"სარბიელი"
# 76
შაბათი, 5 აპრილი, 2008 წელი

რა ღირს ერთი გაძევება?

პაპუნა კედია

ხმა დაირხა, რომ ფეხბურთის მავანმა ვარსკვლავმა ქრთამად 50 ათასი გირვანქა აიღო... ლაპარაკია ყოფილ პრემიერლიგელზე, ამბავი კი ან შარშანდელია ანაც შარშანწინდელი.

ამბობენ, რომ ამ კაცმა, რომლის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ, ქრთამის საფასურად მსაჯს თავი გააძევებინა და ზედაც სამი თანაგუნდელი აცდუნა - ყვითლებზე დაითანხმა. მისმა გუნდმა ის თამაში წააგო.

გარკვეულია ქრთამის აღების ფორმაც: ხსენებულ ვარსკვლავს ერთ-ერთი ტოტალიზატორისა მართებდა (იოლი მისახვედრია, რომ ეს კაცი გემბლერია ანუ თამაშით გახლავთ დაავადებული), გაძევების სანაცვლოდ კი მას ის ვალი ჩამოაწერეს. ცნობილია, რომ ამ ამბის შემდეგ, სკანდალური ისტორიის გმირი გემბლინგისგან მკურნალობდა, ჩადენილს კი საშინლად განიცდიდა და ნანობდა.

ახლა მოსალოდნელია, რომ ისტორიას რეზონანსი მოჰყვება, ხოლო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას, შესაძლოა საქმეში მთელი სიმძლავრით ჩართვა და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაც დაჭირდეს.

როგორც ირკვევა, ასეთ ისტორიებს, ჰემპშირში მდებარე "სპორტინგ ჩენს კლინიკში", სემინარებზე ყვებიან და ეს კერძო ამბავიც ამ კლინიკის კედლებიდან გამოძვრა. მიაქციეთ ყურადღება: ამავე სემინარზე ითქვა ინგლისის ერთ-ერთი დაბალი ლიგის ფეხბურთელის ამბავიც, რომელსაც 37 ათასზე წაცდა ხელი და მერე თავს იკლავდა. იქვე გამჟღავნდა რამდენიმე დღეს მოქმედი პრემიერლიგელის ამბავიც, ოღონდ ეს უკვე მექრთამეობის კი არა, ნარკომანიის პრობლემაა - ეს რამდენიმე კაცი, თურმე კოკაინისტია, ოღონდ ამის შესახებ მათმა კლუბებმა არ იციან.

თქვენი ნებართვით, საკუთრივ ამ კლინიკის შესახებაც გეტყვით ორიოდ სიტყვას. ეს გახლავთ, "არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის, გამოსწორებული ლოთის, ტონი ადამსის მიერ დაარსებული ცენტრი, რომლის მიზანი ინგლისელ სპორტსმენთა სხვადასხვა "მანიისგან" განკურნებაა.

კლინიკის აღმასრულებელი შეფი პიტერ ქეი:

"ჩვენი პაციენტების ნათქვამზე არც პირადად მე გახლავართ პასუხისმგებელი და არც მთლიანად "სპორტინგ ჩენსი", ხოლო, რაც შეეხება იმას, ვიცოდი თუ არა ხსენებული ჩაწყობილი გაძევების ამბავი, გიპასუხებთ, რომ დიახ, ვიცოდი. საერთოდაც, ნამდვილად არ ვიტყვი, რომ ინგლისში ჩაწყობები გავრცელებულია, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა ჩემთვის ცნობილია".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com