|
|
"სარბიელი"
ფრანგული უარი საქართველოს: არც ნატოს სამოქმედო პროგრამა და არც მორაგბეები სარუსეთოდ
ბაჩო სვანიძე
რუსეთთან მატჩამდე ექვსი დღეღა რჩება და საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ტიმ ლეინს პრობლემები არ ელევა. რაც ლეინი ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, მიჯრით ოთხი მატჩი ულაპარაკოდ კი მოიგო, მათ შორის, რუმინეთთან, მაგრამ ოპტიმალური შემადგენლობა ერთხელაც არ ჰყოლია. დათქმული იყო, რომ 12 აპრილს, შუაგულ ციმბირში, კრასნოიარსკში ნაკრების ყველა ძირითადი რაზმელი შეიკრიბებოდა, მაგრამ ფრანგული კლუბების თავნებობას საზღვარი არ აქვს. არადა, კრასნოიარსკში 2007-08 წლების ერთა თასის ფინალის ტოლფასი მატჩია და იმასაც თუ ვიტყვით, ჩვენს და რუსეთს შორის რაგინდარა შეხვედრა თამაშზე მეტიაო, არც აქ გადავაჭარბებთ. ლეინმა სარუსეთო 23-კაცა რაზმი ოთხი დღის წინ ჩამოწერა, მაგრამ ორ დღეში იძულებითი ცვლილებების გაკეთება მოუწია. თუმცა ამას ცვლილებას ვერ დავარქმევთ, რადგან შემადგენლობა 22 კაცამდე შემცირდა. ფრანგულმა "კლერმონმა" სანაკრებოდ არ გაათავისუფლა ჩვენების შერკინების ბურჯი დავით ზერაქიშვილი, აქაოდა, ბევრი ტრავმირებული მყავს და ბურჯის გარეშე ვრჩებიო. ლეინმა "ზირაქას" ნაცვლად "აჟენის" ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი ეგულებოდა, მაგრამ მასაც ტრავმა აღმოაჩნდა. ფრანგთა სიჯიუტის მიზეზით რუსეთთან ვერ ითამაშებს "მონ დე მარსინის" მოიერიშე და მელელოვე ირაკლი მაჩხანელი, ხოლო გია ლაბაძეს, მალხაზ ურჯუკაშვილს, ირაკლი გიორგაძეს და ბესიკ ხამაშურიძეს ტრავმები აქვთ. ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრები რუსეთთან საომრად გვარიანიად შესუსტებული შემადგენლობით და ზუსტად იმდენი მორაგბით მიდის, რამდენიც მატჩის განაცხადში უნდა მოხვდეს. არადა, ასეთ დროს ერთით ზედმეტი მორაგბე მიჰყავთ ხოლმე - ვინიცობაა, შეკრებაზე ვინმემ ტრავმა მიიღოს ან მწვრთნელმა შეცვალოს რამე. საქართველოს ნაკრები ამ დილით თბილისი-კიევი-მოსკოვი-კრასნოიარსკის მარშრუტით გაფრინდა. ქართველები ციმბირში ხვალიდან დაიწყებენ ხუთდღიან შეკრებას. მატჩი ციმბირული დროით 15 საათზე, ჩვენი დროით კი ზუსტად შუადღისას, 12 საათზე დაიწყება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |