|
|
"სარბიელი"
გერმანია: შააფმა ვერდერს შარაფი აუკრძალა
ფრე "ნიურნბერგთან" და "ხეტაფესთან" - ეს საკმარისი საბაბია საიმისოდ, რომ ოტმარ ჰიცფელდმა "ბაიერნის" ფეხბურთელები შეაფუცხუნოს. ბოლო ექვს ტურს თუ გადავხედავთ, მიუნხენურმა გუნდმა მხოლოდ სამი მატჩი მოიგო და შეტევაშიც ვეღარ ყოჩაღობს - მხოლოდ შვიდი გოლი გაიტანა. "ბაიერნი" "ბოხუმს" უმასპინძლებს და ქომაგების წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება, თუმც ბოხუმელები ამჟამად ურიგო ფორმაში არ არიან - ზედიზედ ექვსი მატჩია არ წაუგიათ. ოტმარ ჰიცფელდი ალბათ ისევ კლოზეს გაამწესებს ძირითად შემადგენლობაში, რადგან პოდოლსკიმ ვერ გაამართლა. შტუტგარტში მეორეადგილოსანი "ჰამბურგი" ჩაბრძანდება. გუნდებს შორის ხუთქულიანი სხვაობაა და მასპინძლები თუ მოიგებენ, სამეულში შესვლის და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსი გაუჩნდებათ. შტუტგარტელებს მეგოლე მარიო გომესი დააკლდებათ. მას ჩიპრიან მარიკა შეცვლის, რომელმაც 23 მატჩში ორი გოლი გაიტანა. "ჰამბურგი" 1 დეკემბრის შემდეგ ბუნდესლიგაში არ დამარცხებულა, ხოლო "შტუტგარტმა" ბოლო შვიდ ტურში ხუთი მატჩი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ჰამბურგელებს დასჯილი იორის მატიისენი და ავიდ იაროლიმი დააკლდებათ, ხოლო ივიცა ოლიჩი ტრავმირებულია. "ვერდერმა" ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო. წინა ტურში შინ "დუისბურგთან" მარცხის შემდეგ თომას შააფმა გუნდი "ყაზარმულ" რეჟიმზე და ორჯერად ვარჯიშებზე გადაიყვანა. ბრემენელები "ჰერტას" ესტუმრებიან. "ჰერტაც" ვერაა ფორმაში, რადგან ოთხი ტურია, არ მოუგია. ბერლინელებს მსუბუქად დაშავებული ჰყავთ მეგოლე მარკო პანტელიჩი. მეორე წრეში ყველაზე მეტი ქულის მომხვეჭელი "ვოლფსბურგი" ქვემოსაქსონურ დერბიში "ჰანოვერს" უმასპინძლებს. "მგლებს" დასჯილი ფორვარდი გრაფიტე დააკლდებათ, რომელსაც ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. მან 19 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და ფელიქს მაგათის გუნდისთვის მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება და ედინ ძეკო ითამაშებს. ჰანოვერელებს კი მეგოლე მაიკ ჰანკე ვერ დაეხმარება-მას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს მოსახდელი. "არმინიას" მწვრთნელი მიხაელ ფრონცეკი გამრჯვებას მონატრებულია და "კარლსრუესთან" სამი ქულის აღებას აპირებს. ფრონცეკი მეორე წრეში დანიშნეს არმინიელთა თავკაცად და 11 მატჩში ერთიც ვერ მოიგო. "კარლსრუეს" ოთხი ტურია, არ მოუგია, "არმინიამ" კი ზედიზედ სამი ფრე ითამაშა. ძალიან მოუმატა "აინტრახტმა" და ასე თუ გააგრძელა, უეფას თასზე კი არა, ვინ იცის, ეგებ ჩემპიონთა ლიგასაც გამოჰკრას ხელი. ფრანკფურტელთა სტუმარი დღეს ბოლოადგილოსანი "ნიურნბერგი" იქნება, რომელიც მეორე ბუნდესლიგას ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |