"სარბიელი"
# 76
შაბათი, 5 აპრილი, 2008 წელი

რას ვერ გაამხელს ლევან ყენია შალკეში: თქვენი ინტერვიუ ლევან ყენიასთან

ლევან ყენიას თამაში პირველად შარშანწინ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ნახეს გულშემატკივრებმა. ეფექტი ეგრევე მოახდინა ამ ბიჭმა, ერთი წელიც არ იყო გასული და ყენია უკვე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გახდა. კარგა ხანია, ასეთ ასაკში ქართულ ფეხბურთს ასე ნიჭიერი ჭაბუკი არ უნახავს, შარშან თბილისის "ლოკომოტივის" საშინაო მატჩებზე ქომაგების უმეტესობა ლევანის თამაშის საყურებლად დადიოდა.

სავარაუდოდ, წლეულსვე ყენია "შალკეს" ძირითად გუნდში იბურთავებს, მანამდე კი "ხუმარათა" 19-წლამდელებში აწყობს "კარნავალს".

სიმართლე ვთქვათ, ყენიას მიმართ უფრო მეტ კითხვას ველოდით გულშემატკივრებისგან.

ამ ინტერვიუში ამ იმედისმომცემი ბიჭის ხასიათსაც შეიცნობთ...

გიო 81

- ვინ არის შენთვის მისაბაძი ქართველი ფეხბურთელი 90-იანი წლებში. გიორგი ქინქლაძე ხომ არა, რომლის სათამაშო მანერა, ბევრის აზრით, ძალიან წააგავს შენსას.

- ქინქლაძე ნამდვილად იყო ჩემთვის მისაბაძი, თუმცა თამაშის სტილი წააგავსო... რა ვიცი... ძალიან მინდა, რომ წააგავდეს.

- ნაკრებში ამდენი წაგება ფსიქოლოგიურად ხომ არ იმოქმედებს გელზენკირხენის "შალკეში" შენს თამაშზე.

- ახლა მოქმედებს... აი, ბოლო მაგალითი: ჩრდილოეთ ირლანდიიდან ძალიან უხასიათოდ ჩამოვედი, არაფრის ხალისი აღარ მქონდა. იმედია, საქართველოს ნაკრები სულ მალე დაივიწყებს წაგებებს და მოგებების დროც მოვა.

უშანგი რუხაძე

- რა აზრის გაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კლაუს ტოპმიოლერი აღარ არის ნაკრების მწვრთნელი.

- პირველად სწორედ ტოპმიოლერის ხელში ვითამაშე ეროვნულ ნაკრებში და ამ კაცის მიმართ მადლობის მეტი რა მეთქმის. ტოპმიოლერს ამას არასოდეს დავუვიწყებ.

- მსოფლიოში ცნობილი მწვრთნელებიდან რომელს ისურვებდი საქართველოს ნაკრების თავკაცად.

- ძნელია არჩევა, მაგრამ რადგან ერთი უნდა ვთქვა, ვიტყვი - ოტმარ ჰიცფელდი. გერმანიის ნაკრები და მიუნხენის "ბაიერნი" მომწონს ყველაზე ძალიან. თუმც, ცხადია, ამას "შალკეში" ვერ ვიტყვი... ვერ გამიგებენ კარგად.

- სწორად მიგაჩნდა, რომ ტოპმიოლერი ნაკრების ძირითადში აყენებდა დიდი ხნის უთამაშებელ ან სანაკრებოდ ჯერ მოუმწიფებელ ფეხბურთელებს.

- ერთია, რომ თუ ეროვნულ ნაკრებში თამაშს ჯერ არ იმსახურებს ფეხბურთელი, არ უნდა ათამაშო, მაგრამ ეტყობა, ეს კითხვა უფრო ლევან ცქიტიშვილს ეხება - "ცქიტო" ჩემთვის იდეალური ფეხბურთელია და მგონია, რომ უთამაშებელსაც კი დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ნაკრებისთვის.

- შოტლანდიასთან ბრწყინვალე თამაშის შემდეგ რატომ დაეწყო ნაკრებს ჩავარდნა, რა იყო ამის მიზეზი.

- მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა...

- თუ საიდუმლო არ არის, რაზე გელაპარაკათ კლაუს ტოპმიოლერი ლატვიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩების შესვენებებზე.

- მაგას ვერ ვიტყვი... არ მიმაჩნია კორექტულად ამ თემაზე ჩემგან საუბარი.

- როგორ ფიქრობ, ორი წელი საკმარისი იყო კლაუს ტოპმიოლერის დონის მწვრთნელისთვის, რათა ფედერაციის მიერ დასახული მიზნისთვის მიეღწია.

