|
|
"სარბიელი"
აუცილებელი განმარტება
სოციოლოგიური კვლევა სერიოზული სამეცნიერო დისციპლინაა და თავისი რთული მეთოდიკაც გააჩნია. ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოკვლევას ამის პრეტენზია არ აქვს. არც იმას მოვითხოვთ, რომ გამოკითხვის შედეგები ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. მაგრამ, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი გამოკითხვა ყოველთვის საინტერესოა. სარბიელელებმა, კახა შალამბერიძემ და თამარ ქინქლაძემ 400 ადამიანი გამოკითხეს. ამათგან 60 გამოკითხული ჩვენივე ნაცნობია, ხოლო სატელეფონო წიგნიდან ალალბედზე ამოკრეფილ ნომრებზე დანარჩენ 340 ადამიანს დავურეკეთ. გამოკითხვამ სამ დღეს გასტანა. "გამარჯობა, "სარბიელიდან" გირეკავთ, გამოკითხვას ვატარებთ..." - ამ ფრაზის მოსმენის მერე, ჩვენდა სასიხარულოდ, თითებზე ჩამოსათვლელნი იყვნენ ისინი, წარმოდგენა რომ არ ჰქონდათ, რა ნაკრებზე და რა მწვრთნელზე ვეკითხებოდით. გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ კი ჩვენს კითხვას ხალისით უპასუხა და, ეგ კი არა, ბევრმა ვრცელი ახსნა-განმარტებაც მოაყოლა, თუ რატომ თვლიდა სწორად თავის პასუხს.
შედეგები სანამ ამ წერილის კითხვას დაიწყებდით, უეჭველად გამოკითხვის საბოლოო შედეგებს გადახედავდით. როგორც ხედავთ, ნაკრებში ქართველი მწვრთნელის დანიშვნის იდეამ გაიმარჯვა, თუმცა შთამბეჭდავი უპირატესობა არ მოუპოვებია. თუმცა 53 პროცენტი გამარჯვებაა და ქვემოთ ასეთნაირი შედეგის გაანალიზებას შევეცადოთ.
ვინ, რას და რატომ ბოლო ორი წლის მანძილზე ქართველ გულშემატკივარს სხვადასხვა წყაროებიდან გამუდმებით ესმოდა, რომ კლაუს ტოპმიოლერი ზღვარგადასულად დიდ ჯამაგირს იღებდა და რომ ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი ათჯერ და ასჯერ ნაკლებ ხელფასად იმუშავებდა. შესაბამისად, ეს ფაქტორი, ღარიბი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველ გულშემატკივრებს ისიც ესმოდათ და ხედავდნენ, რომ კლაუს ტოპმიოლერი საქართველოში ძალიან ცოტა დროს ატარებს, ანუ სამსახურში არ დადის და ეროვნულ ჩემპიონატსაც არ სწყალობს. გულშემატკივარი კი ხვდება, რომ ქართველ მწვრთნელს საქართველოში ყოფნის და ეროვნულ ჩემპიონატზე დასწრების პრობლემა არ ექნება. ორი კი არა, რატომ ოცი წელი არ არის, რაც გულშემატკივარს ესმის, რომ ქართველებს განსაკუთრებული მენტალიტეტი გვაქვს და რომ უცხოელებს ქართულ სულში ჩაწვდომა უჭირთ და უცხოელ მწვრთნელთა და ქართველ ფეხბურთელთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი უთანხმოება სწორედ ამ მენტალურ განსხვავებაშია. ამ შემთხვევაშიც გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ქართველ მწვრთნელსა და ქართველ ფეხბურთელებს შორის განსხვავებული მენტალიტეტი ყრუ კედლად ვერაფრით აღიმართება. ჩვენი აზრით, სწორედ ეს სამი ფაქტორია, რამაც გამოკითხულთა 53 პროცენტში უცხოელი მწვრთნელის იდეის უარყოფა გამოიწვია. ვიმეორებთ: იდეის და არა კონკრეტული სახელის.
რატომ ვფიქრობთ ასე? წარმოვიდგინოთ, რომ რესპონდენტებისთვის დასმული კითხვა ასეთი ყოფილიყო: ჟოზე მაურინიუ თუ .... ან მარჩელო ლიპი თუ .... ან ფაბიო კაპელო თუ .... სამწერტილის ნაცვლად შეგვიძლია, ნებისმიერი ქართველი მწვრთნელის გვარი ჩავწეროთ. და როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მივიღებდით. გვგონია, რომ მაურინიუც, ლიპიც და კაპელოც ხმების უმრავლესობას მიიღებდნენ, რადგან გულშემატკივრებს კონკრეტული კანდიდატურების შედარების საშუალება მიეცემოდათ. ამიტომაც ვამბობთ, რომ გულშემატკივრებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ზოგადად უცხოელის მიმართ, მაგრამ რომელიმე სახელიანი მწვრთნელის კანდიდატურას თუ დაასახელებს ფეხბურთის ფედერაცია, განწყობა შეიცვლება.
სულერთია ყოველმა მეათე გამოკითხულმა გვითხრა, რომ სულერთია, ვინ იქნება ნაკრების ახალი მწვრთნელი. სულერთია - ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: მთავარია, კვალიფიციური მწვრთნელი იყოს, ან ვინც გინდა იყოს, არაფერი შეიცვლება.
ბოლოთქმა ისევ გავიმეოროთ, რომ სავალდებულო არ არის, ამ გამოკითხვის შედეგები ფედერაციამ გაითვალისწინოს. მაგრამ ყოველთვის საინტერესოა, რას ფიქრობს ხალხი. ამ გამოკითხვის შედეგებს და მის ანალიზს "სარბიელი" ამ დღეებში კიდევ მიუბრუნდება. გამოკითხვებს კი სხვა საინტერესო და საკამათო საკითხებზეც ჩავატარებთ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |