"სარბიელი"
# 76
შაბათი, 5 აპრილი, 2008 წელი

ემანდ, კიდევ არ შევცდეთ: გია გეგუჩაძე ქეცბაიას მომხრეა

ილია ნანობაშვილი

"ბევრი რამ არის ასაწონ-დასაწონი. ყველას ის მწვრთნელი, რომელიც კანდიდატად მიიჩნევა, ხმაურიანად ჟღერს, მაგრამ არჩევანში არ უნდა შევცდეთ. დიდი შანსია, უცხოელი კარგად ვერ ჩასწვდეს ქართულ ატომსფეროს, წყალქვეშა დინებებს ვერ მიხვდეს" - გვითხრა გია გეგუჩაძემ, რომელსაც ვრცლად ველაპარაკეთ როგორც ნაკრების მომავალ მწვრთნელზე, ასევე სხვა საინტერესო საკითხებზე.

გეგუჩაძე ამჟამად არცერთ გუნდს არ წვრთნის, მაგრამ სამწლინახევრის წინ მისი განვლილი გზა არავის დავიწყებია - გეგუჩაძის გაწვრთნილმა თბილისის "დინამომ" უეფას თასის ჯგუფს ეტაპზე გააღწია...

- კლაუს ტოპმიოლერის ნაკრებიდან გათავისუფლებას, ალბათ, ეთანხმებით...

- სწორი გადაწყვეტილება იყო. მწვრთნელი შედეგით ფასდება და ტოპმიოლერმა ეს ვერ აჩვენა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი მომენტი დგას: ფედერაცია ამჯერად აღარ უნდა შეცდეს არჩევანში.

- გვესმის, რომ ცოტა ზედაპირული შეკითხვაა, მაგრამ მაინც: თქვენი აზრით, უცხოელმა უნდა ჩაიბაროს ნაკრები თუ ქართველმა.

- ზოგადად, უცხოელი სპეციალისტის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე ქართველი ჯობია. რაც არ უნდა შევამოწმოთ უცხოელი სპეციალისტის სმ, შეიძლება, მაინც შევცდეთ. ჩაწვდება ის ქართულ ხასიათს და აქ მიმდინარე წყალქვეშა დინებებს. მე თემურ ქეცბაიას ჩამოყვანას ვემხრობი და რატომ: საქართველოში გაზრდილია, კარგადაა ჩახედული აქაურ სიტუაციაში, კარგი შედეგი აქვს კლუბში, ობიექტური და პატიოსანია.

- წყალქვეშა დინებები ახსენეთ და იქნებ დააკონკრეტოთ.

- ძალიან ბევრი რამის დაკონკრეტება გამოვა. თუნდაც ფეხბურთელები ხშირად ისეთ ხერხებს მიმართავენ... უცხოელს მარტო იმიტომ კი არ უნდა ვცეთ პატივი, რომ სტუმარია - კეთილი უნდა ინებოს და, კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი შეასრულოს. ჩემთვის უცნობია, რა ამოცანა ჰქონდა დასახული ტოპმიოლერს საქარვთელოს ნაკრებში.

- მაგრამ რაც უნდა სახელიანი და კარგი მწვრთნელი ჩამოვიდეს, გვყავს კი იმ დონის ფეხბურთელები, რომლებსაც ეს მწვრთნელი გამოიყენებს და შედეგში თუ არა, თამაშში მაინც პროგრესს მიაღწევს.

- ესეც საკამათოა. პრობლემა ისევ ჩვენშია. დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები, როგორც ასეთი, არ არსებობს. 2010 წლის მუნდიალზე გასვლა უნდა დავივიწყოთ. აქ ახლიდან გადასასინჯია ფეხბურთელები, გინდ საქართველოში, გინდ არაპრესტიჟულ ჩემპიონატში გაბნეული მოთამაშეები უნდა გაისინჯოს და ამათგან 3-4 კაცი რომ გამოგვადგეს, უკვე საქმეა, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. დღეს ხომ ნაკრებში ბევრ პოზიციაზე კონკურენცია არ არის. ამიტომ, იმ მწვრთნელს, ვისაც ჩამოიყვანენ, ეგრევე მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა არ უნდა მოსთხოვონ. ამასთან, არ შეიძლება მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე გადართვა, ქართულ ფეხბურთში ყველაფერი განსავითარებელია. ჩვენ არ ვქმნით შედეგისთვის საჭირო მთავარ პროდუქტს - ფეხბურთელს! მე ფედერაციის მხრიდან ვერ ვხედავ ქმედით ზომებს. კარგია ტალანტების მოძიების პროგრამა, მაგრამ ამის უფრო ეფექტურად გამოყენება შეიძლება. გაკეთდეს რეგიონებში საფეხბურთო ცენტრები, ბავშვებს კარგი პირობები შეუქმნან და ადგილობრივი მწვრთნელებისთვის შეიქმნას მეთოდური ჯგუფი, რომლებიც მათ შეამოწმებენ. ექვს რეგიონში სამ-სამკაციანი ასეთი ჯგუფი რომ ჩამოყალიბდეს, კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ბავშვებს პირობები უნდა შეუქმნა.

