"სარბიელი"
# 76
შაბათი, 5 აპრილი, 2008 წელი

ბეჩაყირამალა

ნუკრი ლოლაძე 

ზესტაფონიდან

"ზესტაფონი", რა თქმა უნდა, ფავორიტი იყო, თუმცა მატჩი ისე წარიმართა, ვერავინ იტყოდა, იმერლებმა მეტოქე დაჩაგრესო.

მე-15 წუთზე ჟილვან ვიერამ კუთხური ჩააწოდა, ეტიენ ბიტოომ თავური დაჰკრა, ბურთი მიხეილ კობაურს მოხვდა და არბიტრმა გიორგი ვადაჭოკრიამ ხელით თამაშისთვის პენალტი დანიშნა. ბოლნისელებმა კი გააპროტესტეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა რას გახდებოდნენ...

პენალტი ვიეირამ აქცია გოლად და სიხარული ყირამალებით გამოხატა.

ხუთ წუთში "სიონი" კაცნაკლული დარჩა - ლაისმენმა დავით სანოძემ მთავარი მსაჯი მიიხმო და რაღაც უთხრა, ვადაჭკორიამ მყისვე წითელი ბარათი გააძრო და გიორგი კვიტაიშვილს აუფრიალა.

ნამატჩევს სანოძე ამტკიცებდა, შემაგინაო, კვიტაიშვილი კი ამას უარყოფდა, მაგრამ აქ მტყუან-მართლის გარკვევას ვეღარ დავიწყებთ...

მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონელები მოედანზე მეტნი იყვნენ, სახეიროს ვერაფერს ქმნიდნენ. გიორგი ყიფშიძის შეგირდები მასპინძლებს არაფერს უთმობდნენ და 39-ე წუთზე უმცირესობაში მყოფებმა გოლიც გაიტანეს - ერიკ რომეო ჩასემმა ბურთი ზურაბ ავალიანს გადააწოდა, მან კი ლევან ბაჯელიძე მოძებნა, ბოლნისელთა კაპიტანმა ერთი მცველი ჩამოიცილა და ისეთი ამოსცხო, გიორგი ჭანტურიამ თვალის გაყოლებაღა მოასწრო.

ზესტაფონელმა ქომაგმა ლევან ბაჯელიძეს ტაშიც დაუკრა, რაც საქართველოში იშვიათობაა - ჩვენში ხშირად ამოუხსნელ მიზეზთა გამო სტუმარ ფეხბურთელებს აგინებენ.

ბოლნისელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა...

ნიკა კვასხვაძის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ეტიენ ბიტოო გამოეხმაურა და ერთი შეხებით გაუტანა მინდია ბობღიაშვილს.

მეორე ტაიმში "ზესტაფონს" რეალური საგოლე შანსი აღარ მისცემია, ძირითადად შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

მატჩის მიწურულს მოედანზე ზურაბ იონანიძე შევიდა და ალექსი ბენაშვილის გადაცემის შემდეგ მორიგი გოლი გაიტანა ეროვნულ ჩემპიონატში - 3:1.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com