- რა გიპასუხოთ... უხერხულია ჩემგან ამაზე ლაპარაკი...

- შოტლანდიასთან მატჩი რომ არ ჩავთვალოთ, როგორ შეაფასებ ტოპმიოლერის მიღწევებს ნაკრებში.

- რა მიღწევა გვქონდა.! შედეგი ცუდია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ეს მარტო ტოპმიოლერის ბრალი არ იყო - მთლიანად გუნდის ბრალი უფროა.

- როგორ უყურებ ნაკრების სათავეში ქართველი მწვრთნელის შესაძლო მოსვლას.

- ნორმალურად. ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს - მთავარია, მცოდნე და სამართლიანი მწვრთნელი იყოს.

- შენი აზრით, საქართველოს ნაკრებში ყველა ფეხბურთელი იხარჯება ასი პროცენტით.

- კი. სხვა საქმეა, ვის როგორ გამოსდის ეს.

ჭანო

- რას ურჩევ შენს თანატოლ და უმცროს კოლეგებს, რომლებიც საქართველოში თამაშობენ.

- მარტო ნიჭით არაფერი გამოუვათ, ბევრი უნდა ივარჯიშონ და არ დაიზარონ. კარგი ფეხბურთელი რომ გახდე, ბევრი უნდა იშრომო, გასართობი კი გვერდზე უნდა

გადადო.

- რატომ გერიდება ხოლმე კარში დარტყმა. ასეთი მორცხვი და თავმდაბალი ხარ.

- ბოლო თამაშებს თუ ავიღებთ, არცთუ იშვიათად ვურტყამ კარში. მორიდება რა შუაშია - ვიცი, რომ ისეთი დარტყმა არ მაქვს, კარის ძელი "მოვგლიჯო". ამიტომ უფრო პასს ვამჯობინებ ხოლმე.

- საქველმოქმედო აქციის მოწყობაზე ხომ არ გიფიქრია. და თუ გიფიქრია, რის გამო ვერ ახერხებ განხორციელებას.

- ცოტა უცნაური კითხვაა... მე ჯერ არ მაქვს იმდენი ფული, რომ მაგის გაკეთება შემეძლოს. მომავალში რა იქნება, არავინ იცის.

- ვინ არის შენი მთავარი კონკურენტი გუნდში. იქნებ, დააკონკრეტო...

- სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ. ისე კი, კონკურენცია ყველა გუნდშია და, ცხადია, ასეც უნდა იყოს.

- როგორ უგებ თანაგუნდელებს მოედნის მიღმა - ვისთან მეგობრობ და ვისთან გიჭირს ურთიერთობა.

- "შალკეში" მხოლოდ პერუელ თანაგუნდელთან ვმეგობრობ. გერმანელებთან ურთიერთობა ძნელია - ისინი თავს დიდად არ იწუხებენ, რათა დაგიმეგობრდნენ. ხომ შეიძლებოდა, ადაპტაციაში მომხმარებოდნენ, მაგრამ... საქართველოს ნაკრებში კი ყველასთან ვმეგობრობ, ისინი ბიძაჩემის, გიორგი კიკნაძის მეგობრები იყვნენ და, ცხადია, მეც შინაურულად ვარ მათთან.

მერაბი

- რა მიგაჩნია შენს მინუსად.

- ბავშვობაში სირბილი მიჭირდა და ახლა ვანაზღაურებ ნელ-ნელა. და კიდევ: მარჯვენა ფეხით ვერ ვთამაშობ სათანადოდ.

გიგი

- შენი აზრით, პირველ რიგში რა არის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი და რა უნდა გამოსწორდეს სიტუაცია.

- არ ვიცი... მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა... თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდის, მაგრამ გავდივართ მინდორზე და ყველაფერი იშლება.

დავით ბერაძე

- თუ გრძნობ, რომ ქართველ გულშემატკივრებს ძალიან უყვარხარ და შენი განსაკუთრებული იმედი აქვთ.

- როგორ არა... მეც, რაც შემიძლია, გულსა და სულს ვდებ თამაშში და ჩემს თავს არ ვაძლევ მატჩის ჩაგდების უფლებას.

ელენე

- 90-იანების თაობის რომელი ქართველი ფეხბურთელი იყო შენი კერპი.

- ქინქლაძეზე უკვე ვთქვი... ასევე, ძმები არველაძეები, გოჩა ჯამარაული, გიორგი კიკნაძე... სხვებიც შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ ბევრის თამაში მაინცდამაინც არ მახსოვს...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com