|
|
"სარბიელი"
ვაკელებისთვის ცხრილი დამძიმდა: ლევან ცქიტიშვილი მარცხით დაბრუნდა
ილია ნანობაშვილი
ლევან ცქიტიშვილი 10-წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა საქართველოს ჩემპიონატში - საინტერესოა, არა. მატჩის მთავარი მოვლენაც სწორედ ეს იყო, ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს შარშან მაისის შემდეგ არცერთ კლუბში არ უთამაშია, ხელახალი დებიუტი კი ხეირიანი ვერ გამოუვიდა: ჯერ ერთი, მისმა "ლოკომოტივმა" წააგო და უფრო გაირთულა მდგომარეობა ცხრილში, მეორეც, თვითონ "ცქიტომაც" აშკარად ვერ ითამაშა საკადრისად... "ოლიმპი", ჰა-ჰა, მეოთხე ადგილსღა შესწვდეს ჩემპიონატში, რაც პრესტიჟის გარდა, არაფრისმომცემია, მაგრამ ახლა ხვიჩა ქასრაშვილს ჰკითხეთ: ახალი თავკაცის ხელში რუსთაველებს ორი მატჩიდან ერთიც ვერ მოეგოთ და გოლიც ვერ გაეტანათ, მესამე კი ნამეტანი იქნებოდა. მე-3 წუთი იყო: რევაზ გეწაძემ საჯარიმოში ჩააწოდა მარჯვენა ფლანგიდან, დავით დევდარიანმა ბურთს თავი მიარტყა და იქ ლევან სილაგაძემ ასევე თავური დაჰკრა, რომელიც "ლოკომოტივის" მცველ ნიკა გუშარაშვილსაც შეეხო თავზე და ისე გავიდა კარში - "ოლიმპი" სწრაფი გოლით დაწინაურდა და ბოლომდეც მიიყვანა საქმე. მთლიანობაში, პირველმა ტაიმმა ვერ გაამართლა, გოლის გარდა, ვიტალი დარასელიას ოდნავ აცილებული საჯარიმო და გეწაძის მარცხენაფლანგური კროსი უნდა აღვნიშნოთ - უკრაინელი ანტონ კოვალევსკი გეწაძის რბილად ჩაწოდებულს ვერ შესწვდა. სტუმრები უფრო ფხიანად თამაშობდნენ და აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს - გეწაძეს გიორგი კახელიშვილმაც აუბა მხარი და შესვენებამდე არანაირი საბაბი არ იყო, გვეფიქრა, რომ "ლოკომოტივი" უპირატესობას დაეუფლებოდა. ასე კი მოხდა... რატი ალექსიძემ ჩემპიონატში გოლების რაოდენობა ვერ გაასამა, მაგრამ უდავოდ საუკეთესო იყო თავისიანებიდან - ორჯერ ძალიან ახლოს იყო მიზანთან, ორივეჯერ თავით დაარტყა, მაგრამ ერთხელ ააცილა, მეორედ კი ოლიმპელთა მეკარე ბექა შეყრილაძემ ურთულესი ბურთი გამოაგდო ახლო კუთხიდან. ეს რაც შეეხება თავურებს, თორემ რატი ალექსიძეს კიდევ შეეძლო გატანა, როცა გიორგი ქუცურუას ჩაწოდებულს დროულად ვეღარ დაუხვდა და კიდევ, ერთხელაც გაისროლა, მაგრამ ბურთი რუსთაველთა მცველიდან ასხლეტით კუთხურზე გადავარდა. მოკლედ, სადღაც მე-60 წუთიდან ვაკელთა უპირატესობა გამოიკვეთა, "ოლიმპი" კი კონტრშეტევებზე ჩასაფრდა - ისევ კახელიშვილი აქტიურობდა, რომელიც მარჯვენა ფლანგზე ლაღობდა, გეწაძეს კი ალავიძემ აუღო მახვილი კუთხიდან გასროლილი. რაც დრო გადიოდა, თამაშიც ლამაზდებოდა, ბევრი ხიფათი იქმნებოდა ორივეს კართან, მაგრამ გოლი არ გავიდა. გაფუჭებული მომენტები რა გასაკვირია, მაგრამ 89-ე წუთზე რაც მოხდა, მომენტიც აღარ ჰქვია: "ლოკომოტივის" ზვიად ჩხეტიანმა ცენტრში დაკარგა ბურთი, გელა ხუბუა და კიდევ ორი ოლიმპელი მასპინძელთა მეკარესთან დარჩნენ, ასეთ შანსს მეხუთეკლასელი ბავშვებიც გამოიყენებდნენ, მაგრამ ხუბუამ იმდენი მოახერხა და თანაგუნდელს ისეთი პასი მისცა, რომ საჯარიმოში ძლივს ჩამორბენილმა ვაკელთა მცველმა თემურ ფარულავამ მოიგერია. ამ მომენტმა ხვიჩა ქასრაშვილს და მთელ "ოლიმპს" ნერვები დააწყვიტა, თორემ სამ ქულას წყალი აღარ გაუვიდოდა - საფინალო სასტვენიც მალევე გაისმა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |