|
|
"სარბიელი"
ამერი ბორჯომს გაუფრთხილდა
კობა ინასარიძე
თბილისურმა "ამერმა" წინა ტურში უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატ "მერანს" სტუმრად გამოუყვანა წირვა და გუშინ კიდევ ერთი აუტსაიდერი ცხინვალის "სპარტაკი" დატოვა უშანსოდ. ადრეც ვთქვით, რომ "ყვითლებს" ჩემპიონატში ყველაფერი გარკვეული აქვთ და თასისთვის იბრძვიან, აი, მათი მეტოქეებისთვის კი თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, და ამიტომაც, ამერელებს ჯერ "მერანი" გაუძალიანდა დაახლოებით ნახევარი საათი, გუშინ - "სპარტაკი". "მერანი" გლდანელებს აგრესიულად დაუხვდა და დასაწყისში ერთი-ორი საგოლე მომენტიც შექმნა, ხოლო ცხინვალელებმა ფრთხილად დაიწყეს და, ცხადია, მასპინძელთა მეკარესა და მცველებს თავიდან ბევრი საქმეც არ ჰქონიათ. გასაკვირიც რა იყო, "სპარტაკი" საკუთარ კარზე უფრო ფიქრობდა, "ამერთან" ეგებ ფრეს მაინც გამორჩენოდა. დასაწყისში მაინცდამაინც არც "ყვითლებს" გამოუდიათ თავი. ბურთი მეტწილად მოედნის შუაში დაგორავდა და ეს ყველაფერი ცოტა მოსაწყენიც იყო. მერე კი ნელ-ნელა ფეხბურთელები, უფრო ამერელები, იშტაზე მოვიდნენ, ტემპმაც იმატა და საინტერესო ეპიზოდებმაც. გოლიც სწორედ დროის ამ მონაკვეთში ვნახეთ, 34-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან კობა შალამბერიძემ, როგორც იტყვიან, თავზე დაასვა ბურთი საჯარიმოში მყოფ რევაზ გოცირიძეს, მანაც მყის შეაფასა ვითარება და მაქსიმე ქვილითაიას აუღებლად დაურტყა - 1:0. შალამბერიძემ იგივე მომდევნო შეტევის დროსაც გააკეთა, მაგრამ სულიკო დავითაშვილს მეკარემ აღარ გაატანინა. საპასუხოდ "ამერს" მამუკა ღონღაძე დაემუქრა, ის კართან ახლოს საგოლედ ჩინებულ პოზიციაში დარჩა, მაგრამ ხეირიანად დარტყმა ვეღარ შეძლო. მალევე გიორგი დეკანოსიძე იყო მიზანთან ახლოს. მან წინგამოსული მეკარე შენიშნა და შორიდან სცადა გოლის გატანა, მაგრამ ოდნავ ძლიერად მოუვიდა და ბურთი ხარიხას მოხვდა, ირაკლი ძარიასაც გაუცუდდა ერთი კარგი მომენტი და... ტაიმის ბოლოსწინა წუთზე დენის დობროვოლსკის ულამაზესი გოლიც ვნახეთ - კარიდან დაახლოებით 25 მეტრში მან მეტოქეს ბურთი თავზე გადაატარა, მეკარეს ახედა და ბურთს ისეთი ამოსცხო, ქვილითაიას მოგერიების შანსი არ დაუტოვა. საქმე უკვე გაკეთებული იყო, შესვენებამაც მალე მოატანა. მეორე ტაიმში მოედანზე ბევრი საინტერესო არაფერი მომხდარა, "ამერმა" კარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა და არც თამაში გაუმწვავებიათ. "ამერს" წინ თასის ნახევარფინალი აქვს და იქნებ ამიტომაც ცხინვალელთა ძლევას ძალები ბოლომდე არ შეალია. მიუხედავად ამისა, "ყვითლებს" გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგალითად, მაშინ, როცა გივი დიდავამ დაურტყა ქვილითაიას და სტუმრები მეკარის ჩინებულმა თამაშმა იხსნა. მოკლედ, "ამერმა" მნიშვნელოვანი მატჩის წინ კარგი განწყობა ყოველგვარი გართულებებისა და ჯახა-ჯუხის გარეშე შეიქმნა და მორიგი სამი ქულაც მიითვალა. "სპარტაკის" ამბები კი მალე გაირკვევა - ცხინვალელებს, რომლებსაც გუშინ დიმიტრი სანაკოევიც ახლდა, წინ ურთულესი მატჩები ელით.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |