"სარბიელი"
# 76
შაბათი, 5 აპრილი, 2008 წელი

რეალურად აუცილებელი ალვეში

ლადო ხომერიკი

ბერნდ შუსტერი სამომავალსეზონოდ სამ ტრანსფერს ითხოვს - ალვეშს, ჰუნტელაარს და დიეგოს. თუმცა "რეალის" მწვრთნელს ყურადღება "სევილიას" ფეხბურთელზე აქვს გამახვილებული და უკვე შეატყობინა პრეზიდენტ კალდერონს, დანი ალვეშის "ბერნაბეუზე" მოყვანა აუცილებელიაო. "სევილია" კი გარიგებაზე იმ შემთხვევაში წავა, თუ სატრანსფერო მოლაპარაკებაში ბაპტიშტას, სავიოლას ან რუბენ დე ლა რედის ანდალუზიაში გადაბარგების საკითხი დადგება.

სამეფო თეთრების თავკაცს ორი კვირის წინანდელი, "სევილია" - "ატლეტიკოს" მატჩი ტელევიზორით უნახავს. მიუხედავად "ათლეტთა" გამარჯვებისა, "ბერნარდო" დანი ალვეშის სიჩაუქით მაინც მოხიბლულა. "ალვეში ყოველმხრივ სრულყოფილი ფეხბურთელია. მეტოქის საჯარიმომდე მის შეჩერებას 6 კაცი მაინც სჭირდება. ბრაზილიელი მცველიცაა, ნახევარმცველიც და თავდამსხმელადაც ვარგა. გაისად სწორედ ასეთი მძლავრი მოთამაშე უნდა მოვიყვანოთ "ბერნაბეუზე" - განუცხადებია შუსტერს თავისი თანაშემწეებისთვის.

გერმანელის აღტაცება, ცხადია, კალდერონისა და კლუბის სპორტული დირექტორის, პრედრაგ მიატოვიჩის ყურადღების მიღმა არ რჩება. ეს ხალხი ალვეშის ხელში ჩაგდებას 2007 წლის ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ ბრაზილიელი არც "რეალის" ფეხბურთელი გახდა და არც მეორე მთხოვნელის - ლონდონის "ჩელსის". ალვეში დღემდე "სანჩეს პისხუანის" ვარსკვლავად რჩება.

"რეალის მესვეურებს თავიდან კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა უნდოდათ (მადრიდელთა სამწუხაროდ, ეს მათთვის ჯერაც მიუღწეველი ოცნებაა), თუმცა მერე გადაწყვიტეს, პორტუგალიელისთვის გადანახული ასტრონომიული თანხა შუსტერის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად დაეხარჯათ. "ბერნარდო" კი ერთ მოიერიშეს (ფავორიტი ჰუნტელაარია), ნახევარმცველსა (ბრემენელი დიეგო) და განაპირა მცველს (ალვეში) ითხოვს.

ზაფხულში მადრიდში "სევილიას" პრეზიდენტი დელ ნიდო ჩავიდა. სამეფო თეთრებს ალვეშზე მაშინაც უკაწკაწებდათ კბილები, მაგრამ ანდალუზიელთა თავკაცმა ასე უთხრა პრეზიდენტ კალდერონს: "რამონ, მაპატიე, მაგრამ ალვეშს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ მოგყიდი, სევილიური ფანობა ამას არ მაპატიებს". ეს ითქვა და "რეალიც" დადუმდა, ოღონდ დროებით.

წლეულს, ჩემპიონთა ლიგაში "რომასთან" მარცხმა ბერნდ შუსტერს თვალი აუხილა. სერხიო რამოსმა იტალიელებთან საპასუხო მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ შეძლო თამაში და "რომამ" "რეალის" მარჯვენა ფლანგზე თავისუფლად იჯირითა. თუ ალვეში "ბერნაბეუზე" მივა, შუსტერი ორ კურდღელს ერთად დაიჭერს - ბრაზილიელი მარჯვენა მცველად ითამაშებს, რამოსი კი პეპესა და ჰაინცესთან ერთად, ცენტრალური უკანახაზელის პოზიციას მოუვლის.

"სევილიას" ფეხბურთელის ანდალუზიიდან გამოხსნის საფასური ოფიციალურად 60 მილიონი ევროა, თუმც "რეალი" ამ თანხას არ გადაიხდის. მადრიდული გაზეთების ცნობით, სამეფო გუნდს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

დანი ალვეში 6 მაისს 25 წლის შესრულდება. ბრაზილიელ ფეხბურთელს "ბერნაბეუს" ინჩასები ყოველთვის მოწყალე თვალით უყურებდნენ. მედიის მიერ მოწყობილი გამოკითხვის მიხედვით, მადრიდელ ფანთა უმეტესობას, შუსტერის მსგავსად, მომავალ სავარაუდო ტრანსფერებში, უმთავრესად, "ბერნაბეუზე" სწორედ ალვეშის ჩამოყვანა მიაჩნია.

პრიმერადივიზიონში მოთამაშე კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც შეიძლება გაისად რეალელი გახდეს, სერხიო "კუნ" აგეროა, "ატლეტიკოს" არგენტინელი. "კუნი" ბრწყინვალე ფეხბურთელია, სამომავალსეზონოდ მის ყიდვას არ გამოვრიცხავთ" - განუცხადა "მარკას" "რეალის" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

მოგეხსენებათ, რომ აგეროს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის გაწყვეტის ფასი 55 მილიონს შეადგენს და არგენტინელიც "ვისენტე კალდერონის" ქომაგთა ერთ-ერთ კერპად ითვლება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com