"სარბიელი"
# 76
შაბათი, 5 აპრილი, 2008 წელი

ინგლისი: ოთხშაბათი შაბათია

ვაჟა ხუციშვილი

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "არსენალმა" "ლივერპულს" ვერ მოუგო, თუმც პრემიერლიგაში შინ ზედიზედ ოთხი სეზონია, ამარცხებს და დღეს მეხუთედ შეეცდება. "მეთოფეები" გამარჯვების ან ფრის შემთხვევაში მეორე ადგილზე გადავლენ, რადგან "ჩელსი" ორი საათის შემდეგ ითამაშებს.

"ლივერპულთან" შეხვედრაში რობინ ვან პერსი დაშავდა და დღეს გუნდს ალბათ ვერ დაეხმარება, ისევე, როგორც ტრავმირებული ბაქარი სანია და დისკვალიფიცირებული აბუ დიაბი. საეჭვოა ემანუელ ადებაიორის გამოჩენაც, ხოლო თეო უოლკოტი, შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში იყოს, რადგან ოთხშაბათის მატჩში კარგად ითამაშა.

"ლივერპულს" დასჯილი ხავიერ მასკერანო დააკლდება და გამორიცხული არაა, რაფაელ ბენიტესმა სტივენ ჯერარდი, ფერნანდო ტორესი და ჯეიმი კარაგერი დაასვენოს "მეთოფეებთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრისთვის.

სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან" დამარცხებული "ჩელსი" მანჩესტერში "სიტის" ეწვევა, რომელსაც ბოლო ხუთი მატჩი შინ თუ სტუმრად ისე მოუგო, რომ გოლიც არ გაუშვია.

"სიტი" ამჟამადაც ვერაა კარგ ფორმაში რადგან ექვს ტურში მხოლოდ სამი გოლის გატანა მოახერხა.

თავის მხრივ, "ჩელსიმ" პრემიერლიგის ბოლო ექვს შეხვედრაში 18 გოლი შეაგდო.

ავრაამ გრანტი იმედოვნებს, რომ მეკარე პეტრ ჩეხი დღეს უკვე შეძლებს თამაშს, რომელსაც თვეზე მეტი გაუცდა და თურქულ "ფენერბაჰჩესთან" მსუბუქად დაშავებული ფრენკ ლამპარდიც გამოკეთდება.

სიტელებს ნახევარმცველები, მარტინ პეტროვი და მაიკლ ჯონსონი გამოუჯანმრთელდათ, მაგრამ მცველები, მაიკლ ბოლი და მაიკა რიჩარდსი კვლავაც ტრავმირებულნი არიან.

აქვე ვთქვათ, რომ "ჩელსი" პრემიერლიგაში 16 დეკემბრის შემდეგ არ დამარცხებულა.

"ასტონ ვილას" ხუთი მატჩია, არ მოუგია და ბოლო სამში ისე დამარცხდა, რომ გოლის გატანა ვერ მოახერხა. მარტინ ონილის გუნდი "ბოლტონს" უმასპინძლებს, რომელიც პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძვის და 2 თებერვლის აქეთ გამარჯვების გემო არ იცის. ბოლტონელებს დისკვალიფიცირებული კაპიტანი კევინ ნოლანი დააკლდებათ, მეკარე იუსი იაასკელაინენი, მცველები ნიკი ჰანტი და რიკარდო გარდნერი კი დაშავებულნი არიან.

სეზონის ბოლოს მისუსტდა "ტოტენჰემი" და ბოლო ექვს ტურში მხოლოდ ორჯერ იმარჯვა, თან თოთხმეტი გოლის გაშვებაც მოასწრო. ასეთი გუნდი ეწვევა "ბლექბერნს", რომელიც ცხრილში მაღლა-მაღლა მიიწევს და 13 იანვრიდან დღემდე გამართულ 11 მატჩში ოდენ ორი შეხვედრა წააგო. "ტოტენჰემს" ტრავმამოშუშებული ჯერმენ ჯენასი დაუბრუნდა, ბლექბერნელებს კი ბრეტ ემერტონი და დისკვალიფიციამოხდილი კრისტოფერ სამბა.

"ნიუკასლი" მოფერიანდა და ზედიზედ მოგებული ორი მატჩის შემდეგ ალბათ უქულოდ გაისტუმრებს "რედინგსაც", რომელიც სტუმრად გაშვებული გოლების რაოდენობით (36) მხოლოდ ბოლოადგილოსან "დერბის" ჩამორჩება.

პირველზე გამოჭიმული "მანჩესტერი" მიდლსბროს ეწვევა და ამ სეზონში პირველად, სტუმართა შემადგენლობაში გარი ნევილი გამოჩნდება. მან ტრავმა მოიშუშა და ორშაბათს სარეზევო გუნდშიც ითამაშა. ეს სწორედაც რომ დროული იყო, რადგან დაშავებულ მიკაელ სილვესტრს, ნემანია ვიდიჩიც შეუამხანაგდა. ტრავმირებულნი არიან დარენ ფლეტჩერი და ნანიც. "მანჩესტერმა" ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო და ხვალაც თუ იმარჯვებს, ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com