- მაგრამ ეს გლობალური პრობლემაა. ბავშვების უმეტესობისთვის ფეხბურთი ნომერ პირველი გასართობი აღარაა...

- თუ ჩემი ნათქვამი პროგრამა განხორციელდება, ბავშვების დაინტერესება გაიზრდება. ჩემი აზრით, ეს პროგრამა 3-4 წელიწადში ნაყოფს მოიმკის. ჩვენ იმ დონეზე უნდა მივიდეთ, რომ ხვალ-ზეგ მაინც გვყავდეს ფეხბურთელები. აი, ეს არის სახელმწიფო პროგრამა, თორემ მარტო რვა სტადიონი ვერ უშველის საქმეს. დღეს ჩავარდნილები ვართ ფეხბურთში, მაგრამ წლების წინ ხომ ასე არ ვიყავით. და რით გაგვქონდა თავი. თბილისის "დინამოს" კოზირი იყო ტექნიკა, იმპროვიზაცია... საბჭოეთში ამით გამორჩეული იყო. საიდან მოდის ტექნიკა. არა მარტო საფეხბურთო სკოლიდან, ეს მოდიოდა ქუჩიდან. დღეს კი ქუჩის ფეხბურთი არ არსებობს.

- ფედერაციამ ამ პრობლემის საშველად სკოლბურთი დააარსა...

- სკობურთს მივესალმები, მაგრამ ის ვერ შეცვლის ქუჩის ფეხბურთს. დაინტერესება უნდა იყოს და ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი შრომა მომავალში ნაყოფს გამოიღებს. აი, ის პროგრამა, რომელზეც წეღან ვილაპარაკე, მშვენიერი საშუალებაა.

- ბავშვისთვის დიდი სტიმული უნდა იყოს ეროვნული ჩემპიონატიც - მან ხომ იქიდან უნდა დაიწყოს ზრდასრულ ასაკში საფეხბურთო კარიერა...

- აუცილებლად უნდა მივხედოთ ეროვნულ ჩემპიონატს. სწორედ მაგას ვამბობ, რომ არა მარტო ნაკრებში, სხვა მიმართულებითაც უნდა იყოს მუშაობა. აუცილებლად უნდა შეიქმნას დუბლების ჩემპიონატი, თორემ შეხედეთ პირველ ლიგას - იქ არიან "ვიტ ჯორჯიას", "დინამოს" და სხვათა მეორე გუნდები, რომლებსაც უმაღლესში გადასვლის უფლება არ აქვთ და ეს სპორტულ ინტერესს კარგავს.

- თქვენზეც ვთქვათ: რამდენადაც ვიცით, მალე შესაძლოა, რომელიმე გუნდი ჩაიბაროთ...

- ამ მხრივ ახალი არაფერია. ახლა ცოტა რთული პერიოდია, ყველგან ჩემპიონატები მიდის და მაისში ველი რაღაც წინადადებებს.

- არ გენანებათ ეს წლები. თბილისის "დინამოდან" წასვლის შემდეგ მთავარ მწვრთნელად არ გიმუშავიათ...

- მენანება და ისევ შევუდგები ამ საქმეს. რაც მთავარია, ამ წლების განმავლობაში პროფესიის შეცვლაზე ერთხელაც არ მიფიქრია. ძნელია, როცა იცი, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია და ვერ აკეთებ.

- იოჰან ბოსკამპთან ინარჩუნებთ ურთიერთობას და ხომ არაა შესაძლებელი, უცხოეთში წახვიდეთ სამწვრთნელოდ.

- ვნახოთ... ბოსკამპთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ის საქართველოშიც კარგად მუშაობდა და დრო რომ მიეცათ, ვფიქრობ, შედეგიც ექნებოდა.

- მაგრამ ბოსკამპიც წააწყდა პრობლემას და არა ერთს...

- ის ისეთი პიროვნება იყო, რომ ადვილად გაიგო ქართველების ხასიათი. საერთოდ, ჰოლანდიური და ქართული საფეხბურთო ფილოსოფია ახლოს დგას ერთმანეთთან. იგივე შემტევი ფეხბურთისადმი სიყვარული ავიღოთ. დღეს მსოფლიოში გუნდების თუ ნაკრებების უმეტესობა დაცვას ანიჭებს უპირატესობას, ქართველებს კი შეტევა გვაქვს ხელში, ეს უკეთ შეგვიძლია და საერთოდ, რისი გაკეთებაც უკეთ შეგიძლია, ის უნდა დაისახო პრიორიტეტად, ანუ ძლიერი მხარე უნდა განავითარო.

- ესე იგი, ფიქრობთ, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი იმ ჯგუფიდან უნდა იყოს, რომლის საფეხბურთო სტილიც საქართველოსას წააგავს.

- დიახ.

- ერთიც: თქვენ რომ შემოგთავაზონ ნაკრების მწვრთნელობა.

- არა მგონია, ეს რეალური იყოს. კარგად მესმის, რომ კანდიდატთა შორის ჩემზე სახელიანი მწვრთნელები არიან. ქეცბაიას ვემხრობი-მეთქი, ვთქვი, მაგრამ მეორე მხარეცაა: წამოვა კი ის იმ კლუბიდან, სადაც ხელის გულზე ატარებენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com