"სარბიელი"
# 76
შაბათი, 5 აპრილი, 2008 წელი

მეზობლის კაცს ხელს ნუ ახლებ

პაპუნა კედია

ვინ იყო ოთხშაბათს, ორი ინგლისური გუნდის, "არსენალისა" და "ლივერპულის" ჩემპიონთა ლიგის მეოთხებდფინალური შეხვედრის მსაჯი, ხომ იცით. ეს გახლდათ ჰოლანდიელი პეტერ ვინკი, რომლის სახელიც, ბოლო ორი დღეა, ინგლისური პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდის.

რა ხდება. ხდება ის, რომ ხსენებულ შეხვედრაში მან "არსენალის" სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა - დირკ კუიტმა ალექსანდრ გლები წააქცია, არბიტრმა კი არ ჩასტვინა. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ამ ისტორიაში განსაკუთრებული არაფერია, მსაჯებს ყოველთვის და ყველგან მოსდით შეცდომა, მაგრამ მოდი, ერთ ნიუანსს მივაქციოთ ყურადღება: დირკ კუიტი პეტერ ვინკის თანამემამულეა...

"სასაცილოა ჩემთვის იმის დაბრალება, რომ პენალტი ჰოლანდიელობის გამო არ დავნიშნე - განაცხადა რეფერიმ - თანამედროვე ფეხბურთში, ყოველ გუნდში უამრავი სხვადასხვა ეროვნების ადამიანია. ყველგან მრავლად არიან ბრაზილიელები, ჰოლანდიელები, ფრანგები და ესპანელები, ასე რომ, ამით ვერ იხელმძღვანელებ. ეროვნებებზე ლაპარაკი უბრალოდ სასაცილოა".

ჩვენი მხრიდან ნამდვილად ვერ ვიტყვით, სასაცილოა ეროვნებებზე ლაპარაკი თუ არა, მაგრამ იმას მოგახსენებთ, თუ რა გამორჩხრიკა ინგლისურმა პრესამ: დირკ კუიტი და პეტერ ვინკი მეზობლები არიან და წლებია, ერთმანეთს იცნობენ. თავად კუიტმა ასე თქვა: "მე მსაჯს კარგად ვიცნობ, "ფეიენოორდში" რომ ვთამაშობდი, მას ხშირად უწევდა ჩვენი შეხვედრების გაძღოლა, მაგრამ თუ ამაზე მიდგა საუბარი, მაშინ არსენალელი რობინ ვან პერსიც ვახსენოთ. ისიც ხომ ჰოლანდიელია და ლონდონში გადაბარგებამდე ისიც "ფეიენოორდში" გამოდიოდა. ერთი სიტყვით, იმაში, რომ მსაჯი მიცნობს და ამიტომ მეხმარებოდა, სიმართლის ნამცეციც არ არის. რაც შეეხება იმ ეპიზოდს... დიახ, მჭიდრო ეპიზოდი იყო და გლებს ოდნავ შევეხე, მაგრამ მაისურაზე არ დამიქაჩავს და ამიტომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო".

ხოლო მსაჯ პეტერ ვინკს ევროპის მომავალ ჩემპიონატზეც არაერთხელ ვიხილავთ. ის ჰოლანდიელ მსაჯთა ელიტაში შედის და უეფაშიც ფრიად აფასებენ.

ვინკი: "ის ეპიზოდი ჩანაწერში ჯერ არ მინახავს, მაგრამ გპირდებით, ვმვ-ზე ვნახავ. ეს რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის თამაში ყოფილიყო და უეფას კანონებით კომენტარი აკრძალული არ მქონდეს, თუ დავრწმუნდებოდი, რომ შევცდი, გამოვიდოდი და ამ შეცდომას ვაღიარებდი, ახლა კი ასე ვიტყვი - სტადიონზე ჩინებული ატმოსფერო სუფევდა, ერთმანეთის წინააღმდეგ ორი უმაღლესი დონის გუნდი იდგა და ჩემი საქმის კეთებაც წამითაც არ გამჭირვებია".

უეფას მსაჯთა მრჩეველი, მარიო ვან დერ ენდე:

"როდესაც ასეთ დონეზე მსაჯობ, შეცდომა არ უნდა დაუშვა, ვინკი კი შეცდა. ჩემმა კოლეგებმა, ჟურნალისტებმა და გუს ჰიდინკმაც, ერთხმად აღიარეს, რომ "ლივერპულის" კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com