტსკი სპორტის" პუბლიკაციების მერე ჩაერთო გამოძიებაში და მეორე: საქმეში "ქართული კვალი" იკვეთება...

მატჩი, რომელზეც მოგითხრობთ, რუსეთის მეორე დივიზიონის დასავლეთ ზონაში, 2007 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდა - "სმოლენსკი" მოსკოვის "სპორტაკადემკლუბს" მასპინძლობდა.

იმ დროისთვის სატურნირო ვითარება იმგვარი იყო, რომ "სპორტაკადემკლუბს" პირველ დივიზიონში აღსაზევებლად უეჭველად გამარჯვება სჭირდებოდა, ხოლო სმოლენსკელებს მარცხი თითქმის უნაღდებდა მეორე დივიზიონიდან გავარდნას (შეგახსენებთ, რომ რუსეთში სეზონი შემოდგომაზე მთავრდება).

ერთი სიტყვით, ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის, რომ იტყვიან, სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. საბოლოოდ კი, "სპორტაკადემკლუბმა" მატჩი ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

პირველი ეჭვი, რომ თამაში მთლად პატიოსანი არ ყოფილა, ცხრა დღის მერე, ერთ სმოლენსკურ გაზეთში გაჩნდა, რის მერეც თემა "სოვეტსკი სპორტმა" აიტაცა.

"სოვეტსკი სპორტი" ამბების ქრონოლოგიას ასე გადმოგვცემს:

13 ოქრომბერი, 2007: სმოლენსკის ოლქის გაზეთ "რაბოჩი პუტში" დაიბეჭდა სტატია სათაურით: "სმოლენსკის" დამარცხება მილიონად შეფასდა". სტატიაში კლუბის გამგეობის წევრი ოლეგ სობოლევი ამბობს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს მატჩის დათმობა შესთავაზესო.

30 ოქტომბერი, 2007: "სოვეტსკი სპორტი" აქვეყნებს ინტერვიუს ოლეგ სობოლევთან და "სმოლენსკის" ყველაზე ცნობილ ფეხბურთელ ვალერი სოლიანიკთან, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათ მართლაც შესთავაზეს მატჩის "ჩაშვება".

იმავე დღეს "სოვეტსკი სპორტი" დაუკავშირდა პიროვნებას, რომლისგანაც სმოლენსკელებმა გარიგებაში მონაწილეობის შეთავაზება მიიღეს. ამ პიროვნებამ ყველაფერს "აბსოლუტური სიცრუე" უწოდა.

გარიგებაში მონაწილეობა უარყო "სპორტაკადემკლუბის" პრეზიდენტმა ანდრეი ლეკსაკოვმაც, ხოლო რუსეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ და საფეხბურთო კავშირმა "სმოლენსკისგან" ოფიციალური განმარტება მოითხოვა.

1 ნოემბერი, 2007: პროფლიგის პრეზიდენტმა ნიკოლაი ტოლსტიხმა განაცხადა, რომ ლიგა "სმოლენსკი" - "სპორტაკადემკლუბის" მატჩის თაობაზე საკუთარ გამოძიებას იწყებს.

"სმოლენსკის" წარმომადგენლები მოსკოვში, პროფლიგის ოფისში შეხვედრაზე არ ჩადიან, ხოლო კლუბის მთავარ მწვრთნელ სილოვანოვს იგივე პიროვნება, რომელმაც გარიგება შესთავაზა, ურეკავს და ემუქრება.

23 ნოემბერი, 2007: ნიკოლაი ტოლსტიხი პირველად ასახელებს გარიგების შემთავაზებელი პიროვნების სახელს. ეს არის ვინმე ირაკლი.

ასევე ირკვევა, რომ "სმოლენსკის" ხელმძღვანელობას სამართალდამცავი ორგანოებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ.

29 ნოემბერი, 2007: სმოლენსკის ლენინის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილება "სოვეტსკი სპორტის" მასალებზე დაყრდნობით, საქმის შესწავლას იწყებს.

16 იანვარი, 2008: შინაგან საქმეთა განყოფილებამ მასალები ეკონომიკურ დანაშაულებებთან ბრძოლის განყოფილებას გაუგზავნა დამატებით შესამოწმებლად და საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი ირაკლის სრული ვინაობა: ირაკლი კონსტანტინეს ძე გეგეჭკორი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში გეგეჭკორი რამდენჯერმე დაუკავშირდა "სმოლენსკის" ფეხბურთელებს და ხელმძღვანელობას და სთხოვა, დახმარება გაეწიათ "სპორტაკადემკლუბისთვის", რის სანაცვლოდაც ფულს სთავაზობდა. ხოლო 4 ოქტომბერს გეგეჭკორი ესწრებოდა მატჩს და დაწყებამდე, შესვენებისას და დამთავრების მერეც ესაუბრებოდა "სპორტაკადემკლუბის" წარმომადგენლებს.

"სმოლენსკის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ სილოვანოვმა განმარტა, რომ თამაშამდე 7-10 დღით ადრე, ფეხბურთელებმა - სოლიანიკმა, ფედოსოვმა და მელქაძემ აცნობეს ვინმე ირაკლისგან სატელეფონო ზარების თაობაზე. მას მერე, რაც სიტუაცია კლუბის ხელმძღვანელობამ გაარჩია, მთავარ მწვრთნელს დაევალა, თავად დალაპარაკებოდა ირაკლის.

ირაკლი რამდენჯერმე დაუკავშირდა სილოვანოვს სახლის და მობილურ ტელეფონებზე და "სპორტაკადემკლუბთან" დამარცხების სანაცვლოდ შესთავაზა "ფინანსური დახმარება და მხარდაჭერა "სმოლენსკის" მომდევნო მატჩებში".

სილოვანოვს და ირაკლის შორის ბოლო საუბარი (უკვე პირადი შეხვედრისას) შედგა მატჩის წინა საღამოს, 21.30 საათზე სასტუმრო "როსიას" წინ. საუბარი 20 წუთს გაგრძელდა. ირაკლი მოსაუბრეს გადაწყვეტილების სასწრაფოდ მიღებას სთხოვდა, თუმც სილოვანოვისვე თქმით, მას არანაირი დაპირება არ მიუცია.

გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, "სოვეტსკი სპორტი" გვამცნობს, რომ ირაკლი კონსტანტინეს ძე გეგეჭკორი დაბადებულია 1965 წლის 2 აპრილს სოხუმში, ხოლო ცხოვრობს სანკტ პეტერბურგში. ბოლოს მუშაობდა ყაზანის "რუბინში" სპორტულ დირექტორად 2006 წლის 2 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე.

ერთი საინტერესო ფაქტიც: "სმოლენსკის" დირექტორმა კარაჩუნმა, ჯერ კიდევ 2007 წლის 23 ნოემბერს, გასცა ცნობა, რომ მწვრთნელი სილოვანოვი იმყოფება სამკურნალოდ შემდეგი დიაგნოზით: "ალკოჰოლზე დამოკიდებულების სინდრომი. საშუალო სიმძიმის ფაზა, გართულების სტადია".

გაგრძელება, ვფიქრობთ, იქნება...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com