"სარბიელი"
# 76
შაბათი, 5 აპრილი, 2008 წელი

ბაჰრეინში მოსლის მისვლას არ ელიან

კახა ლომაძე

ხვალ, თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე ბაჰრეინში, "საჰირის" ავტოდრომზე წლევანდელი საპირველფორმულო ჩემპიონატის მესამე დიდი პრიზი გახურდება, თუმც "სამეფო რბოლების" სამყაროს ბოლო დღეებში სულ სხვა ამბები აღელვებდა.

ლაპარაკია იმ სკანდალზე, რომელიც ინგლისურმა გაზეთებმა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, მაქს მოსლის შესახებ ააგორეს, აქაოდა მისტერ მოსლი ფაშისტური მიდრეკილებების მქონეა და მისთვის არც სექსუალური გადახრებია უცხოო.

თავად მოსლი ყოველივეს უარყოფს და აპირებს, მის პირად ცხოვრებაში ჩარევის გამო პრესას სასამართლოში უჩივლოს, მაგრამ ყველაფერი ასე მშვიდად რომ არ ჩაივლის, ამას წყალი არ გაუვა.

თავად განსაჯეთ - მოსლი არ დაესწრება ბაჰრეინულ ეტაპს და თავად ამას იმით ხსნის, რომ საკუთარ ადვოკატებთანაა საქმით დაკავებული, მაგრამ "ტაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჰრეინის პრინცმა შეიხ სალმან ბინ ალ ხალიფამ მოსლის წერილი მისწერა და აგრძნობინა, მომხდარი სკანდალის შემდეგ ჩემს სამეფოში სასურველი სტუმარი ვერ იქნებიო. "მას შემდეგ, რაც პრესაში დაიწერა, გირჩევთ, ბაჰრეინის დიდ პრიზზე დასწრებისგან თავი შეიკავოთ. მე საჭიროდ ჩავთვალე, თქვენთვის მემცნო ბაჰრეინისა და მისი ხალხის პოზიცია" - ნათქვამია პრინცის წერილში.

ამავდროულად "ტოიოტას" წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ სკანდალის შემდეგ მოსლის არა აქვს უფლება აშფ-ს პრეზიდენტად დარჩეს.

იაპონელებს მხარე გერმანულმა ავტოგიგანტებმა, "მერსედესმა" და იქც-მაც აუბეს. ისინი თავად მოსლისგან და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისგან მომხდართან დაკავშირებით შესაბამის განმარტებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ რადგანაც მოსლი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტია, მომხდარი ვერ ჩაითვლება მის პირად საქმედ.

იგივე აზრი აქვს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ნიკი ლაუდას. დიადი ავსტრიელი თვლის, რომ ის ინტიმური ნიუანსები, რომელზეც პრესაში იყო ლაპარაკი, უშუალოდ მოსლის პრობლემებია და საავტომობილო სპორტს არ ეხება, მაგრამ როდესაც ამას ფაშისტური მიდრეკილებებიც ემატება, საქმე სულ სხვა მიმართულებას იღებს და ალბათ ღირს იმაზე დაფიქრება, უნდა დაუჭირო მოსლის მხარი, თუ არა.

აი, ასეთი ამბებია ბაჰრეინული დიდი პრიზის წინ. მოსლიმ კი სკანდალამდე მოასწრო და კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა რონ დენისსა და "მაკლარენ-მერსედესს".

მოგეხსენებათ, შარშანდელი ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ქულებგაუქმებული "მაკლარენი" კონსტრუქტორთა თასზე ბოლო ადგილზე დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი ჩემპიონატის ეტაპებზე "მაკებს" ბოლო, პატარა ბოქსებში უნდა ჰქონოდათ ადგილი, თუმც ფორმულა 1-ის მეპატრონის, ბერნი ეკლსტოუნის მოწადინებით, პირველ ორი ეტაპზე, ავსტრალიასა და მალაიზიაში, "მაკლარენები" სადღაც შუაში, მეხუთე ბოქსში იყვნენ გამწესებულნი.

ბაჰრეინში დენისის გუნდი ბოლო ბოქსში იქნება და, როგორც ეკლსტოუნმა ბრძანა, ეს ცვლილება მოსლის ინიციატივით მომხდარა, აქაოდა, კანონი კანონია და ბოლო გუნდი ბოლოში უნდა იყოსო.

მოკლედ, ასეა - მოსლი მთელი ენერგიით ცდილობს დენისის ჩაძირვას, მაგრამ ახლა ყველაფერი უკუღმა შეტრიალდა და დიდია იმის ალბათობა, თავად მოსლი აღმოჩნდეს თამაშგარე მდგომარეობაში.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com