|
|
"სარბიელი"
ნუ გეშინია, ძია დუშან!
გიორგი მურვანიძე ბათუმიდან
მატჩის შემდეგ სტუმართა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა განაცხადა, რომ თამაშის წინ ცოტათი ეშინოდა ბათუმელების. მაგრამ თამაში დაიწყო თუ არა, ჩეხი მწვრთნელი დამშვიდდა, რადგან ბურთთან დინამოელთა პირველივე კონტაქტი სახიფათო შეტევით დასრულდა - მარცხენა ფლანგზე გიორგი მერებაშვილმა და ლევან ხმალაძემ ბურთი გაითამაშეს. ხმალაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე მიხეილ ხუციშვილმა მიიღო - თბილისელთა მეათე ნომერი კარისგან ზურგით იდგა, მაგრამ დარტყმა მაინც მოახერხა და ბურთი მცირე მანძილით გადასცდა ხარიხას. "დინამოს" შეტევებს ადრე თუ გვიან შედეგი უნდა გამოეღო და რამდენიმე არაზუსტი დარტყმის შემდეგ ხუციშვილმა მიზანი გაისწორა - დინამოელები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ. მარცხენა ფლანგიდან გუნდის კაპიტანმა დავით დიღმელაშვილმა კუთხური ჩააწოდა. საჯარიმოში მიხეილ ხუციშვილი ყველაზე მაღლა ახტა და თავური დარტყმით აიღო ირაკლი თოთლაძის კარი. სამ წუთში კი იმავ ხუციშვილმა 30 მეტრიდან უძლიერესად გაისროლა და ულამაზესი გოლი შეაგდო - ძლიერად დარტყმული ბურთი უცნაური ტრაექტორიით მეკარისგან მარჯვენა ცხრიანში ჩაეშვა - 0:2. მეორე გოლის შემდეგ სტუმრები დამშვიდნენ და ბათუმელებს შეტევაზე გადასვლის საშუალება მიეცათ. ირაკლი ცანავა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და გიორგი ჭელიძეს მაღალი ბურთი ჩააწოდა. "პაჭელომ" კი მეკარეს ერთი შეხებით ბურთი თავზე გადაუგდო და რომ არა დინამოელთა ლეგიონერი მილოშ კრშკო, ბათუმელები ანგარიშს შეამცირებდნენ - კრშკომ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ბათუმელებმა პირველ ტაიმში მეტი ვერაფერი შეძლეს. სტუმრები კი ტაიმის ბოლოს გააქტიურდნენ და მესამე ბურთის გატანას შეეცადნენ, მაგრამ უშედეგოდ. მეორე ტაიმში კი სამი გოლი გავიდა. 62-ე წუთზე ექსდინამოელმა მიხეილ კაკალაძემ ერთი ბურთი გაქვითა - მას ლაშა ქებაძემ უპასა, მეკარე კარიდან იყო გამოსული, ბურთს ასცდა და ეულად დარჩენილ კაკალაძეს ბურთის კარში შეგორება არ გასჭირვებია - 1:2. სტუმრებმა თამაშის ტემპს უმატეს და 72-ე წუთზე მესამედაც აიღეს თოთლაძის კარი. გოლი ასე გავიდა: დავით ოდიკაძემ ცენტრიდან ილია სპასოევიჩს უპასა, შეცვლაზე შესულმა ჩერნოგორიელმა ფეხბურთელმა კი წინ გამოსულ მეკარეს დაბალი დაურტყა - თოთლაძეს ბურთი გაუძვრა და მარცხენა კუთხეში შეგორდა. 82-ე წუთზე კი დუშან უჰრინის შეგირდებმა მეოთხე გოლიც იზეიმეს. დავით ოდიკაძემ მარცხენა ფლანგზე ჩაირბინა და ბათუმელთა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი უმეთვალყურეოდ დარჩენილ ლევან ხმალაძეს ერთი შეხებით ბურთის კარში გადაგზავნა აღარ გასჭირვებია - 1:4. სტუმრებს მეტის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ სათანადოდ აღარ მოინდომეს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |