"სარბიელი"
# 76
შაბათი, 5 აპრილი, 2008 წელი

პელეგრინი ბარსაში?

ლადო ხომერიკი

ბოლო წლებში "ვილიარეალი" ესპანური პრიმერადივიზიონისა და, საერთოდ, ევროპული საკლუბო ფეხბურთის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი გავიხსენოთ, რომელშიც "არსენალთან" მატჩის ბოლო წუთზე, მაშინდელი "ყვითლების" მთავარვარსვლავმა რიკელმემ პენალტი გააცუდა და ამით "ვილიარეალს" ფინალში "ბარსელონასთან" შეხვედრის შანსი დაუკარგა. თუმცა ამ გუნდის მიღწევა სასწაულს კი არა, გამოცდილ პროფესიონალს და ძლიერ მწვრთნელს, ჩილელ მანუელ პელეგრინის უნდა მივაწეროთ.

ოკეანისგაღმელი სპეციალისტი ევროპულ გრანდ კლუბებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. ახლახან ცნობილი გახდა, რომ პელეგრინისთან თანამშრომლობა რომან აბრამოვიჩის "ჩელსის" სურს. "ვილიარეალმაც" სასწრაფოდ განაახლა თავის მწვრთნელთან კონტრაქტი. "ელ მადრიგალიდან" პელეგრინის წასვლის ფასი ორი მილიონი ევროა.

მანუელ პელეგრინის დამრიგებლობა "ბარსელონაშიც" უნდათ, სადაც ფრანკ რაიკარდის საქმე გაურკვეველია, ჰოლანდიელს სეზონის ბოლოს ალბათ მწვრთნელობას დაატოვებინებენ და კატალონიური გრანდიც სხვა სამომავლო კანდიდატთა შორის (ლორან ბლანი, მიქაელ ლაუდრუპი, ხოსეპ გვარდიოლა, ჟოზე მაურინიუ) პელეგრინის ვარიანტსაც განიხილავს.

ესპანური "სპორტის" ვერსიით, "ბარსას" პრეზიდენტი ხუან ლაპორტა "ვილიარეალის" თავკაც ფერნანდო როიგს შეხვდა და პელეგრინის "კამპ ნოუზე" გადაბარგების თაობაზე მოეთათბირა. როიგს უარი არ უთქვამს და გაისად, შეიძლება, ფრანკ რაიკარდის ადგილზე ჩილელი ვიხილოთ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com