"სარბიელი"
# 76
შაბათი, 5 აპრილი, 2008 წელი

ესპანეთი: თეთრებს და ყვითლებს ბარსა ლიგამოხდილი შეუტევს

ლადო ხომერიკი

წინა ტურში "ხეტაფესთან" მოგების შემდეგ "ოსასუნა" სეგუნდადივიზიონის საფრთხესთან 4 ქულის მანძილზე იმყოფება. დღეს ნავარელთა მეტოქე "უელვაა", რომელსაც დისკვალიფიცირებული ველას გარეშე დაუხვდებიან. "უელვას" ბუზონი ჰყავს სანქცირებული, სინამა-პონგოლს კი ყვითელი ბარათი აპატიეს და თამაშს შეძლებს.

"მალიორკას" უნდა, პრიმერაში რაც შეიძლება მალე გაინაღდოს ადგილი. კუნძულელებმა გასულ კვირას "ვალენსია" გააკრეს ბეჭებზე, ახლა კი "რეალს" უმასპინძლებენ. სამეფო თეთრების ლაზარეთი გუტიმ, ჰაინცემ და გაგომ დატოვეს და მათ ალბათ მოედანზე ვიხილავთ.

მეორე მადრიდული კლუბი "ატლეტიკო" კი საჩემპიონთალიგო ოთხეულში დარჩენის მსურველია. "ათლეტებმა" ბოლოს "ვილიარეალთან" წააგეს, ხოლო კვირას ომი "ალმერიას" უნდა გაუმართონ, რომელსაც საევროტურნირო პოზიციებამდე 3 ქულა აშორებს.

"ლევანტეს" სეგუნდადივიზიონში ჩაჩეხვა ალბათ გარდაუვალია, თუმცა ესპანური გაზეთები წერენ, ვალენსიელებს "სიკვდილი" ღირსეულად სწადიათ და "ვალიადოლიდს" სამკვდრო-სასიცოცხლო ომს გაუმართავენო.

"ბილბაოს" დისკვალიფიკაციის გამო უსტარიცი გამოაკლდება "ესპანიოლთან" ომში და ტრავმირებული ორბაისიც ლაზარეთში ჰყავს. "ესპანიოლმა" "რასინგთან" წაგების მერე მეშვიდე ადგილზე ჩამოინაცვლა და საევროტურნირო ადგილის გასანაღდებლად კატალონიელებს სიფრთხილე მართებთ.

"რასინგი" ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს. სანტანდერელთა საკვირაო სტუმარი "დეპორტივოა", რომელიც სეგუნდადან 4 ქულის მანძილზე იმყოფება. "რასინგს" სანქციის გამო მორატონი დააკლდება, "დეპორს" კი, ასევე დაჯარიმებული ლოპო.

"მურსიას" თუ გადარჩენა უნდა, "ვალენსიასთან" ქულები არ უნდა დაკარგოს, რაც საკმაოდ ძნელი საქმეა - "ღამურები" "მალიორკასთან" მარცხით არიან გამწარებულები. "სევილია" კი "ატლეტიკოსთან" და "რეალთან" დამარცხების მერე საამსეზონოდ დასახულ მიზანს, ჩემპიონთა ლიგას, 5 ქულით ჩამოსცილდა. ანდალუზიელები ხვალ "ვილიარეალთან" დრაგუტინოვიჩის და მარესკას გარეშე ითამაშებენ, "ყვითლებს" კი ფუენტესი და ფრანკო დააკლდებათ.

"ბარსელონამ" 30-ე ტურში მეორე ადგილი დაკარგა, თუმცა მერე კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგაში "შალკე" დაამარცხეს და კვირას "ხეტაფეს" მხნედ დაუხვდებიან. "ბარსას" თითოეული მატჩი ფრანკ რაიკარდისთვის ნამდვიდი გამოცდაა - თუ გუნდმა კიდევ ერთხელ წაიბორძიკა, მწვრთნელს ალბათ ადგილს დაატოვებინებენ.

ევროპა "ხეტაფემაც" კარგად მოიარა. უეფაზე "ბაიერნთან" 1:1-ის შემდეგ მადრიდელები მშვენიერ ხასიათზე უნდა იყვნენ. ლაუდრუპის გუნდს "კამპ ნოუზე" დისკვალიფიცირებული კონტრა დააკლდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com