|
|
"სარბიელი"
იტალია: ინტერს ბერგამოში გამოცდიან
გიორგი კაკაბაძე
მილანის "ინტერმა" ბოლო დროს ისედაც ბევრი ქულა დაკარგა და ამის უფლება აღარ აქვს, რადგან "ნერაძურის" "რომა" "კუდზე დააჯდა". არადა, რობერტო მანჩინის შეგირდებს ძალიან რთული მატჩი ელით. "ატალანტა" ბრწყინვალე ფორმაშია, თან შინ ჩინებულად თამაშობს და ბერგამოელებს, რომლებმაც წინა ტურში "სან სიროზე" "ინტერის" თანაქალაქელ "მილანს" მოუგეს, ამჯერადაც წარმატების იმედი აქვთ. მასპინძლებს მორის კაროძიერი ჰყავთ დისკვალიფიცირებული, ხოლო ლეონარდო ტალამონტის ტრავმა აქვს. მილანელებს ვალტერ სამუელი, ივან კორდობა და კრისტიან კივუ დააკლდებათ. ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი მანჩინიმ, შესაძლოა დაასვენოს, შვედს ტრავმა აწუხებს. "სულ წინ უნდა ვიყუროთ, უკან რომ მოვიხედოთ, შესაძლოა მდევრები დაგვეწიონ და გაგვასწრონ კიდეც. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ საკუთარ მატჩებზე და გამარჯვებებზე ვფიქრობთ, "რომას" თამაში არ გვაღელვებს" - თქვა "ნერაძურის" თავდამსხმელმა ერნან კრესპომ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" საშინაო მარცხით გულგატეხილი "რომა" "ჯენოას" მასპინძლობს. ლუჩანო სპალეტის კვლავ არ ეყოლება ფრანჩესკო ტოტი. დავიდ პისარო დისკვალიფიცირებულია, ალბერტო აკვილანი, მატეო ფერარი და ჟუანი კი დაშავებულნი. გენუელებს მატეო პარო და სანტოსი არ ეყოლებათ. მათი მთავარი იმედი კი ამჟამად სერია ფ-ს საუკეთესო ბომბარდირი მარკო ბორიელო იქნება, ვისაც ბრწყინვალე სეზონი აქვს. "იუვენტუსს" რთული სტუმრობა ელის "რენცო ბარბერაზე", სადაც სტეფანო კოლანტუონო სიცილიელი ფანების თვალწინ თავისი დაბრუნების მაქსიმალურად წარმატებულად აღნიშვნას ეცდება. "პალერმოს" თავდასხმაში აქვს პრობლემები - ისევ ვერ ითამაშებს ფაბრიციო მიკოლი, ედისონ კავანის მინდორზე გასვლა კი ეჭვქვეშ დგას. ჯანლუიჯი ბუფონს მხარი ისევ აწუხებს, მაგრამ ექიმების თქმით, იგი თამაშს შეძლებს. კვლავ დაშავდა კრისტიანო ძანეტი და ცხადია, არ იქნებიან უფრო სერიოზულად დაშავებული მარკო მარკიონი და ჟორჟე ანდრადე. "ჩვენ ახლოს ვართ "რომასთან" და არც "ინტერია" ძალიან შორს, ასე რომ, რატომაც არ უნდა ვიოცნებოთ სკუდეტოზე. თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ ეს თითქმის შეუძლებელია. "პალერმოსთან" მატჩის ჩათვლით ყველა დარჩენილ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯებით" - განაცხადა "იუვეს" მცველმა ჯორჯო კიელინიმ. "ფიორენტინასა" და "რეჯინას" აბსოლუტურად სხვადასხვა მიზნები აქვთ, მაგრამ ქულები ორივეს ჰაერივით სჭირდება. თუმცა რეჯოკალაბრიელებს ფლორენციაში ძალიან გაუჭირდებათ. მით უმეტეს, რომ სერია ფ-ში "იებთან" ხუთი ვიზიტიდან "რეჯინას" ხუთივე წაგებული აქვს და მიმდინარე სეზონში სტუმრად ჯერ არ მოუგია. "იების" ლიდერი ადრიან მუტუ: "ამ კლუბში ლუკა ტონისა და გაბრიელ ბატისტუტას უთამაშიათ და მეც მათნაირად ვგრძნობ თავს. ფლორენცია განსაკუთრებული ქალაქია, ფანები კი ყოველთვის გვეხმარებიან და გვამხნევებენ. სწორ გზაზე ვდგავართ. გვინდა, უეფას თასზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ, ჩემპიონატი კი ოთხეულში დავასრულოთ. ძალიან მოტივირებულნი ვართ". "სიენას" შინ "უდინეზესთვის" ოთხი წელია, არ მოუგია და უდინელებს, რომლებიც ისტორიაში მეორედ, ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძვიან, იმედი აქვთ, რომ ტოსკანელები ნავსს ვერც ამჯერად გატეხენ. სიენელთა შემადგენლობა საბრძოლოა. "უდინეზეს" სიგებში კი ფელიპეს, ანდრეა კოდასა და კრისტიან საპატას თამაშია საეჭვო. ერთ-ერთი აუტსაიდერთაგანი "კალიარი" ბრწყინვალე ფორმაშია და სავსებით რეალურია, სარდინიელებმა კრიზისში მყოფ "მილანს" "სან სიროზე" 11-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოუგონ. "როსონერის" ალესანდრო ნესტა, კაფუ, სერჟინიო, რონალდო და მარეკ იანკულოვსკი აკლია. "კალიარის" კი მხოლოდ პაოლო ბიანკო არ ეყოლება. მშვენიერ ფორმაში მყოფი "სამპდორია" ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას აგრძელებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა შინ გადარჩენისთვის მებრძოლი "ლივორნო" წააქციოს. გენუელებს დამატებით მუხტს ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მინდორზე ანტონიო კასანოს დაბრუნება აძლევთ. ვერ ითამაშებენ დანიელე ფრანჩესკინი, ვინჩენცო მონტელა და კლაუდიო ბელუჩი. ტოსკანელებს კი მხოლოდ ჯულიანო ჯანიკედა აკლიათ. "ჩვენი საიდუმლო ის არის, ორმ მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდებით და მუდამ შემართულები ვართ. უეფას თასზე გასვლა რეალურად შეგვიძლია, ჩემპიონთა ლიგა კი ოცნებაა. გვინდა ინტერტოტოს თასს ავარიდოთ თავი და ზემოთ ხსენებული ორი ტურნირიდან რომელიმეზე მოვხვდეთ. ძალიან მიხარია, რომ ანტონიო კასანო დაგვიბრუნდა. ახლა მთავარია, "ლივორნოს" მოვუგოთ" - განაცხადა გენუელთა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |